აეროპე
აეროპე (ბერძნ. Αερόπη) — მიკენის დედოფალი, კატრევსის ქალიშვილი, მინოსის შვილიშვილი. კატრევსს უწინასწარმეტყველეს, რომ იგი მოკვდებოდა თავისი შვილების ხელით, ამიტომ მან ახლადშობილი აეროპე გადასაგდებად მისცა მეზღვაურ ნავპელუსს და მან იგი არგოსში გაყიდა. არგოსში აეროპე პლეისთენეს მისთხოვდა, შემდეგ კი პლეისთენეს ძმას - ატრევსს. უფრო გავრცელებული მითის თანახმად აეროპეს შვილები აგამემნონი და მენელაოსი ატრევსისაგან ჰყავდა. ბოლოს აეროპეს თიესტე შეუყვარდა, ამიტომ განრისხებულმა ატრევსმა იგი ზღვაში გადააგდო.