აბასთუმნის საცხოვრებელი სახლი (შოთა რუსთაველის 84ა)
აბასთუმნის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში. აგებულია XIX საუკუნის დასასრულს.
მდინარე ოცხეს მარჯვენა სანაპიროზე, რუსთაველის ქუჩის გასწვრივ გაყოლებულ ცალმხრივ განაშენიანებაში, აბასთუმნის შესანიშნავ შენობათა რიგში, თავისთავადი გეგმარებითი კომპოზიციითა და ფასადების მხატვრული დამუშავებით გამოირჩევა ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომლის ქვედა სართულზე აბასთუმნის ცენტრალური აფთიაქი ფუნქციონირებდა. ნაგებობას თავისებური სილუეტი აქვს, რასაც კედლის ხაზს გადმოცილებული, მთელ პერიმეტრს შემოყოლებული გადახურვის ქანობების ნაშევრი და მასთან ერთად ვიწრო ფასადებისა, თუ გრძელი გვერდითი ფასადების შემკლავებების დამასრულებელი ფრონტონები შემოწერს. ქანობების ნაშვერი პროფილირებულბოლოიან კოჭებს უჭირავს. ქუჩისპირა ფასადის გადაწყვეტის თავისებურება ძლიერად შვერილი ფრონტონის ხის აჟურული დეკორის მხატვრულ დამუშავებასა და საფასადო სიბრტყის მომზღუდავი, შეთეთრებულ-შელესილი კუთხის მსხვილი პილონების ორიგინალურ შეთანხმებაში მდგომარეობს. ქანობების კიდეების დამასრულებელ ფიცარს ზედ დაკრული აჟურული ელემენტები და არშიები გასდევს, რომელსაც შუა ნაწილში ასეთივე ტექნიკით დამუშავებული გადაჯვარედინებული ორი ძელი კრავს. მის უკან კი, კედლის სიბრტყეს ასრულებს ქანობებს ქვეშ მოქცეული სამკუთხა არე შუა ნაწილში ბადისებრი აჟურული ჭრით გამოსახული შენობის სქემით და გვერდით ნაწილებში ფიფქისებრი მოტივების ფარდით. საფასადე კედლის შუა ნაწილი უკავია ოთხფრთიან ფანჯარას, რომელსაც კვადრატებად დაყოფილი ალათები აქვს. ცალკე უნდა გამოიყოს გვერდითი ფასადების წინა ნაწილებში, შემკლავებამდე არსებულ მონაკვეთებში კედლის სიბრტყის ზემოთ, გადახურვის ქანობების ქვეშ ჩასმული, ბადისებრი აჟურული ორნამენტით დამუშავებული ხის ფრიზები. შედარებით სადად არის გადაწყვეტილი გვერდითი და უკანა ფასადების შეფიცრული ფრონტონები. მარჯვენა გვერდით ფასადს, შემკლავებიდან შენობის ბოლომდე ორივე სართულზე აივანი გასდევს. კუთხეჩამოთლილ სვეტებიან და მარტივმოტივიან აჟურულმოაჯირიან აივანს, რომლის გავლით შესაძლებელია შენობის II სართულის ოთახებში მოხვედრა, უკანა ფასადზე გარედან მიდგმული ხის კიბე უკავშირდება.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6218