აბასთუმნის საცხოვრებელი სახლი (შოთა რუსთაველის 60)
აბასთუმნის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში. აგებულია XIX საუკუნეში. საცხოვრებელი სახლი აბასთუმნის ძველი განაშენიანების ნაწილია, რომელსაც თითქმის არ შეხებია გვიანდელი განახლება-გადაკეთება. ნაგებობა მის წინ არსებული შენობის გამო ქუჩიდან თითქმის არ აღიქმება. მიუხედავად საკმაოდ მოკრძალებული ზომისა, შენობას გააჩნია აბასთუმნის საცხოვრებელი სახლებისათის დამახასიათებელი ყველა კომპონენტი - ქვით ნაგები ძირითადი ნაწილი და ხის მსუბუქი საზაფხულო სამყოფი, რომელიც ნაკვეთის სიმცირის გამო სიგრძივად განვითარებულ შენობაზეა მიშენებული და ამით განსხვავდება აბასთუმნის აივნიანი საცხოვრებელი სახლებიდან. შენობა ძირითადად ნაგებია უხეშად დამუშავებული ქვით. თლილი ქვა, გარკვეული წესით, მხოლოდ ღიობების გარშემოა დალაგებული - მშვილდათაღიანი სარკმლების ზევით ვერტიკალურად დაწყობილი მოგრძო კვადრებია, ხოლო ამყოლები გრძელ-მოკლედ დალაგებული კვადრებითაა ამოყვანილი. შენობას აქვს ცალქანობიანი, თუნუქით დაბურული სახურავი, რომლის ფარგლებში, შენობის ზურგის მხარეს, ღიობებით გახსნილი სხვენის სათავსებია მოწყობილი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6272