აინალი-კავაკის კონვენცია

აინალი-კავაკის კონვენცია ან 1779 წლის კონსტანტინოპოლის კონვენცია — შეთანხმება, რომელიც 1779 წლის 10 (21) მარტს რუსეთის იმპერიისა და ოსმალეთის იმპერიის წარმომადგენლების მიერ აინალი კავაკის სასულთნო სასახლეში ბოსფორის სრუტის სანაპიროზე დაიდო. ეძღვნება ძირითადად ყირიმის პრობლემას.

1774 წლის ქუჩუკ-კაინარჯის ზავი სუსტი აღმოჩნდა. ოსმალეთის იმპერია, ხელშეკრულების პირობებს ეყრდნობოდა, ცდილობდა სხვადასხვა საშუალებებით გაეცნობიერებინა თავისი ინტერესები ყირიმთან მიმართებაში. თავის მხრივ რუსეთის იმპერიამ, ასევე ხელშეკრულებაზე დაყრდნობით, საბოლოოდ განდევნა ოსმალეთის იმპერია ყირიმიდან. რუსეთის იმპერიასა და ოსმალეთის იმპერიას შორის მეტოქეობა გამძაფრდა. რუსეთ-თურქეთის ახალი ფართომასშტაბიანი ომის ალბათობა სულ უფრო რეალური ხდებოდა. ოსმალეთის იმპერიის სერიოზული შიდა სირთულეებით რუსეთის იმპერია ისარგებლა. რუსულმა დიპლომატიამ საფრანგეთის სამეფოსა და სტამბოლში ელჩის აქტიური დახმარებით, ოსმალეთის იმპერიასთან მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა.

კონვენციის პირობები საკითხთა ფართო სპექტრს მოიცავდა: ოსმალეთის იმპერიამ რუსულ სავაჭრო გემებს ნება დართო შავი ზღვის სრუტეებით (ბოსფორი და დარდანელი) ესარგებლა და იმდენი ტონის ტვირთი გაეტარებინა, რამდენის ინგლისური და ფრანგული ფლოტებისთვის იყო დასაშვები. კუჩუკ-კაინარჯის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელება დაეკისრა, რაც მოიაზრებდა ოსმალეთის იმპერიას ხელი არ შეეშლა ქრისტიანული რიტუალების შესრულებაში მოლდოვასა და ვლახეთის სამთავროში. ასევე სტამბოლში რუსეთის ელჩს უფლება მიეცა ამ ტერიტორიებზე თანამორწმუნეებისთვის შუამავლის უფლების მინიჭება.

ოსმალეთის იმპერიამ პირობა დადო, რომ გაათავისუფლებდა ზაპოროჟიეს კაზაკებს, რომლებიც ზაპოროჟიეს სიჩის (1775) განადგურების შემდეგ ოსმალეთის იმპერიაში გადავიდნებ, თუმცა ეკატერინე II-ის მიერ გამოცხადებული ამნისტიით სარგებლობა სურდათ და გადაესახლებინათ ისინი, ვინც ამნისტიაზე უარს აცხადებდა. რუსეთის იმპერიამ ყირიმის ხანი დაარწმუნა, ნებაყოფლობით დაეტოვებინა მიწები დნესტრს, სამხრეთ ბუგს, პოლონეთის საზღვარსა და შავ ზღვას შორის, გარდა იმ დასახლებებისა, რომლებიც ქმნიდნენ ოჩაკოვსკის ოლქს.

ოსმალეთის იმპერიამ რუსეთის იმპერიის პროტეჟე შაჰინ გირეი ყირიმის ხანად აღიარა და პირობა დადო, რომ არ მოითხოვდა ყირიმელი ხანების სამოქალაქო და პოლიტიკურ ძალაუფლებას „სულიერი კავშირისა და გავლენის“ საბაბით. რუსეთის იმპერია საპასუხოდ დათანხმდა, რომ ყირიმის ხანები არჩევის შემდეგ თავიანთ წარმომადგენლებს გაგზავნიდნენ სტამბოლში. ორივე მხარეს სამი თვის განმავლობაში უნდა გაეყვანა ჯარები ყირიმისა და ტამანის ნახევარკუნძულებიდან, ხოლო ყუბანიდან - სამი თვისა და 20 დღის შემდეგ.

აინალი-კავაკის კონვენციამ რყევი მშვიდობა იმპერიებს შორის განაახლა. თუმცა, ოსმალეთის იმპერიამ ყირიმში პოზიციების განმტკიცება გადაწყვიტა. ოსმალეთის იმპერიის ქმედებები რუსეთმა ქუჩუკ-კაინარჯის ზავის და აინალა-კავაქის კონვენციის პირობების დარღვევად შეაფასა და  ეკატერინე II-მ 1783 წლის 8 (19) აპრილის ბრძანებულებით ყირიმი რუსეთის იმპერიას შეუერთა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება