აბასთუმნის საცხოვრებელი სახლი (ლადო ასათიანის 55)
აბასთუმნის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში.
მართკუთხა გეგმარების მქონე მომცრო ზომის შენობა ქუჩის პირას დგას და გრძელი ფასადით გამოდის მასზე. საცხოვრებელი ფუნქციის მატარებელი შენობა ერთსართულიანია, ფლეთილი ქვით ნაშენი. მთავარი, ასათიანის ქუჩაზე გამომავალი ფასადის კომპოზიცია სიმეტრიულია. განაპირა მონაკვეთებში არსებულ, წინ წამოწეულ ორ პარმაღს შორის ხის გალერეაა გადაჭიმული. გალერეის სვეტები დეკორატიულია, წიბოებ ჩამოთლილი, მოაჯირი ჭვირული, კარნიზი კი კუწუბებიანი. წინ წამოწეული პარმაღები კი დეკორატიულ სვეტებზე ბჯენილი დამოუკიდებელი ორქანობა გადახურვითა და ჭვირული ფრონტონით აქცენტრირებული, ორივეგან ანალოგიური ოთხფსაფეხურიანი ქვის კიბეა. სახლის მთავარი ფასადი კარგად გააზრებული კომპოზიციით, მშვიდი, ზომიერი დეკორით და შესრულების მაღალი ოსტატობით ხასიათდება. ვიწრო ეზოში გამავალი ფასადიც გალერეებიანია, თუმცა სახეშეცვლილი. შენობის ერთი ნაწილი მის უკან არსებულ სახლს ებჯინება და ნაწილობრივ ფარავს მართკუთხა, წაგრძელებული შენობის ვიწრო, ქუჩისკენ მიმართული ფასადის პირველ სართულს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6254