აედონი
აედონი (ბერძნ. Ἀηδών -όνος, δ - ბულბული) - პანდარეოსის ქალიშვილი, ამფიონის ძმის - ძეთოსის მეუღლე, იტილის დედა. აედონის შეეხარბა ნიობეს ბედი, რომელიც ამაყობდა მშვენიერი შვილებით და გადაწყვიტა მისი ვაჟის მოკვლა, მაგრამ სიბნელეში აერია თავისი და მისი შვილები და მოკლა საკუთარი ერთადერთი შვილი - იტილი. ეს რომ ზევსმა გაიგო, აედონი ბულბულად აქცია, რათა ნიადაგ ეტირა საკუთარი ხელით მოკლული შვილი. ბულბული თითქოს მარად მწუხარედ იმეორებს შვილის სახელს: იტილ... იტილ... იტილ...