ავტორიტეტისადმი მიკერძოება

ავტორიტეტისადმი მიკერძოება — მიდრეკილება უფრო მეტი წონა მიანიჭო ავტორიტეტის აზრს (მიუხედავად მისი შინაარსისა) და უფრო მეტად იყო მისი აზრის გავლენის ქვეშ.[1] ეს ცნება მიეკუთვნება ე.წ. სოციალურ კოგნიტურ მიკერძოებებს, ან კოლექტიურ კოგნიტურ მიკერძოებებს.[2] მილგრემის 1961 წლის კლასიკურმა ექსპერიმენტმა დაასაბუთა ამ მიკერძოების არსებობა.[3]

ადამიანებს, როგორც წესი, აქვთ ღრმად გამჯდარი მოვალეობის გრძნობა ავტორიტეტის მიმართ და მიდრეკილი არიან დაეთანხმონ ავტორიტეტული ფიგურის მოთხოვნას.[4] ზოგიერთი მეცნიერის განმარტებით, ადამიანები მოტივირებული არიან დაინახონ ავტორიტეტი, როგორც ღირსი თავისი პოზიციის და ეს ლეგიტიმაცია უბიძგებს ადამიანებს მიიღონ და დაემორჩილონ ავტორიტეტის გადაწყვეტილებებს.[2] სისტემის გამართლების თეორიის ფარგლებში ავტორიტეტისადმი მიკერძოების ფენომენი კავშირშია ადამიანების მოტივაციასთან სჯეროდეთ არსებული სოციალური სისტემის მდგრადობის, სტაბილურობისა და სამართლიანობის.[5]

ნებისმიერ საზოგადოებაში, მრავალფეროვანი და ფართოდ მიღებული ავტორიტეტის სისტემა დახვეწილი სტრუქტურების განვითარების საშუალებას იძლევა. როგორიცაა, მაგალითად, რესურსების წარმოება, ვაჭრობა და სოციალური კონტროლი. რადგან საპირისპირო არის ანარქია, ყველას ბავშვობიდან ასწავლიან სჯეროდეთ, რომ ავტორიტეტისადმი მორჩილება კარგია. ლეგიტიმური მმართველობისადმი მორჩილება და ლოიალურობა არის საერთო ღირებულება სკოლის, კანონის, სამხედრო და პოლიტიკური სისტემებისთვის. ლეგიტიმური ავტორიტეტის ფიგურისადმი მორჩილების მიკერძოების სიძლიერე გამომდინარეობს სისტემური სოციალიზაციის პრაქტიკებიდან, რომლებიც მიზნად ისახავენ ხალხში აზრის ჩანერგვას, რომ ასეთი მორჩილება სწორი ქცევაა. სხვადასხვა საზოგადოებებში ეს სხვადასხვა გვარად ხდება.[6] ასაკის მატებასთან ერთად ვსწავლობთ, რომ ჩვენთვის სასარგებლოა დავემორჩილოთ სარწმუნო ავტორიტეტული პირების ბრძანებებს, რადგან ასეთი ადამიანები, როგორც წესი, ფლობენ მეტ ცოდნას, სიბრძნესა და ძალაუფლებას. როგორც წესი, ჩვენ იმას ვაკეთებთ რასაც ჩვენი ექიმი გვეუბნება. აქედან გამომდინარე, ავტორიტეტის დაცვა შეიძლება დაუფიქრებლადაც მოხდეს, როგორც, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილების მიღების ევრისტიკა.[7]

ავტორიტეტისადმი მიკერძოება ვლინდება ასევე „ყველაზე მაღალი ხელფასის მქონე პირების“ (ინგლ. highest paid persons' opinion — HIPPO) გავლენაში. ეს გავლენა აღწერს, თუ როგორ ხდება, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში თანამშრომლები მიდრეკილი არიან დაეთანხმონ იმ ადამიანების მოსაზრებებს ვისაც ყველაზე მაღალი ხელფასი აქვს კომპანიაში.[8]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Milgram, Stanley (ივლისი, 1963). „Behavioral Study of obedience“. The Journal of Abnormal and Social Psychology. 67 (4). შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  2. 2.0 2.1 Juárez Ramos, Veronica (2019). Analyzing the Role of Cognitive Biases in the Decision-Making Process. Hershey, PA: IGI Global, გვ. 113. ISBN 9781522529798. 
  3. Ellis RM (2015). Middle Way Philosophy: Omnibus Edition. Lulu Press. [მკვდარი ბმული]
  4. Milgram, Stanley (1974). Obedience to Authority: An Experimental View. 
  5. Browstein, Michael (2016). Implicit Bias and Philosophy, Volume 1: Metaphysics and Epistemology. Oxford: Oxford University Press, გვ. 240. ISBN 9780198766186. 
  6. (31 აგვისტო, 2012). "Authority Bias". დაარქივებული 2020-07-15 საიტზე Wayback Machine.
  7. Huczynski, Andrzej (2004). Influencing within organizations. Routledge. 
  8. Garrett, John (2018-10-24). Data Analytics for IT Networks: Developing Innovative Use Cases (en). Cisco Press. ISBN 9780135183441.