ავლაბრის წმინდა მარინეს ეკლესია
ავლაბრის წმინდა მარინეს ეკლესია — ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, მდებარეობს თბილისში დუშეთის ქუჩის № 12-ში. ეკლესია ეზოს სიღრმეშია განთავსებული და საცხოვრებელი სახლებითაა გარშემორტყმული. ის თბილისის უძველეს ეკლესიების რიცხვს მიეკუთვნება.
ძეგლის აღწერა
რედაქტირებადარბაზული ტიპის ნაგებობა აგურითაა აშენებული. აფსიდა სწორკუხედშია ჩაწერილი და ფასადზე არ გამოიყოფა. შესასვლელი ორი მხრიდან აქვს; ცენტრალური სამხრეთით, ხოლო მეორე, მცირე კარი ჩრდილოეთით. ფასადებზე სარკმლები აგურისავე თაღოვან საპირეებშია ჩასმული, მათ გვერდით, ასეთსავე თაღებში მოქცეული ცრუ სარკმლები მონაცვლეობენ. თითოეული მათგანი მუზარადისებრი მოხაზულობის მქონეა. მათი სიმეტრიული განლაგება თანაბარზომიერ რიტმს წარმოშობს. თაღებს შორის წყობის ჩაღრმავებით საფეხუროვანი ჯვრებია გამოყვანილი.
ინტერიერს სამი საბჯენი თაღი ანაწევრებს, რომელიც მარტივი პროფილის მქონე შვერილ პილასტრებს ებჯინება. ყველა თაღი შეისრულია. დასავლეთის მკლავზე ორქანობა სახურავით გადახურული სამრეკლოა დაშენებული. ფრონტონის ქვეშ, ორსავ მხარეს ჯვრებია მოცემული. ასეთივე ჯვრები ამკობს აღმოსავლეთით დაშენებულ მცირე, სწორკუთხა ფორმის ცრუ გუმბათსაც.
ისტორია
რედაქტირება1837 წლით დათარიღებულ ეგნატე იოსელიანის მიერ შედგენილ კატალოგში — „მონასტრები, ეკლესიები ტფილისსა და მის მიდამოებში” წმინდა მარინეს ეკლესიის შესახებ ვკითხულობთ: „ავლაბარშივე არის ეკკლესია წმინდისა ქალწულმოწამისა მარინას სახელსა ზედა, 17 დღესა ზედა ივლისის თთვისასა, უგუმბათო სიონურად, ქვით-კირით, აღშენებული საბერძნეთით მოსრულთა მღდუელმონაზონთაგან. დაარასა და სჩანს დრო აღშენებისა მისისა და წელსა ჩყკა-სა (1821-სა) მაღალყ˜უსაღუდელოესმან მიტროპოლიტმან ექსარხოსმან საქართველოისამ იონამ მეორედ კურთხევითა მისითა შესცუალა იგი ეკკლესიად მირქმისა 2 დღესა ზედა თებერულის თთვისასა. ამას ეკკლესიასა შინა არის ერთი მღდუელი“. ავლაბარში, წმინდა მარინეს ეკლესიის გარშემო ქართველთა სასაფლაო იყო, რომელსაც ხოჯა-ვანქის ტერიტორიის ნაწილიც ეკავა.
სამხრეთით, კარის ზემოთ ქვაზე მოცემული ორენოვანი (ქართული და რუსული) წარწერა გვამცნობს, რომ “აღშენდა ეკკლესია ესე წმიდის ქალწულმოწამის მარინაის ღრ˜სა სრულიად როსიის იმპერატორისა ალექსანდრე მეორისასა, ექსარხოსობასა საქართველოსა… მიტროპოლიტის ისიდორესსა, გულისმოდგინებით და საფასის შეკრებითა კეთილმსახურთა ერთგან მღუდლისა პლატონ ელიევისათა 1856 წელსა”.
მოსე ჯანაშვილი ეკლესიის შესახებ წერს: „წმინდა მარინეს ტაძარი ავლაბარში, აგებული ძველს დროს და განახლებული 1824 წელს. წმინდა მოწამეს მარინეს დიდად პატივს ცემენ ქართველნი. მის საოხად ბევრგან აგებულია ტაძარი...”.
საქართველოს გასაბჭოების შემდეგ წმინდა მარინეს ეკლესიამ სხვამრავალი ტაძრის ბედი გაიზიარა, ღვთისმსახურება გაუქმდა და მასში ფოტოლაბორატორია განთავსდა.
კალისტრატე ცინცაძე წერს: “...1849 წელში, ისიდორე ეგზარქოსის დროს მცირე ტაძარი განუვრციათ და უკურთხებიათ ხელახლად წმინდა მარინეს სახელობაზე. ტაძარი მოქმედებდა 1938 წლის თებერვლამდე, როდესაც უკანვე ჩაიბარა 26 კომუნართა სახელობის რაიონულმა საბჭომ, თავისქონებით.”
1991 წელს თბილისის პრეფექტის ბრძანების საფუძველზე წმინდა მარინეს ეკლესია გადაეცა საპატრიარქოს. საბჭოთა დროს გაუქმებული ეკლესია 2003 წლის ივლისში აღდგა არქიმანდრიტ იოაკიმეს (ასათიანი) თაოსნობით.
ლიტერატურა
რედაქტირება- მ. ქუთათელაძე, „თბილისის ტაძრები“, ტ. I, თბ., 2010 გვ. 78-80