აგროფიზიკა
აგროფიზიკა, აგრონომიული ფიზიკა — მეცნიერება მცენარის სასიცოცხლო გარემო პირობების კვლევის ფიზიკური მეთოდებისა და მცენარის ცხოველმოქმედების ფიზიკური პროცესების შესახებ. აგროფიზიკა შეიმუშავებს ნიადაგისა და ჰაერის მიწისპირა ფენაში ფიზიკური პირობების რეგულირების ხერხებს. აგროფიზიკა მოიცავს ნიადაგის ფიზიკას (ნიადაგის მყარი ფაზის ფიზიკა, ნიადაგის ჰიდროფიზიკა, ნიადაგის თბოფიზიკა, ნიადაგის ჰიდროფიზიკა, ნიადაგის თბოფიზიკა, ნიადაგის აირადი ფაზის ფიზიკა); ჰაერის მიწისპირა ფენის ფიზიკას (აეროდინამიკური, რადიაციული და სხვა პარამეტრები); მცენარეთა ბიოფიზიკას (მცენარეთა შუქფიზიოლოგია და მცენარეთა რადიობიოლოგია); მცენარის პროდუქტიულობის ზრდისა და ადრეულობის უზრუნველსაყოფად მისი საარსებო გარემო პირობების რეგულირების ხერხებისა და საშუალებებს. აგროფიზიკა დამოუკიდებელ მეცნიერებად XX საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა ბუნებისმეტყველების სხვადასხვა დარგის განვითარების საფუძველზე. აგროფიზიკის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვით ბ. დერიაგინს, ა. დოიარენკოს, ს. დოლგოვს, ნ. კაჩინსკის, დ. პრიანიშნიკოვს, ა. როდეს, ს. რიჟოვს, ე. რასელს, უ. შოუს და სხვა. სსრკ-ში აგროფიზიკოსთა სკოლის დამფუძნებელია ა. იოფე.
აგროფიზიკური გამოკვლევები ტარდება მინდვრის, ლაბორატორიული და სავეგეტაციო მეთოდებით; კვლევის მიზანია გარემო პირობების შეფასება და მცენარეში მიმდინარე ფიზიოლოგიური პროცესების შესწავლა. იყენებენ თანამედროვე ზუსტ ხელსაწყოებს. კერძოდ, მცენარის გარემოსთან ურთიერთობის ფიზიოლოგიური პროცესის (თბური და წყლის რეჟიმი, აირცვლა და სხვა) კვლევისას იყენებენ ფიზიკის თანამედროვე ექსპერიმენტულ საშუალებებს: ნახევარგამტარებს, ელექტრონულ-იონურ აპარატურას, რადიოაქტიურ გამოსხივებას და სხვა. კვლევის შედეგებს არსებითი მნიშვნელობა აქვს ახალი აგროხერხების შესამუშავებლად და არსებულის სრულყოფისათვის. მაგალითად, აგროფიზიკური გამოკვლევების საფუძველზე დამუშავებულია დაცულ გრუნტში ელექტროშუქკულტურის წესები, რომლებიც ამცირებენ ვეგეტაციის პერიოდს, ზრდიან ბოსტნეულის მოსავალს. ეფექტიანი შედეგებია მიღებული მებოსტეობაში პოლიმერული აფსკების გამოყენების, სათბურებში ბოსტნეულის მოყვანის რეჟიმის ავტომატურად რეგულირების, სასოფლო-საეურნეო პროდუქტების საცავებში ოპტიმალური პირობების ავტომატურად დაცვის საქმეში და სხვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 74.