ალექსანდრეს პარკი (ცარსკოე-სელო)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ალექსანდრეს პარკი.

ალექსანდრეს პარკი (რუს. Александровский парк) — პარკი ცარსკოე-სელოს სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე. მდებარეობს ქალაქ პუშკინში, სანქტ-პეტერბურგი. XVIII-XIX საუკუნის არქიტექტურის ძეგლი. ალექსანდრეს პარკი იყოფა ორ ნაწილად ახალი ბაღი და პეიზაჟური ბაღი.

პარკის ფართობია 200 ჰა. იგი შედის იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სანქტ-პეტერბურგის ისტორიული ცენტრი და მასთან დაკავშირებული ძეგლთა კომპლექსების შემადგენლობაში.

შვედურ პერიოდში (1609-1702 წწ.) ალექსანდრეს პარკის ტერიტორიაზე არსებობდა შვედი მაგნატის აგარაკი „სარსკაია“. ეს იყო მცირე აგარაკი, რომელიც შედგებოდა ხის სახლის, სამეურნეო ნაგებობისა და მასზე მიბმული ბაღისაგან. ისტორიულ წყაროებში აღნიშნუი სამფლობელო მოიხსენიება 1501 წელს. ბორის გოდუნოვისათვის შედგენილ რუკაზე მას „სარიცა“ ეწოდება. მოგვიანებით კი რუსულის გავლენით ეწოდა „საარის სოფელი“ (რუს. Саарское село), საბოლოოდ კი ცარსკოე-სელო[1].

შვედების განდევნის შემდეგ პეტრე I-მა ეს მიწა აჩუქა ალექსანდრე მენშიკოვს, ხოლო მოგვიანებით საარის მიზა აჩუქა მარტა სკავრონსკაიას, რომელიც შემდეგ მისი მეუღლე გახდა ეკატერინე ალექსის ასულის სახელით. 1718-1724 წლებში აქ ააშენეს მცირე ორსართულიანი სასახლე იოჰან ბრაუნშტეინის პროექტის მიხედვით.

ელისაბედ I-ის მეფობის პერიოდში ცარსკოე-სელო გახდა იმპერატორის რეზიდენცია. 1740-1750 წლებში, ეკატერინე I-ის მოკრძალებული სასახლე მდიდარ საზაფხულო რეზიდენციად გადააკეთეს.

1792 წელს არიქიტექტორი დ. კვარნეგი აგრძელებდა სასახლის მშენებლობას, რომელსაც შემდეგ ალექსანდრეს სასახლე ეწოდა.

1918 წელს, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ სასახლეებისა და პარკების კომპლექსის ნაციონალიზაცია მოხდა. მასში განათავსეს მუზეუმი. 1918 წლის 9 ივნისს ეკატერინეს სასახლე გაიხსნა დამთვალიერებლებისათვის. 1919 წლის განმავლობაში მუზეუმს ესტუმრა 64 ათასი ადამიანი, ხოლო 1920 წლის მხოლოდ ზაფხულში კი 56 ათასი ადამიანი[2].

მეორე მსოფლიო ომის დროს დაზიანდა არა მხოლოდ სასახლე, არამედ პარკის პავილიონების უმრავლესობა, ძეგლები, ხიდები და ღობეები. მათი აღდგენა ჯერ კიდევ ომის წლებში დაიწყო. 1946 წელს ალექსანდრეს პარკი გაიხსნა ვიზიტორებისათვის. 1983 წელს სასახლეებისა და პარკების ანსამბლმა მიიღო მუზეუმ-ნაკრძალის სტატუსი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Шварц В. Пригороды Ленинграда. — Л.; М.: Искусство, 1967. — С. 123-189.
  2. Петров А.Н. Город Пушкин. Дворцы и парки. — Л.: Искусство, 1977. — С. 5—34.