ალექსანდრე დიდებულიძე (ელექტრომექანიკოსი)

ალექსანდრე კონსტანტინეს ძე დიდებულიძე (დ. 30 სექტემბერი, 1944, თბილისი) — ქართველი ელექტრომექანიკოსი. საქართველოს მეცნიერებათა აკადმიის წევრ-კორესპონდენტი (1997), ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1991), პროფესორი (1992), საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი (1995).

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი (1966). 1967–1968 წლებში მუშაობდა იქვე, 1968–1974 წლებში — საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, 1974-2013 წლებში — საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში (ახლანდ. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი), სადაც 1989-2005 წლებში ხელმძღვანელობდა ელექტროტექნიკისა და ელექტროამძრავის კათედრას, იყო სრული პროფესორი (2006-2013). 2001-2004 წლებში დიდებულიძე იყო უფროსი ანალიტიკოსი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტებში, 2004-2008 წლებში — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე და საპარლამენტო მდივანი, 2013 წლიდან — საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის აღმასრულებელი მდივანი. დიდებულიძის სამეცნიერო შრომები ეხება სოფლის მეურნეობის და ელექტრომექანიკის პრობლემებს — სპეციალურ ელექტრიფიცირებულ სატრანსპორტო-ტექნოლოლოგიურ მოწყობილობებს, ელექტროდანადგარების ექსპლუატაციას. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999).

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • Корни грузинской науки : [Краткий обзор истории формирования груз. науки, ее истоков этапов развития] (თანაავტორი). - Тбилиси, Изд-во Груз. Нац. АН, 2016. - 72с.. - ISBN: 9789941085871
  • გამოყენებითი ბიომეცნიერებები: ინტელექტუალური საკუთრება, კანონმდებლობა და კომერციალიზაცია : [დამხმ. სახელმძღვ.] (ავტორი). - თბილისი, 2012. - 120გვ.. - ISBN: 9789941042928
  • ენერგეტიკის სექტორი საქართველოში (ავტორი). - თბილისი, 1998. - 83გვ.
  • სოფლის მეურნეობის განვითარება საქართველოში: პრობლემები და პერსპექტივები (ავტორი). - თბილისი, გაერთ. ერების განვითარების პროგრამა-საქართველო, 1997. - 85გვ.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება