აბასთუმნის საცხოვრებელი სახლი (ზ. ფალიაშვილის 19)
აბასთუმნის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში. აგებულია XIX საუკუნეში. სახლი ქუჩისკენ მიმართული ფასადის ხის, ორქანობა გადახურვით დაბურული, ჭვირული დეკორით უხვად დეკორირებული (მოაჯირი, ჭვირული ფარდა, თაღი) აივნით იხსნება. ღიობები პროფილირებული ხის საპირეებით არის შემოზღუდული და გახლეჩილი ფრონტონით აქცენტრირებული. შემორჩენილია ავთენტური, დეკორირებული ხის კარი. მორებისგან "აწყობილი" კედლის სიბრტყის, ხეში შესრულებული არქიტექტურული პროფილებისა და აჟურული დეკორის სინთეზი ფასადს მაღალ მხატვრულ ღირებულებას სძენს და ურბანული ქსოვილისთვის მნიშვნელოვან ობიექტად აქცევს. გვერდითა ფასადი, შვერილი, სწორკუთხა, დამოუკიდებელი ორქანობა გადახურვით დაბურული მოცულობით გამოდის ეზოში. ფასადი, რომელიც ასევე კარგად აღიქმება ქუჩიდან, შეფიცრულია, კედლის სიბრტყეს აქაც, მთავარი ფასადის ანალოგიურად, საპირეებით მოჩარჩოებული და გახლეჩილი ფრონტონით აქცენტრირებული სამი (აქედან ერთ-ერთი შეფიცრულია) სარკმელი ანაწევრებს და მაქმანისებრი დეკორით გაფორმებული ფრონტონი ასრულებს. სახლის ძირითად კორპუსთან შედარებით ვიწრო და შვერილ მოცულობაშია მოწყობილი მთავარი, ჭვირული თაღით მონიშნული შესასვლელი, რომელიც ქუჩისკენ არის მიმართული.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6288