აკაკი ასისთავი (გ. 303) — მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, მისი ხსენების დღე არის ძველი სტილით 7 მაისი, ახალი სტილით — 20 მაისი.

ცხოვრება

რედაქტირება

წმინდა მოწამე აკაკი დაიბადა კაბადოკიაში და იყო მარტისიის პოლკის ასისთავი. როდესაც იმპერატორ მაქსიმიან გალერიუსის (305-311) ბრძანებით დაიწყო ქრისტიანთა დევნა, მხედართმთავარმა თერმმა სათითაოდ დაკითხა თავისი ჯარისკაცები. წმინდა აკაკიმ მტკიცედ და საჯაროდ აღიარა ქრისტიანობა. თერმმა ის მთავარსარდალ ვივიანესთან გაგზავნა. ვივიანეს ბრძანებით წმინდა აკაკი სასტიკად აწამეს, შემდეგ მძიმე ბორკილები დაადეს და საკანში ჩაკეტეს. ცოტა ხნის შემდეგ მოწამე სხვა ქრისტიანებთან ერთად წაიყვანეს ბიზანტიაში. როდესაც ღამის გასათევად გაჩერდნენ, წმინდანმა მადლობა შესწირა უფალს წამებისათვის. ლოცვის დროს წმინდა მოწამეს ზეციდან ხმა მოესმა: „გაძლიერდი, აკაკი!“ ეს ხმა სხვა პატიმრებმაც გაიგონეს და ირწმუნეს ქრისტე.

ბიზანტიაში წმინდა მოწამეს მკაცრად ექცეოდნენ, სხვებს კი შედარებით უმსუბუქებდნენ მდგომარეობას. ღამით პატიმრებმა იხილეს, რომ წმინდანთან ნათლით მოსილი ჭაბუკები მოვიდნენ, წყლულები მობანეს და საჭმელი მოუტანეს. 7 დღის შემდეგ ვივიანემ კვლავ მოიხმო წმინდა აკაკი და როდესაც მისი სიცოცხლით სავსე სახე ნახა იფიქრა, რომ დარაჯს მოჰქონდა წმინდანთან საკვები, მოაყვანინა იგი და მკაცრად დაკითხა. ამაოდ ირწმუნებოდა დარაჯი თავის უდანაშაულობას: ვივიანემ მისი გაროზგვა ბრძანა. მაშინ წმინდა აკაკიმ თვითონ უპასუხა ჯალათს: „სიმტკიცე და ძალა უფალმა იესო ქრისტემ მომცა, მანვე განკურნა ჩემი წყლულები“. გამძვინვარებულმა ვივიანემ სასტიკად ცემა წმინდანი და შემდგომი წამებისთვის გაუგზავნა მმართველ ფლაკინს, რომელმაც დაუფიქრებლად მოჰკვეთა თავი ქრისტეს აღმსარებელს.

წმინდა კონსტანტინე დიდის დროს წმინდანის წმინდა ნაწილები განისვენებდა კონსტანტინოპოლში, მოგვიანებით იგი გადაასვენეს კალაბრიაში, ქალაქ სიცილიაში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • წმიდანთა ცხოვრება, ტომი II, თბილისი, 2001 წ.