აბრეშუმის რთვა
აბრეშუმის რთვა — მეაბრეშუმეობის და აბრეშუმის მრეწველობის ყველა დარგის ბოჭკოვანი ნარჩენებისაგან (წუნდებული პარკი, შავი ჩხარი, ყაჭი, ძაფის ნაწეწი და სხვა) აბრეშუმის ნართის მიღების ტექნოლოგიური პროცესი.
ნედლეულს სპეციალური მანქანებით აცლიან ჭუპრს, სხვადასხვა მინარევსა და მტვერს. შემდეგ ჭუჭყისა და სერიცინის მოსაშორებლად ხარშავენ სოდიანსა და საპნიან წყალში. გამოხარშული აბრეშუმის მასას წურავენ ცენტრიფუგაში, აშრობენ კამერაში და ჩეჩენ სპეციალური მანქანებით. ჩეჩის დროს ნედლეულის გრძელი ძაფები წყდება. მათ აშტაპელებენ და ბოჭკოებს ანაწილებენ სიგრძის მიხედვით (საშუალოდ 150-250 მმ). დაჩეჩილი ნედლეული 3-4-ჯერ დაივარცხნება მრგვალსავარცხლებიან მანქანებზე და ბოჭკოები პარალელურად დალაგდება. მათგან გამოვარცხნილ ყველაზე მოკლე ბოჭკოებს დაბალი ნომრის ნართად გადაამუშავებენ. ძირითადი ნედლეული გადააქვთ სალენტე მანქანაზე, სადაც ბოჭკოები ერთიმეორეს შეევარცხნება და მიიღება ლენტები. საფთილე მანქნაზე ლენტების მრავალჯერადი შეერტებითა და გაწელვით მიღებულ მსუბუქად შეგრეხილ ფთილას სპეციალურ მანქანებზე დართვა-დაგრეხის შემდეგ ბუსუსებს შეატრუსავენ, ნამწვს აცლიან და ძაფს შულოებად ან კოჭზე ახვევენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ამაშუკელი ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 35-36.