ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

აკონტიოსი (ბერძნ. Άκόντιος) — ერთ-ერთი დელოსური ლეგენდის გმირი, რომელიც ცნობილი იყო დიდი სიმდიდრითა და სილამაზით. მას შეუყვარდა ათენელი ქალიშვილი კიდიპე. დიდხანს უტრიალა აკონტიოსმა კიდიპეს, მაგრამ მიუხედავად მრავალი დადებითი თვისებისა, ქალი მაინც ვერ დაითანხმა. ბოლოს აკონტიოსმა ასეთი ხერხი იხმარა: ერთხელ, როდესაც კიდიპე არტემიდეს ტაძარში ლოცულობდა, აკონტიოსმა, რაკი იცოდა, რომ ღმერთქალის ტაძარში წარმოთქმული ფიცი უცილობლად უნდა შესრულებულიყო, კიდიპეს წინ ფარულად დააგდო ოქროს ვაშლი წარწერით: "ფიცს ვდებ, რომ ცოლად გავყვები მხოლოდ და მხოლოდ აკონტიოსს". კიდიპემ ვაშლი აიღო და გულუბრყვილოდ ხმამაღლა წაიკითხა წარწერა. ქალმა რომ წარწერის შინაარსი გაიგო, განრისხდა და მაშინვე გადააგდო ვაშლი, მაგრამ უკვე ყველაფერი გვიან იყო — არტემიდეს ტაძარში წარმოთქმული ფიცი უნდა შესრულებულიყო. ეს ამბავი კიდიპეს არავისთვის გაუმხელია, მაგრამ როგორც კი გათხოვებას დააპირებდა, არტემიდეს სურვილის თანახმად ავად ხდებოდა. როდესაც ეს რამდენიმეჯერ განმეორდა და კიდიპეს მამამ არტემიდეს ტაძარში მომხდარი ისტორია გაიგო, ქალიშვილი აკონტიოსს მისცა.

თავისთავად ცხადია, რომ მითს საფუძვლად უდევს არტემიდეს ტაძრის უდიდესი ავტორიტეტი.


იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აკონტიოსი“-დან