აბასთუმნის საცხოვრებელი სახლი (შოთა რუსთაველის 26)
აბასთუმნის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში. აგებულია XIX საუკუნის მეორე ნახევარში. კურორტ აბასთუმნის შესასვლელში მდინარე ოცხეს მარცხენა ნაპირას რუსთაველის ქუჩის მოკლე განშტოებაა. კურორტის ეს ნაწილი საკმაოდ სახეცვლილია XX საუკუნის არაღიარებული და რიგ შემთხვევაში შეუსაბამო მაღალ სართულიანი კორპუსებით. ამ თვალსაზრისით საინტერესო ქუჩის მარცხენა მხარეს, ერთ ხაზზე ჩაწყობილი, მსგავსი სტილისა და მაშტაბის, თბილისური აივნიანი, მაგრამ აბასთუმნისთვის სახასიათო ფლეთილი ქვით ნაგები, ორსართულიან შენობათა მწკრივია. საცხოვრებელი ფუნქციის მატარებელი შენობა მთის ციცაბო კალთის პირას არის განთავსებული. მთავარი ფასადი კი, მდინარე ოცხესკენ არის მიმართული. გეგმაში მართკუთხა, მწკრივში ყველაზე მასშტაბური ორსართულიანი სახლი ფლეთილი, უხეშად დამუშავებული ქვითაა ნაგები. მთავარი, მდინარე ოცხესკენ მიმართული და გვერდითი-აღმოსავლეთის ფასადი გალერეა-აივნების სისტემით არის მოცული, თუმცა პირველ სართულზე გალერეა შეფიცრულია, მეორე კი ნაწილობრივ შემინული, თითქმის მთლიანად არის შეცვლილი ხის ელემენტები, კედლის სიბრტყე აქ შელესილია მარტივი, უსაპირო ღიობებით დანაწევრებული. დასავლეთისკენ მიმართული ფასადი, დანარჩენი ორისაგან განსხვავებით, შეულესავია. აქ დაუმუშავებელ ქვის წყობას კარგად დამუშავებული ქვის კვადრებით მონიშნული ნაგებობის კუთხეები და ღიობების საპირეები უპირისპირდება. მიუხედავად სახეცვლილი გალერეისა ნაგებობას შენარჩუნებული აქვს ავთენტურობა და ვფიქრობ ამ მიკრო უბნის იერსახისთვის აუცილებელია, როგორც უშუალოდ ამ კონკრეტული, ასევე ამ რიგში არსებული ყველა მეტ-ნაკლებად ღირებული, ნაგებობის შენარჩუნება.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6471