აეროპორტი (რომანი)
აეროპორტი (ინგლ. Airport) 一 ბრიტანელ-კანადელი ავტორის, არტურ ჰეილის 1968 წლის რომანი.[1] ნაწარმოების მოქმედება მიმდინარეობს გამოგონილ ლინკოლნის აეროპორტში, ილინოისში, რომელიც დაფუძნებულია ო’ჰარას საერთაშორისო აეროპორტზე და რომელშიც, ძლიერი ზამთრის ქარიშხლის გამო, სხვადასხვა სერვისი შეფერხდა. ნაწარმოები გამოცემისთანავე იქცა ბესტსელერად და 64 კვირის განმავლობაში New York Times-ის ბესტსელერთა სიაში მოწინავე ადგილზე იმყოფებოდა, საიდანაც 30-ზე მეტი კვირა პირველ ადგილზე იყო. შედეგად, ნაწარმოები 1968 წლის ყველაზე გაყიდვად რომანად იქცა.[2][3][4][5]
„აეროპორტი“ | |
---|---|
Airport | |
პირველი ინგლისურენოვანი გამოცემა | |
ავტორი | არტურ ჰეილი |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
გამომცემელი | Doubleday , Michael Joseph |
გამოცემის თარიღი | 1968 |
მედია | ბეჭდური |
გვერდი | 440 |
წინამორბედი | Hotel |
მომდევნო | Wheels |
აეროპორტი ფილმად სულ სამჯერ ადაპტირდა, მათგან გამოსარჩევია 1970 წელს ჯორჯ სიტონის მიერ გადაღებული ფილმი.[6]
მარტინ ლევინმა New York Times-ის მიმოხილვაში თქვა: "მისტერ ჰეილი არის მწერალი, რომელსაც გააჩნია ნიჭი, შემოგვთავაზოს აეროპორტის რუტინის ავარიული ფონი, რომელსაც მხოლოდ სასიკვდილო ელფერი დაჰკრავს".[7]
სიუჟეტი
რედაქტირებარომანის მოქმედება 1967 წლის ხუთშაბათ საღამოს, 18:30-დან ღამის 01:30-მდე ილინოისში, ლინკოლნის სახელობის გამოგონილ აეროპორტში მიმდინარეობს. სამი დღე და სამი ღამეა შუა დასავლეთის შტატებში ძლიერი ქარბუქი მძვინვარებს. აეროპორტის ყველა სამსახური უკიდურესად დაძაბულ მდგომარეობაშია. ორასამდე ავიაკომპანიის ასამდე თვითმფრინავის დროულად აფრენა ვერ მოხერხდა, საწყობში უამრავი, მათ შორის მალე ფუჭებადი, ტვირთი დაგროვდა. ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი მწყობრიდან გამოვიდა: „ბოინგი 707“ დაბეტონებული საფარიდან გავიდა და თოვლქვეშ ჩაშლილ მიწაში ჩარჩა. აეროსადგურის შენობაში ქაორია, მოსაცდელი დარბაზები გადაჭედილია, ათასობით მგზავრი გაფრენას ელოდება, ზოგიერთი რეისი აგვიანებს, ზოგი 一 საერთოდ გადაიდო. სამუშაო დამთავრდა, მაგრამ აეროპორტის მმართველი მელ ბეიკერსფელდი შინ წასვლას არ ჩქარობს. საზაფხულო მინდორზე მდგომარეობა მძიმეა: უკიდურესად დაძაბულად მუშაობს დასუფთავების მძლავრი ტექნიკა 一 გზა თოვლისგან იწმინდება, ქარბუქში დაიკარგა სურსათით დატვირთული ავტობუსი, ვერ ხერხდება თოვლში ჩარჩენილი თვითმფრინავის ადგილიდან დაძვრა. მელის აქ ყოფნა არ არის აუცილებელი, მაგრამ აფორიაქებულია, არ უნდა ამ რთულ ვითარებაში უმეთვალყურეოდ დატოვოს აეროდრომის უზარმაზარი მეურნეობა 一 რთული მექანიზმი, სადაც ყველაფერი ურთიერთკავშირშია. სხვადასხვა საკითხის გადაჭრისას იგი არა მხოლოდ კარგი ადმინისტრატორი, არამედ კარგი ტაქტიკოსიცაა. მისი აქ დარჩენის მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ მელი ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლებად იყოს შინ და ცოლთან ჩხუბს თავი აარიდოს. ის და სინდი