ათონის ივერთა მონასტერში ლათინებისაგან მოწყვეტილი ღირსმოწამეები

წმინდა ღირსმოწამენი, ათონის ივერთა მონასტერში ლათინთაგან მოწყვეტილნიქართველი წმინდანები, რომლებიც ლათინებმა ამოწყვიტეს XIII საუკუნეში ათონის ივერთა მონასტერში. ხსენების დღე 13 (ახ. სტ. 26) მაისი.

ქართველი ბერები ათონის მთაზე X საუკუნის ორმოცდაათიანი წლებიდან იწყებენ დასახლებას, XIII საუკუნეში კი იგი ჯვაროსანთა სათარეშო ასპარეზად იქცა.

პაპისტმა მხედრებმა 1259-1306 წლებში რამდენჯერმე მოაოხრეს იქაურობა. მართლმადიდებლური მრწამსის ერთგულებისთვის ამოწყვიტეს ზოგრაფის, ვათოპედის, პროტატის და სხვა სავანეთა ბერები. მათ რისხვას ვერც ივერთა მონასტერი გადაურჩა.

მხედრებმა ივერონელ ბერებს კათოლიკური სარწმუნოების მიღება და პაპის უზენაესობის აღიარება მოსთხოვეს, ბერებმა კი ეს მოთხოვნა უარყვეს. როგორც ათონური პატერიკი გვაუწყებს, პაპისტებმა ივერონელი ბერები ძალით გამოყარეს სავანიდან, მონასტრის გემზე დასხეს და ზღვაში ჩაძირეს, უფრო ახალგაზრდა და ჯან-ღონით სავსე ბერები კი, რომელთა უმეტესობაც ქართველი იყო, სამონასტრო ქონებასთან ერთად იტალიაში გაგზავნეს და იუდეველებს მიჰყიდეს მონებად.

ეს ამბავი ივერთა ლავრაში, ერთი ცნობით, 1259 წელს მომხდარა, სხვა წყაროების მოწმობით კი — სავარაუდოდ, 1276-1280 წლებში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • წმინდანთა ცხოვრება, ტომი II, თბ., 2003, გვ. 149

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება