აკუშოს კოპალას ჯვარი
აკუშოს კოპალას ჯვარი — კომპლექსი, საკულტო ძეგლი, მდებარეობს სოფელ აკუშოს ზომოთ, მთის ფერდობზე.
ძეგლის აღწერა
რედაქტირებაკომპლექსში შედის დარბაზი, საკოდე, საქვაბე, ბეღელი და სამი „კოშკი“.
დარბაზი სიპი ქვით ნაგები, გეგმით ოთხკუთხა შენობაა. შესასვლელი ჩრდილო-დასავლეთიდან აქვს. იატაკი მიწითაა მოტკეპნილი. აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ კედლების გაყოლებაზე ფიცრის სკამებია. შუაში ყვერფ-კერაა, რომლის ზემოც საკვამლეა. აღმოსავლეთ კედელზე სიპი ქვის თაროა. თაროს ზემოთ კედელში დატანებულია ორი პატარა თახჩა. სათავსი ნათდება სამხრეთ კედელში გაჭრილი მცირე ზომის სარკმლით. გადახურულია თუნუქის ორფერდა სახურავით.
საკოდე ნაგებობის ჩრდილოეთ ნაწილშია. მცირე ზომის, ოთხკუთხა სათავსი, რომელიც დარბაზისაგან, კედლითაა გამიჯნული.
საქვაბე რიყის ქვის მშრალი წყობით ნაგები, გეგმით წაგრძელებული ოთხლუთხედის ფორმის ნაგებობაა. შესასვლელი სამხრეთ-დასავლეთიდან აქვს. იატაკი მიწითაა მოტკეპნილი. სათავსის შუაში ჭერის გასამაგრებლად ხის ბოძი დგას, ჩდილო-აღმოსავლეთ კუთხეში სალუდე ქვაბისათვის ქურაა მოწყობილი. გადახურულია ბრტყელი, ბანური სახურავით.
ბეღელი ნატეხი ქვით ნაგები, გეგმით კვადრატული ფორმის სათავსია. კედლები გარედან კირითაა შელესილი. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი დაბალია, სწორკუთხა, იატაკი სიპითაა მოკირწყლული. შიდა სივრცე დასრულებულია გუმბათოვანი კამარით. სახურავი საფეხუროვანი პირამიდის ფორმისაა, რომლის წვერზე დადგმულია თეთრი, მომრგვალებული დიდი ქვა.
„კოშკები“ ყრუ მასივებია, ისინი ერთმანეთისაგან რამდენიმე ნაბიჯითაა დაშორებული მათ შორის ერთი, „დროშის საბრძანისია“, რომელიც დგას ბეღლის უკან, ჩრდილოეთით. იგი გეგმით ოთხკუთხაა, ნაგებია ფიქლით, მშრალად. სამხრეთით კვადრატული ნიში აქვს.
მეორე „კოშკი“ ბეღლის სამხრეთ-აღმოსავლეთითაა. დასრულებულია პირამიდის ფორმის რვასაფეხურიანი სახურავით. სამხრეთ კედლის ქვედა ნაწილში მოწყობილია მცირე ზომის ნიში.
მესამე „კოშკიც“ გეგმით ოთხკუთხაა და პირამიდული სახურავითაა დასრულებული.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 201.