ავანანთხევი — ხევი ისტორიულ ძველ თბილისში; სოლოლაკის ქედიდან მოემართებოდა და ჰკვეთდა დღევანდელ თავისუფლების მოედანს, მიუყვებოდა ახლანდ. პუშკინის ქუჩის ხაზს და მდ. მტკვართან ჩადიოდა ბარათაშვილის ქუჩის გასწვრივ. 1841-1857 წწ. ხევი გადაიხურა აგურის კამარით, რომლის ნაწილი გამოჩნდა საბჭოთა პერიოდში კოლმეურნეობის მოედანზე (ახლანდ. ორბელიანის მოედანი) მიწისქვეშა გადასასვლელის მშენებლობისას და გამოიყენეს გადასასვლელის არქიტექტურული გაფორმებისათვის.

ხიდები ავანანთხევზე

რედაქტირება

ავანაანთხევზე გადასასვლელად სხვადასხვა დროს არსებობდა რამდენიმე ხიდი, მათ შორის, დიღმის კარის ხიდი ვერცხლის ქუჩისა და ორბელიანის მოედნის მიდამოებში, რომელიც ვახუშტი ბატონიშვილის 1735 წლის თბილის რუკაზეცაა აღნიშნული. არსებობს ცნობები, რომ ის 1815 წელს განაახლეს. კიდევ ერთი ხიდის, რომელიც ამავე ხევზე ყოფილა გადებული, რუკაზე აღნიშნულია მეიდნის კარის ხიდით. აქ იგულისხმება თბილისის ზღუდეში როსტომ მეფის დროს გაჭრილი კარი. კარიცა და ხიდიც გარეთუბანში არსებული მოედნისკენ იყო მიმართული და სახელიც მოედნის მიხედვით ეწოდა. იგი მდებარეობდა ახლანდელი ბარათაშვილისა და ჩახრუხაძის ქუჩების შეერთების ადგილას.

ავანაანთხევზე ვახუშტი ბატონიშვნილს კიდევ ერთი ქვემო კარის ხიდი აქვს აღნიშნული. ის წყაროებში შემორჩენილია წყლის კარის, მუხრანის და გარეთუბნის ხიდის სახელითაც. მისი სიგრძე 10 მეტრი იყო, ხოლო სიგანე - 6 მეტრი. მოგვიანებით მას მუხრანის ხიდი ეწოდა, რადგან ის მუხრანბატონების საკარმიდამო ტერიტორიაზე მოექცა და მუხრანთუბანს გარეთუბანთან აკავშირებდა

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სარალიძე, ა., „თბილისის ხიდები“, გვ. 10-11, „ტფილისის ჰამქარი“, თბილისი, 2012
  • კვირკველია, თ., ძველთბილისური დასახელებანი, გვ. 7. „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1985