ამბოსელის ეროვნული პარკი

ამბოსელის ეროვნული პარკი (Amboseli National Park, ყოფილი მაასაი ამბოსელის ნადირთა ნაკრძალი - Maasai Amboseli Game Reserve), მდებარეობს კაჯიადოს ოლქში, რიფტ-ველის პროვინცია, კენია. პარკს უჭირავს 39,206 ჰექტარი (392 კმ²)[1] ეკოსისტემის გულში, რომელიც სულ 8000 კვ. კმ-ზეა გადაჭიმული და მოიცავს კენია-ტანზანიის საზღვარს. ადგილობრივი მცხოვრებლები ძირითადად მაასაის ხალხია, თუმცა წარმატებული ტურიზმის შედეგად აქ ქვეყნის სხვა კუთხეებიდანაც გადმოსახლდა ხალხი. ჭაობების ქსელი ამ მცირენალექიან არემარეში მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გარემოს ქმნის გარეულ ცხოველებსა და ფრინველებზე დასაკვირვებლად. პარკი იცავს ხუთი მთავარი ჭაობიდან ორს და მოიცავს დამშრალ პლეისტოცენის ტბასა და ნახევრად არიდულ ვეგეტაციას.

ამბოსელის პარკი კილიმანჯაროს ფონზე
სპილოები ბალახობენ ამბოსელის ჭაობში, კილიმანჯაროს სიახლოვეს.

დედაქალაქ ნაირობიდან სამხრეთით 140 კმ-ში მდებარე ამბოსელის ეროვნული პარკი მეორე ყველაზე პოპულარული პარკია კენიაში მასაი-მარას შემდეგ. ამ ადგილის მონახულება ადვილია შაბათ-კვირის განმავლობაში.

1883 წელს ჯოზეფ ტომპსონი იყო პირველი ევროპელი, რომელმაც გაბედა საშიშ მაასაის რეგიონში სახელად "ემპუსელი" (ნიშნავს მარილიან, მტვრიან ადგილს მაას ენაზე) შეღწევა. ის გაოცებული დარჩა გარეულ ცხოველთა ფანტასტიკური ნაირფეროვნებით და არიდულ ადგილებსა და ჭაობების ოაზისებს შორის წარმოქმნილი კონტრასტით, რაც დღემდეა შენარჩუნებული.

ამბოსელი შენარჩუნებულ იქნა როგორც "სამხრეთის რეზერვი" მაასაის ხალხისთვის 1906 წელს, თუმცა ადგილობრივ კონტროლს დაუბრუნდა 1948 წელს, როგორც ნადირთა რეზერვი. 1974 წელს ეროვნული პარკის სტატუსი მიენიჭა უნიკალური ეკოსისტემის გულის დასაცავად, ხოლო 1991 წლიდან იუნესკოს მიერ ბიოსფეროს რეზერვის სტატუსი აქვს.

პარკის შემოსავალი 2005 წელს $3,5 მილიონი იყო. 2005 წლის 29 სექტემბერს კენიის პრეზიდენტმა მვაი კიბაკიმ გამოაცხადა, რომ პარკის კონტროლი კენიის ფლორა-ფაუნის სამსახურიდან ადგილობრი მაასაის ტომს უნდა გადასცემოდა. ზოგიერთი დამკვირვებლის აზრით ეს პოლიტიკური ნაბიჯი ადგილობრივი ხმების მოგების მიზნით გაკეთდა ახალი კონსტიტუციის მისაღებად და ეს გადაწყვეტილება დღემდე სასამართლოს განხილვის საგანია.

პარკი განთქმულია, როგორც საუკეთესო ადგილი აფრიკაში თავისუფლად მომთაბარე სპილოებთან მიახლოების შესაძლებლობით.[2] ამ ადგილის კიდევ ერთი თვალშისაცემი მომხიბვლელობა მთა კილიმანჯაროს სიახლოვეა, რაც მსოფლიოში უდიდესი ცალკემდგომი მთაა.

ამბოსელის პარკს საკუთარი მცირე აეროპორტი აქვს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. World Database on Protected Areas: Amboseli Nationalpark. sea.unep-wcmc.org. ციტირების თარიღი: 2008-07-28.[მკვდარი ბმული]
  2. ATE. elephanttrust.org. ციტირების თარიღი: 2008-03-17.