აზერბაიჯანული საქორწილო ტრადიცია

აზერბაიჯანული საქორწილო ტრადიცია აზერბაიჯანელი ხალხის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საზეიმო ოჯახური ცერემონიაა. ის რთული და მრავალეტაპიანია, დაკავშირებულია მრავალი რიტუალის სავალდებულო შესრულებასთან. ძველი აზერბაიჯანული ქორწილი არის რიტუალების ციკლი, რომელიც დიდხანს გრძელდებოდა და მოითხოვდა მნიშვნელოვან მატერიალურ ხარჯებს.

აზიმ აზიმზადეს ნახატი "ქორწილი". 1930

თავად ქორწილი სამი ეტაპისგან შედგება: ქორწინებამდელი პერიოდი (მაჭანკლობა, ნიშნობა), ქორწილი და ქორწილის შემდგომი პერიოდი. აზერბაიჯანელი ხალხის საქორწინო ელემენტებმა გავლენა მოახდინა აზერბაიჯანში მცხოვრები სხვა ხალხების კულტურაზეც[1][2].

დაქორწინების შესახებ დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ფორმალური საქორწინო პროცედურა იწყება. მნიშვნელოვანია პატარძლის მშობლების წინასწარი თანხმობის მიღება („სიოზ ქესდი“)[3].

ქორწილის პირველი პირობაა ისეთი წეს-ჩვეულებები, როგორიცაა „ყიზ გიორმა“ ანუ საპატარძლოს ნახვა და მისი მოწონება. ამ ეტაპის მონაწილეები, როგორც წესი, ქალები არიან. ბიჭის უახლოესი ნათესავები, რომლებიც აპირებენ დაქორწინებას, იწყებენ ინფორმაციის შეგროვებას გოგონას, მისი მშობლების, მისი რჩეულის მთელი ოჯახის შესახებ[4].

მაჭანკლობა

რედაქტირება

საქმროს არჩევანის დამტკიცების შემდეგ, გოგონას სახლში მაჭანკლების გაგზავნის დღე ინიშნება.

მაჭანკლობაში მონაწილეობენ საქმროს ყველაზე პატივსაცემი, უფროსი ნათესავები და უარის მიღება მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება ამ ადამიანების პრესტიჟისთვის. წინასწარი თანხმობის მისაღებად, როგორც წესი, პატარძლის სახლში აგზავნიან საქმროს ერთ-ერთ ხანდაზმულ ნათესავს ან მის უფროს დას. ადრე ტრადიციის მიხედვით ბევრი უარის მიღების შემთხვევაში ოჯახი ეშვებოდა გოგონას, დროთა განმავლობაში ეს წესი მნიშვნელოვნად გამარტივდა. ამაში მთავარი როლი ითამაშა იმან, რომ მომავალი ცხოვრების პარტნიორის არჩევა ახალგაზრდებისთვის თანაბარ და პირად საქმედ იქცა[5].

მაჭანკლობის დღის დანიშვნისას ცდილობენ ეს დღე ერთ-ერთ წარმატებულ დღედ აქციონ, ანუ ცდილობენ ეს დღე იყოს სურვილების ასრულების დღედ. ძველი რწმენის თანახმად, ბიჭის სახლიდან გოგოს სახლში მიმავალ მაჭანკლებს ბნელი ძალები უერთდებოდნენ გზაში, ცდილობდნენ ხელი შეეშალათ კეთილი საქმის განხორციელებაში, ცდილობდნენ ისე გაეკეთბინათ, რომ მათთვის უარი ეთქვათ და უკან დაბრუნებულიყვნენ. აქედან გამომდინარე ხალხმა ნემსის მიმაგრება დაიწყო სახლის კარსა და მის მიმდებარე კედლებზე. ბოროტი ძალები, ნემსით შეშინებულნი, ვითომ, ვერ ბედავდნენ ამ სახლის ტერიტორიაზე გავლას და ვერ უერთდებოდნენ გოგონას სახლისკენ მიმავალ მაჭანკლებს[4].

მაჭანკლობა შეუცვლელი რიტუალია მაშინაც კი, თუ ახალგაზრდები თავად შეთანხმდნენ ერთმანეთთან ქორწინებაზე.

წარსულში აზერბაიჯანში გავრცელებული იყო პატარძლისთვის „ბაშლიღის“ გადახდის ჩვეულება. „ბაშლიღის“ გადახდა ქორწინებამდე ხდებოდა ნაღდი ფულით, ნივთებით ან პირუტყვით გოგონას მამისთვის. თუმცა ეს ჩვეულება აზერბაიჯანში ყველგან არ იყო გავრცელებული.

ნიშნობა და „ქებინის“ ტრადიცია

რედაქტირება

მაჭანკლობის ეტაპს ნიშნობის ცერემონია მოსდევს. მას შემდეგ, რაც გოგონას მშობლები (პირველ რიგში, მამა) თანახმა არიან გაათხოვონ მათი ქალიშვილი, პატარძლის სახლში საქმროს მხარე ახალ ნათესავებს ჩაით და ტკბილეულით უმასპინძლდება.

ნიშნობის შემდეგ და ქორწილამდე პერიოდი განსაკუთრებული პერიოდია ახალგაზრდების ცხოვრებაში. ადრე, თავად ამ ეტაპის პერიოდი საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო, ზოგჯერ რამდენიმე წლამდეც აღწევდა. ითვლება, რომ ეს გამოწვეული იყო მატერიალური სირთულეებით, რადგან ძვირადღირებული საქორწილო ღონისძიებებისთვის მომზადებისთვის დრო იყო საჭირო. მოგვიანებით ეს პერიოდი საგრძნობლად შემცირდა[5].

