ადამ ბრემენელი
ადამ ბრემენელი (გერმ. Adam von Bremen — დაახლ. 1050-1081/85 წ.წ.) — შუა საუკუნეების გერმანელი მემატიანე, მთავარეპისკოპოსი, ადალბერტ ბრემენელის დაახლოებული პირი.
წარმოშობით ზედა საქსონიიდან ან აღმოსავლეთ ფრანკონიიდან უნდა ყოფილიყო. განათლება ბამბერგის საეკლესიო სკოლაში მიუღია. 1066-1067 წლებში იყო კანონიკი. 1069 წელს მეთაურობს ბრემენის საკათედრო ტაძართან არსებულ სკოლას. იგი იყო ბრემენელი არქიეპისკოპოსის - ადალბერტ ბრემენელის ნდობით აღჭურვილი პირი. ადამ ბრემენელი ისტორიაში შევიდა როგორც „გერმანული ჩრდილოეთის ტაციტუსი” და პირველი გერმანელი გეოგრაფი.
არქიეპისკოპოს ადალბერტის სიკვდილიდან (1072) ცოტა ხნის შემდეგ იგი მუშაობას იწყებს შრომაზე - „ჰამბურგის მონასტრის ეპისკოპოსთა მოღვაწეობანი”. მასალებად იყენებდა მატიანურ ქრონიკებსა და თანამედროვეთა დამოწმებებს, ნაწილობრივ, დანიის მეფის - სვენ ესტრიდსენისას.
პირველი ორი წიგნი მოიცავს კარლოს დიდის მიერ საქსონიის დაპყრობის შესახებ ცნობებს, ასევე ჰამბურგ-ბრემენის საარქიეპისკოპოსოს საისტორიო მასალებს (ყველაზე დიდი საეპისკოპოსო იმ დროის ქრისტიანულ სამყაროში), მათ შორის ცნობებს მათ მეთაურთა შესახებ 1043 წლამდე. მესამე წიგნი მიძღვნილია არქიეპისკოპოს ადალბერტის მოღვაწეობისადმი. მეოთხე დამამთავრებელი წიგნი ფრიად საყურადღებოა გეოგრაფიული თვალსაზრისით. წიგნი - „ჩრდილოეთის კუნძულთა აღწერილობანი”, მოგვითხრობს ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიისპირა ქვეყნებსა და ხალხებზე. განსაკუთრებით საყურადღებოა პირველი ცნობები ნორმანთა „ვინლანდიის კუნძულზე” გადასახლების შესახებ, რომელსაც მკვლევრები გრენლანდიასთან აიგივებენ. ადამის ქრონიკებში დაცულია ცნობები ძველ რუსეთზეც, სადაც ნახსენებია ქალაქი ოსტროგარდი (სავარაუდოდ ნოვგოროდი) და ჰავე (კიევი) - „კონსტანტინეპოლის ტაძრის - საბერძნეთის უდიდებულესი მშვენების” (ე.ი. ქრისტიანული სამყაროს) მეტოქე.
ადამ ბრემენელის თხზულებებმა ფართო გავრცელება ჰპოვეს. მისთვის ამ საქმეში სანიმუშო იყო გვიანანტიკური და ადრეშუასაუკუნეთა ავტორების ნაწარმოებები. ადამის სტილზე ყველაზე დიდი გავლენა ისტორიკოსმა სალუსტიუსმა იქონია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 78.
- უნივერსალური ენციკლოპედიური ცნობარი, გამომცემლობა „აი ია”, თბ, 2007 წ.