ალახაძის ეკლესიების კომპლექსი
ალახაძის ეკლესიების კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლების კომპლექსი გაგრის მუნიციპალიტეტის სოფელ ალახაძიში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, საქართველო. მდებარეობს აჰაშინხის ბორცვზე. არქიტექტურულ კომპლექსში შედის პატარა სამნავიანი და სამაფსიდიანი ეკლესია, და მეორე, დიდი სამნავიანი ბაზილიკა შვიდწახნაგოვანი აფსიდით.
დიდი ტაძრიდან კარგად შემორჩა სამხრეთის და დასავლეთის კედლების ფრაგმენტები. ტაძარი აგებულია კირქვის ბლოკების, აგურის ოთხფენიანი სარტყლისა და ქვიშაქვის ფილების რიგების მონაცვლეობით. საკურთხეველი დიდი ზომით გამოირჩევა, დარბაზი გაყოფილია სამ ნავად სვეტების ორი რიგით. მის ჩრდილო-დასავლეთით, ხუთ მეტრზე არის პატარა ეკლესიის ნანგრევები. ისიც აგებულია მოთეთრო ფერის კირქვის კვადრებით, გამოყენებულია აგრეთვე დამუშავებული ქვიშაქვის ბრტყელი მასიური ფილები, აგრეთვე ადგილზე დამზადებული ბრტყელი აგური, გამოყენებულია რიყის ქვაც. ეკლესიების გადასახურავად გამოყენებულია ორი სახის კრამიტი, ბრტყელი და ღაროვანი (კალიპტერები). ეკლესიები თარიღდება IV-VI საუკუნეებით, მაგრამ სამშენებლო მასალის ერთგვაროვნების მიუხედავად ძნელია მსჯელობა მათ სინქრონულობაზე. წერილობით წყაროებში არ იხსენიება.
ამჟამად ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ეკლესიის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია.
ლიტერატურა
რედაქტირება- Адзинба И. Е., Архитектурные памятники Абхазии, Сухуми, 1958
- Агрба З. В., Раскопки раннесредневековой базилики в селе Алахадзы Гагрского района, „მაცნე“, ისტორიის არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის, ხელოვნების ისტორიის სერია, 1972, # 3