თხუთმეტი წელია, დაქორწინდნენ, მაგრამ ეს ქორწინება ბედნიერი არ აღმოჩნდა. მათ ორი ქალიშვილი 一 ცამეტი წლის რობერტა და შვიდი წლის ლიბი ჰყავთ. რაც წლები გადის, ცოლ-ქმარი სულ უფრო შორდება ერთმანეთს, მათი უთანხმოება მუდმივად სკანდალებში გადაიზრდება და ერთმანეთის სულ აღარ ესმით. დღეს საღამოს სინდი განუწყვეტლივ ურეკავს ქმარს და შეახსენებს, რომ იგი აუცილებლად უნდა იყოს ერთ საქველმოქმედო საღამოზე. სინდის მოსწონს მაღალ საზოგადოებაში ყოფნა, ხოლო მელის მორიგ შეხვედრაზე წასვლა არ უნდა. იგი ირონიით უყურებს ცოლის სურვილს 一 რადაც უნდა დაუჯდეს, „ცნობილ ადამიანთა საძიებელში“ მოხვდეს. სინდის რომანი აქვს არქიტექტორი ლაინელ ერკარტთან, მაგრამ ახალი ინტრიგის წამოწყების შანსსაც არ უშვებს ხელიდან. საქველმოქმედო საღამოზე იგი რეპორტიორ დერიკ იდენს გაიცნობს და მოსაწყენ საღამოს მასთან ერთად მიატოვებს. ისინი სასტუმროში მიდიან და კარგ დროს ატარებენ. მელს დიდი ხანია, კომპანია „ტრანსამერიკის“ მგზავრთა მომსახურების უფროსი ტანია ლივინგსტონი მოსწონს. არც ტანიაა მელის მიმართ გულგრილი. თანამშრომლებში ხმა დადის, რომ მათ რომანი აქვთ. ტანია ოცდაჩვიდმეტი წლისაა და ხუთი წლის გოგონას მარტო ზრდის. იგი დღეს მორიგეა 一 ნევროზული ვითარების გამო მომსახურე პერსონალსა და მგზავრებს შორის ხშირია კონფლიქტური სიტუაციები, აუცილებელია საჩივრებზე რეაგირება. ამას თან ერთვის უბილეთო მგზავრი 一 სანდიეგოელი გაქნილი მოხუცი ადა კვონსეტი, რომელსაც თვითმფრინავის ბორტზე შეღწევის უამრავი ხერხი აქვს.
სარადაროში მელის ძმა ქეიზი მორიგეობს. არავინ იცის, რომ მან საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო: იგი უკანასკნელად უზის სამეთვალყურეო ეკრანს და ტავის მოვალეობას ასრულებს. ქეიზმა აეროსადგურთან ახლოს სასტუმროში დაიქირავა ნომერი, სადაც, როგორც გადაწყვიტა, ორმოც აბ ნემბუტალს მიიღებს და თავს მოიკლავს. დღეს დისპეჩერები მთელი დატვირთვით მუშაობენ. მიუხედავად იმისა, რომ ქიზი საკმაოდ გამოცდილი მუშაკია, მუშაობა ძალიან უჭირს, რადგან უწინდებურად თავდაჯერებული აღარ არის. იგი ოცდათვრამეტი წლისაა და აქედან თხუთმეტი წელი ჰაერში მეთვალყურეობის სამსახურში გაატარა. წლიწადნახევრის წინ, როდესაც ლიბერგის მეთვალყურეობის ცენტრში მუშაობდა, მისი უყურადღებობით ჰაერში ორი თვითმფრინავი შეეჯახა, დაიღუპა ერთი ოჯახის ოთხივე წევრი, აქედან ორი ბავშვი. გამოძიებისას დამნაშავედ ქეიზის მეწყვილეები, სტაჟიორი და ჯგუფის უფროსი სცნეს, მაგრამ ქეიზი თვლის, რომ მთავარი დამნაშავე თავადაა. მისი მიზეზით დაიღუპნენ ადამიანები, კოლეგებს, რომლებიც ავიაციიდან სამუდამოდ დაითხოვეს, დაენგრათ ცხოვრება. მან სიმშვიდე და ძილი დაკარგა, სინდისი ქენჯნის. ქეიზის მეუღლე, ნატალი და მელი ბევრს ეცადნენ დეპრესიიდან მის გამოყვანას, მაგრამ ამაოდ.
იმ საღამოს თვითმფრინავების ხმაურით შეწუხებული ქალაქ მედოუვუდის მოსახლეობა აეროპორტის შენობაში საპროტესტო დემონსტრაციის გამართვას აპირებს. გაიძვერა ადვოკატი ფრიმანტლი, იმ იმედით, რომ ამ საქმეზე ხელს მოითბობს, მათ დახმარებას ჰპირდება.
