ადოლფ როლოვი

საქართველოში მოღვაწე, წარმოშობით გერმანელი აგრონომი

ადოლფ ქრისტიან როლოვი (გერმ. Adolf Christian Roloff; დ. 25 ივნისი, 1870 — გ. 1952) — საქართველოში მოღვაწე, წარმოშობით გერმანელი აგრონომი, თბილისის ბოტანიკური ბაღის დირექტორი 1902–1918 წლებში.

როლოვი დაიბადა თბილისში, გერმანული წარმოშობის ოჯახში. 1891 წელს დაამთავრა მოსკოვის სასოფლო-სამეურნეო აკადემია. 1892 წელს საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა მასწავლებლად ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო სკოლაში, შემდეგ ექსპერტად კავკასიის ფილოქსერას კომიტეტში, წამყვან სპეციალისტად ამიერკავკასიის სასოფლო-სამეურნეო დეპარტამენტში და მმართველად თბილისის ბოტანიკურ ბაღში. 1902 წლიდან 1918 წლამდე იყო თბილისის ბოტანიკური ბაღის დირექტორი. მისი მეცადინეობით ბაღის ტერიტორია მნიშვნელოვნად გაფართოვდა, გამდიდრდა კოლექციები; მიმდინარეობდა ინტენსიური სამეცნიერო მუშაობა. 1919-1921 წლებში მუშაობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროში. საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ როლოვი განაგრძობდა პედაგოგიურ მოღვაწეობას მის მიერვე დაარსებულ თბილისის ბოტანიკური ბაღის მებაღეთა სკოლაში, საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი მებაღეობის, მევენახეობის, მცენარეთა სელექციის შესახებ. დაკრძალულია თბილისში, კუკიის სასაფლაოზე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ლორია მ., კერესელიძე ჯ. ადოლფ ქრისტიან როლოვი და თბილისის ბოტანიკური ბაღი.-თბ.,2001.