ალმურა თეთრი, თეთრი ყურძენიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი სასუფრე ვაზის ჯიში აჭარიდან.

ალმურა გავრცელებულია ზემო აჭარაში, სოფელ ალმეს მიდამოებში და აქედან წარმოიშვა მისი სახელწოდებაც.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საკმაოდ დიდი ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, ხშირად სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე შეუბუსავია. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი დიდი ან ძალიან დიდი ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, დატოტვილი, თხელი ან საშუალო სიკუმსის. მარცვალი მსხვილი ან ძალიან მსხვილია. ოვალური, ღია მწვანე, მოყვითალო ელფერით. კანი საკმაოდ სქელი და მკვრივი აქვს. რბილობი ხორციანი და კნატუნაა, ტკბილი და სასიამოვნო გემოთი. ამ ჯიშისთვის დამახასიათებელია მტევანში განუვითარებელი (პართენოკარპიული) მარცვლების გარკვეული რაოდენობა.

ალმურა თეთრი ძლიერი ზრდისაა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის მეორე ნახევრიდან შედის. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 150-160 დღეა. მტევნის წონა 400-1200 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა — 14.0-16.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 15-16%-ს, ხოლო მჟავიანობა — 5.8 გ/ლ-ს.

ჯიში გამოირჩევა ლამაზი მტევნითა და მარცვლით. სასიამოვნო გემოთი და ტრანსპორტირების კარგი უნარით. გამოიყენება სასუფრე ყურძნად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 29