მიწაში ჩარჩენილი თვითმფრინავის ადგილიდან დასაძრავად ქალაქიდან მთავარ მექანიკოს ჯო პატრონს იძახებენ. იგი საცობში მოხვდება, 一 შოსეზე ავტოკარი გადაყირავდა თავისი მისაბმელით. მელი წუხს: აეროდრომი 50-იანი წლების ბოლოს აშენდა და სულ ახლახან მსოფლიოში საუკეთესოდ და თანამედროვედ ითვლებოდა, მაგრამ გადაზიდვის მოცულობა გაიზარდა და აეროდრომიც მოძველდა. ასაფრენ-დასაფრენი ზოლები გადატვირთულია, რაც მგზავრების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. თვითმფრინავები ურთიერტგადამკვეთ ზოლებში სხდებოდნენ და ფრინდებოდნენ, ქალაქის ხელისუფლებამ კი აეროპორტის რეკონსტრუქციის ხარჯებს ხელი მოუჭირა. მელის მომავალი აეროპორტის მომავალზეა დამოკიდებული. მას საშინლად არ სიამოვნებდა, როდესაც ცოლი ცდილობდა, რაც შეიძლება მწარედ ეტკინა მისთვის გული და ხელმოცარულს ეძახდა. მელი უკვე ორმოცდაოთხი წლისაა, კორეაში საზღვაო ავიაციაში იბრძოდა და დაიჭრა. იმდღევანდელი ავდრის გამო ფეხი სტკივა. თიტქოს წარმატებული კარიერა აქვს, ერთ დროს აეროპორტის ხელმძღვანელთა უფროსი იყო, პრეზიდენტ ჯონ კენედისთან მეგობრობდა, ავიაციის ფედერალური სამმართველოს უფროსად უპირებდნენ დანიშვნას, მაგრამ კენედის მკვლელობის შემდეგ მისთვის სასიკეთო არაფერი გამოჩნდა.
დღეს საღამოს რომში „ტრანსამერიკის“ თვითმფრინავი მიფრინავს. მისი პილოტი მელის უფროსი დის ქმარი, ვერნონ დიმირესტია. მელს სიძესთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვს. გაფრენამდე დიმირესტი თავის საყვარელს, თვითმფრინავის გამცილებელ გვენ მეიგენს მოინახულებს. დიმირესტი შესანიშნავ ხასიათზეა და გეგმებს აწყობს 一 რომში გვენთან ერთად დროს როგორ გაატარებს. იგი საყვარლისგან შეიტყობს, რომ მისგან ფეხმძიმედაა, მაგრამ ამაში განსაკუთრებულ პრობლემას ვერ ხედავს, რადგან კომპანია ამგვარი საქმეების მოგვარებაშიც ეხმარება.
ამ დროს გაბოროტებული და უკიდურესად სასოწარკვეთილი ყოფილი მშენებელი-მენარდე დ.ო.ჰერერო თავის უბადრუკ ბინაში, საიდანაც მალე გამოსახლებას უპირებენ, ასაფეთქებელ მოწყობილობას ამზადებს. მას შემდეგ, რაც სამშენებლო კომპანია გაკოტრდა, იგი მიწით სპეკულაციას ეწეოდა, მაგრამ საქმე ჩაუვარდა, ახლა კი სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და დაპატიმრება ემუქრება. ჰერერომ „ტრანსამერიკის“ თვითმფრინავზე ბილეთი კრედიტით აიღო და დღეს საღამოს რომში გამგზავრებას აპირებს. მას იმედი აქვს, რომ აეროპორტში დიდ თანხად დაზღვევას, ხოლო მგზავრობისას თვითმფრინავის აფეთქებას მოახერხებს; ოჯახი კი დაზღვევის ფულს აიღებს, რადგან აფეთქების მიზეზს ვერ დაადგენენ 一 თვითმფრინავის ნამსხვრევები ატლანტის ოკეანის სიღრმეში ჩაიძირება.
თვითმფრინავს რომში გასაფრენად ამზადებენ. ოთხი ძრავიდან ერთი მწყობრიდან გამოვიდა, ელექტრიკოსები და მექანიკოსები სასწრაფოდ შეაკეთებენ. გაფრენა ერთი საათით გადაიდება, გზაზე ნამქერის გამო ამ რეისის მგზავრები აეროპორტში დროულად მოსვლას ვერ ახერხებენ. ჰერერო მის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებს და ასაფეთქებელი მოწყობილობა პატარა ჩემოდნით თვითმფრინავის ბორტზე შეაქვს. მართალია, მოლარე ყურადღებას მიაქცევს, რომ საერთაშორისო რეისის მგზავრი ბარგის გარეშე მიემგზავრება, მაგრამ ამას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებს. აეროპორტის თანამშრომელი, რომელიც ჰერეროსთან დაზღვევის ხელშეკრულებას საკმაოდ დიდ თანხაზე დებს, შეამჩნევს, რომ ეს მგზავრი აღგზნებული და განერვიულებულია, მაგრამ სარფიანი კლიენტის ხელიდან გაშვება არ სურს. ჰერეროს ცოლი ინესი, რომელიც ბარში მიმტანად მუშაობს, სახლში პოულობს დოკუმენტს, რომლის მიხედვით, მისი ქმარი უეცრად იტალიაში გამგზავრა. შეშფოთებული ქალი ქმრის ამბის გასარკვევად აეროპორტში გარბის.
