სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ადრიანე (მრავალმნიშვნელოვანი).

ადრიანე I (ლათ. Hadrianus PP. I; დ. 700 — გ. 25 დეკემბერი, 795) — რომის პაპი 772–795 წლებში.

ადრიანე I

წარმოშობით დიდგვარიანი რომაელი. მიიღო კარგი განათლება. პაპ სტეფანე II-ის დროს გახდა დიაკონი. პაპის ტახტის განსამტკიცებლად მარჯვედ გამოიყენა ფრანკებისა და ლანგობარდების შუღლი. მისი პონტიფიკატობის დასაწყისიდან ატარებდა საფრანგეთის სამეფოსთან კავშირის პოლიტიკას. მან მოახერხა დანაშაულებში მრავალგზის მონაწილე პროლანგობარდული პარტიის ლიდერის, პავლე აფიარტის სასამართლოსათვის გადაცემა. ამით შეასუსტა ლანგობარდების ზეგავლენა რომის იმპერიაზე. ლანგობართა მეფის დეზიდერიუსის მიერ შევიწროებულმა ადრიანემ მიმართა ფრანკთა მეფეს კარლოს დიდს. გამარჯვების მომტანი ლაშქრობის შემდეგ, 774 წელს იტალიაში ლანგობარდთა უკანასკნელმა სამეფომ არსებობა შეწყვიტა. ადრიანემ კარლოს დიდისაგან მიიღო პიპინ მოკლეს სიგელის მტკიცებულება, რომელმაც დასაბამი მისცა საეკლესიო სახელმწიფოს წარმოქმნას და რომელსაც კარლოს დიდი უერთებდა იმოლს, ბოლონიასა და ფერარს. კარლოსმა ხელახლა დაუმტკიცა პაპს პიპინ მოკლის მიერ სტეფანე II-სთვის 754 წელს ნაბოძები სამფლობელო („წმინდა პეტრეს მამული“), რითაც განამტკიცა პაპების საერო ხელისუფლება. ადრიანემ აკურთხა კარლოსის ძენი პიპინი - იტალიის, ხოლო ლუდოვიკუსი - აკვიტანიის მეფედ. ნიკეის საეკლესიო კრებაზე (787) ადრიანემ დაგმო ხატმებრძოლეობა.

ადრიანემ შეავსო დიონისე უმცროსის კანონთა კრებული და საზეიმოდ აჩუქა იგი კარლოს დიდს, ეს კრებული (Codex Hadrianeus) იქცა ფრანკთა სამეფოს საეკლესიო სამართლის ოფიციალურ კოდექსად. ადრიანეს მეორე კრებულს — საკრამენტარიებს — „Hadrianum”-ს - ძალზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რომაული ლიტურგიის გავრცელების საქმეში. იმის გამო, რომ ფრანკთა სამეფოში ნეგატიურად ეკიდებოდნენ ნიკის მეორე საეკლესიო კრებას, ადრიანემ ახსნა-განმარტებანი გაუკეთა საეკლესიო კრების დადგენილებათა ლათინური თარგმანის გაურკვეველ ადგილებს, ასევე მიუთითა განსხვავებულობა ღმერთის თაყვანისცემასა და ხატთაყვანისცემას შორის.

ადრიანემ რომში ფართომასშტაბიანი მშენებლობა და ეკლესიათა ინტერიერების მორთვის კამპანია წამოიწყო. მანვე არადგინა რომის წყალგაყვანილობანი, ზრუნავდა დედაქალაქის სურსათმომარაგების გაუმჯობესებაზე. 781 წლიდან დაიწყო საკუთარი მონეტის მოჭრა და ოფიციალურ დოკუმენტთა პონტიფიკატის წლებით დათარიღება (სქოლიოში: მანამდე იგი ბიზანტიის იმპერატორების მმართველობის წლებით თარიღდებოდა). ამით იტალიამ მანამდე არსებული ნომინალური დამოკიდებულებაც გაწყვიტა ბიზანტიასთან.

ადრიანეს და კარლოს დიდი ნაყოფიერი თანამშრომლობა და გულითადი მეგობრობა აკავშირებდათ ერთმანეთთან. ადრიანეს სიკვდილის შემდეგ კარლოსმა რომში სამაროვნის ლორფინო გააგზავნა შემდეგი ეპიტაფიით: „ჩვენი სახელები შეერთდებიან ამ წარწერაში: ადრიანე და კარლოსი — მე მეფე, შენ — მამა.“

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უნივერსალური ენციკლოპედიური ცნობარი, ტ. 2, გვ. 240-242, თბ. 2008
წინამორბედი:
სტეფანე III
რომის პაპი

768757
შემდეგი:
ლეო III