„ქებინი“ იგივე ქორწინების რეგისტრაცია ხდება ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე, ორივე მხარის მოწმეების მონაწილეობით. ყოველი გათხოვილი ქალის მიერ წარსულში საგულდაგულოდ შენახულ საქორწინო კონტრაქტში იწერებოდა გარანტირებული თანხა („მეჰრი“), ანუ გარანტია პატარძლის სასარგებლოდ განქორწინების ან ქმრის გარდაცვალების შემთხვევაში[6].

ქორწილი და შემდგომი პერიოდი

რედაქტირება

ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე იმართება ცერემონია სახლის მორთვის ცერემონია. ამ დღეს პატარძლის მზითევი გადააქვთ სიძის სახლში. ამ ჩვეულების მთავარი მიზანია ახალგაზრდა წყვილს მიაწოდოს ყველაფერი, რაც აუცილებელია ერთად ცხოვრების დასაწყებად. ამიტომ მზითვებში მთავარი ადგილი უკავია ავეჯს, ჭურჭელს, საყოფაცხოვრებო ნივთებს[7].

როგორც წესი, იმართება ორი ქორწილი - გოგოს მხარისა და ბიჭის მხარის. ქორწილში ჩვეულებრივ უკრავენ ტრადიციულ მუსიკას[5].

ქორწილის პირველი დღის საღამოს პატარძლის სახლში ტარდება „ხნის ცხების“ ცერემონია. მასზე მოწვეულნი არიან გოგონას ახლო მეგობრები და ნათესავები. საქმროს სახლიდან ახალგაზრდა ბიჭებისა და გოგოების ჯგუფი მუსიკოსებთან ერთად მოდიან გოგოს სახლში. საქმროს უახლოესი ნათესავები პატარძალს თითებზე ხნას უსვამენ და საჩუქრებს ჩუქნიან. პატარძლის ოჯახი ცერემონიის მონაწილეებს სადილით უმასპინძლდება.

„ხნის ცხების“ ღამეს, საქმრო მეჯვარეებთან ერთად, ჩვეულებისამებრ, მოდის პატარძლის სახლში „საქორწილო წილზე“ და მიაქვს ბატკანი ან ქათამი, სანაცვლოდ კი საჩუქრებსა და ფულს ტოვებს. ზოგჯერ მუსიკოსები პატარძლის სახლში რჩებიან და მხიარულება დილამდე გრძელდება[8].

ქორწილის მეორე დღეს დილით საქმროს სახლში ცეკვებია. ზოგიერთ სოფელში დღემდე შემორჩენილია ქორწილში ორთაბრძოლის მოწყობის ჩვეულება. პატარძლის ორივე ხელს ბრტყელი თეთრი ან წითელი სახოცით კრავენ, რომლის ქვეშაც იდება ფული, რომელსაც რძალ-საქმროს „იენგე“ ართმევს და საქორწინო ღამის წინა დღეს პატარძალს ხელებს უხსნის.

ქორწილიდან რამდენიმე დღეში ტარდება ცერემონია „უზე ჩიხდი“ (ხალხში გამოსვლა). წარსულში, ტრადიციის თანახმად, ახალგაზრდა რძალი ქორწილიდან ერთი თვის განმავლობაში არ ტოვებდა ეზოს, პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში კი ოთახიდან არ გამოდიოდა. ერთი კვირა არ ელაპარაკებოდა მამამთილსა და დედამთილს. „უზე ჩიხდის“ ცერემონიის შემდეგ მის სახლში იკრიბებიან პატარძლის (დედ-მამის გარეშე) და საქმროს უახლოესი ნათესავები, ულოცავენ ახალდაქორწინებულებს გაბედნიერებას, ჩუქნიან ძვირფას საჩუქრებს ან გადასცემენ ფულს[5]

თანამედროვე პერიოდი

რედაქტირება

მიუხედავად მნიშვნელოვანი ტრადიციონალიზმისა, ბოლო ათწლეულების განმავლობაში აზერბაიჯანულმა ქორწილმა გარკვეული ცვლილებები განიცადა. ამგვარად, ფართოდ გავრცელდა ახალგაზრდების ფოტო და ვიდეო გადაღება ქორწილის დღეს, თეთრი კაბის ჩაცმა. საგრძნობლად შერბილდა ახალგაზრდების ურთიერთობის წარმოჩენა ქორწილამდე. საქმროს და ზოგჯერ პატარძალს შეუძლიათ სტუმრებთან ერთად საქორწილო სუფრაზე დასხდნენ.  ყველა ეს ცვლილება განსაკუთრებით დინამიურია ქალაქურ ქორწილში. ასევე შემცირდა ქორწილის ხანგრძლივობა. თუ ადრე აზერბაიჯანული ქორწილი გრძელდებოდა 3-დან 7 დღემდე, დღეს ის ჩვეულებრივ იმართება ერთ დღეში[5][8].

  1. Toy adətləri
  2. Azərbaycan toy adətləri
  3. Из истории азербайджанских и туркменских свадебных обрядов
  4. 4.0 4.1 Н. В. Малышева, Н. Н. Волощук. Крым: соцветие национальных культур : традиции, обычаи, праздники, обряды. — Бизнес Информ, 2001. — С. 15
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 А. А. Аббасов. Образ жизни в новых городах Азербайджана. — Элм, 1987. — 199 с.
  6. Наргиз Кулиева. Свадебные обряды азербайджанцев // журнал : İRS.
  7. А. Г. Трофимова. Из истории семьи азербайджанцев Апшерона / Под ред. В. К. Гарданова. — Кавказский этнографический сборник: Наука, 1969. — Т. 4. — С. 192.
  8. 8.0 8.1 Milli toy adətlərimiz