საბაჟოს ინსპექტორი ყურადღებას მიაქცევს უცნაურ მგზავრს საეჭვო ჩემოდნით, მაგრამ ინსპექტორის სამუშაო დრო ამოიწურა. ამიტომ იგი ამ ფაქტის შესახებ ტანიას შეატყობინებს, მაგრამ თვითმფრინავი რომში უკვე გაფრინდა. მგზავრებისა და ბილეთების რაოდენობა ერთმანეთს არ დაემთხვა, 一 უბილეთოდ მგზავრობა გაქნილმა ადა კვონტესმა მოახერხა.
მელი გრძნობს, რომ ქეიზს უსიამოვნება შეემთხვა და ძმასთან გულახდილ საუბარს აპირებს. ამაში ხელს უშლის სინდი, რომელიც მისგან განქორწინებას ითხოვს. აეროდრომზე მოსული ინესი, რომელსაც სურს, ქმრის უცნაური საქციელის შესახებ განაცხადოს, მელისთან შეხვედრას ვერ ახერხებს: ამ დროს მელი მედოუვუდის მომიტინგე მაცხოვრებლებთან მოლაპარაკებას აწარმოებს. ტანია, ბოლოს და ბოლოს, მმართველს საეჭვო მგზავრის შესახებ შეატყობინებს. ინესთან საუბარი და სასწრაფო გამოძიება ყველას დაარწმუნებს, რომ ჰერეროს თვითმფრინავის აფეთქება აქვს განზრახული. ბორტზე სპეცკავშირით გამაფრთხილებელ რადიოგრამას აგზავნიან. ეკიპაჟის გადაწყვეტილებით, თვითმფრინავი უკან უნდა დაბრუნდეს, მაგრამ ჯერ ჰერორის ჩემოდანი უნდა ჩაიგდონ ხელში, რასაც მის გვერდით მჯდომ ადა კვონსეტს ავალებენ. მსახიობური ნიჭით დალიჯდოვებული მოხუცი პირნათლად ასრულებს დავალებას, მაგრამ საქმეში ერთ-ერთი მგზავრი ერევა და ამით ჰერერო. იგი ჩემოდანს იბრუნებს და თვითმფრინავის კუდისკენ ისვრის. ისმის აფეთქების ხმა. დაზიანებულია ფიუზელაჟი, ირღვევა თვითმფრინავის ჰერმეტულობა. ბორტზე პანიკაა, მგზავრები სასწრაფოდ ჟანგბადის ნიღბებს იკეთებენ.
ბორტგამცილებელი გვენ მეიგენი მძიმედაა დაჭრილი. მექანიკოს ჯო პატრონის ოსტატობისა და სიმამაცის წყალობით საზაფხულო მინდვრის მეორე ზოლი თავისუფალია. ქეიზი შესანიშნავად ართმევს თავს თავის მოვალეობას და თვითმფრინავი მშვიდობიანად ეშვება 一 მთელი ეკიპაჟი აშკარა კატასტროფას გადაურჩა. ქეიზი თავის მოკვლას გადაიფიქრებს და შინ მტკიცე გადაწყვეტილებით ბრუნდება 一 ავიაციიდან წავიდეს და ახალი ცხოვრება დაიწყოს. მელი კი სულიერ სიმშვიდეზე ოცნებობს და ტანიასთან ერთად მიემგზავრება. ქარბუქი გადაიღებს და ვითარება აეროპორტში კალაპოტში ჩადგება.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ https://www.goodreads.com/book/show/124918.Airport
- ↑ O'Donnell, Michelle (November 26, 2004). „Arthur Hailey, Novelist Who Had a Hit in 'Airport,' Dies at 84“. The New York Times. ციტირების თარიღი: February 5, 2017.
- ↑ The New York Times Best Seller List June 22, 1969 Fiction (PDF). ციტირების თარიღი: February 5, 2017
- ↑ Adult New York Times Best Seller Lists for 1968. ციტირების თარიღი: February 5, 2017
- ↑ 20th-Century American Bestsellers. University of Virginia. ციტირების თარიღი: February 5, 2017
- ↑ Николай Пальцев Притягательность каждодневного, или «запретные зоны» Артура Хейли // Артур Хейли Аэропорт. — М.: Правда, 1990. — с. 450 — ISBN 5—253—00126—3. — Тираж 550 000.(რუსული)
- ↑ Levin, Martin (April 7, 1968). „Reader's Report“ (PDF). The New York Times. ციტირების თარიღი: February 5, 2017.