ავტოლოგია
ავტოლოგია — პოეტურ ნაწარმოებებში სიტყვათა და გამოთქმათა გამოყენება მათი პირდაპირი მნიშვნელობით. მხატვრული ავტოლოგია თავისი რეალისტური სიზუსტით უპირისპირდება ფიგურალურ, ტროპულ მეტყველებას. მართალია, ავტოლოგიური სტილი თითქმის არ მიმართავს მხატვრულ სახეებს, მაგრამ ამის გამო იგი პოეტურობასა და ემოციურ ზემოქმედებას მოკლებული არ არის. ნაწარმოების მხატვრულ ქსოვილში ორგანულადაა ჩართული და პოეტური მეტყველების საერთო ექსპრესიულობას არ ეთიშება. რა თქმა უნდა, მხატვრული ავტოლოგია განსხვავდება ჩვეულებრივი ყოფითი მეტყველებისაგან და როგორც მხატვრული ნაწარმოების, მთლიანად მხატვრული მეტყველების შემადგენელი ნაწილი, იგი დამოუკიდებელ მხატვრულ სახედაც მიიჩნევა.
ლიტერატურა
რედაქტირება- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონი“, გამომცემლობა „განათლება“, 1972.