ავასირხვა
ავასირხვა (აფხ. Ауасырхәа[1]), ავასარხვა, აუასირხვა, აუასარხვა, ავასარიხვაშიჟი, აოსირხვაჟი, აუიში, აჟიში — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში აფხაზეთიდან.
ჯიშის სახელწოდება ქართულად ნიშნავს ვაზს (აჟ), რომელიც მთა „ვასაზე“ მოჰყავთ. ავასირხვას ერთ-ერთი სინონიმი „აჟიში“ თეთრ ყურძენს ნიშნავს.
თავისი აპელოგრაფიული ნიშნებით უფრო ახლოს დგას აღმოსავლეთ საქართველოს ვაზის ჯიშებთან, ვიდრე დასავლეთ საქართველოს ქეჩისებრად შებუსულფოთლიან და მრგვალმარცვლიან ჯიშებთან. ავასირხვა ყველაზე მეტად აღმოსავლეთ საქართველოს ჯიშს, რქაწითელს უახლოვდება.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური ფორმის. სამნაკვეთიანი და სრულიად დაუნაკვეთავი. ფოთლის ზედა და ქვედა მხარე შეუბუსავია. მხოლოდ ძარღვების გგასწვრივ აქვს ჯაგრისებრი შებუსვა. ყვავილი ორსქესიანია, მტევანი საშუალო ზომის, ცილინდრულ-კონუსური ან ცილინდრული ფორმის, ზოგჯერ მხრიანი. მხარის სიგრძე ხშირად მტევნის სიგრძის ნახევარს აღწევს. მტევანი საშუალო სუკუმსისაა. მარცვალი საშუალო ზომისა და ოვალური ფორმისაა, ზოგჯერ მომრგვალოც, მომწვანო-ყვითელი, მზისკენ მიმართულ მხარეზე სიდამწვრის ლაქებით. თხელკანიანია, ცვილისებრი ნაფიფქით სქლად დაფარული. რბილობი საკმაოდ წვნიანია სასიამოვნო გემური თვისებებით.
ავასირხვა საშუალო ზრდისა და საშეალომოსავლიანია. სრულ სიმწიფეში ოქტომბრიდან შედის. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა კვირტის გაშლიდან სრულ დამწიფებამდე 180 დღეა. მტევნის საშუალო წონა 110-115 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა — 7.0-8.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20-22%-ს, ხოლო მჟავიანობა — 9.3-11.3 გ/ლ-ს.
ავასირხვა მაღალხარისხიანი საღბინე ჯიშა. მისი ღვინო ცნობილია მაღალი ღირსებით. ყურძნის დაგვიანებით მოკრეფის შემთხვევაში თავისებური კოლხური ტიპის მოტკბო ღვინო დგება. ავასირხვას ღვინო მოყვითალო-ჩალისფერია, ნაზი, კარგად განვითარებული ჯიშური არომატით, შნაარსიანი და ხალისიანი.
ლიტერატურა
რედაქტირება- მ. ხარბედია, „ქართული ღვინის გზამკვლევი“, გვ. 55-56, თბ., 2013
- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 16
სქოლიო
რედაქტირება- ↑ жур. «Абаза», №2 (19), 01 декабря, 2015