აბასთუმნის აფთიაქი

აბასთუმნის აფთიაქი — არქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში. აგებულია XIX საუკუნის დასასრულს.

ერთსართულიანი სახლი ურბანული და მხტავრული თვალსაზრისით საყურადღებოა. მის გვერდით დგას აბასთუმნის ერთ-ერთი ყველაზე მხატვრულად ღირებული შენობა - საცხოვრებელი სახლი რუსთაველის ქ. № 104-ში. უკანა პლანზე მათ ფონად გაუყვება ასევე, საინტერესო ნაგებობა, რაც მთლიანად, ანსამბლურობის იერს ანიჭებს ამ ადგილს.

ფასადებზე კედლები შეულესავად მხოლოდ შენობის უკანა მხარეს არის ნაწილობრივ დატოვებული. კუთხეებში გრძელ-მოკლედ თლილი ქვებია ჩარიგებული. შენობის მთლიანი ბლოკიდან, ჩრდილოეთი მხრის გარდა, ჩართულია აივნები. ქუჩის მხარეს არსებული ფასადის შუა ნაწილი უკავია ნაგებობის სწორკუთხა აბრისიდან ოდნავ წინ წამოწეულ ლოჯია-აივანს, რომლის ორივე მხარეს ფანჯრის ღიობებით გახსნილი შელესილ-შეთეთრებული სიბრტყეებია. ლოჯია-აივნის ცენტრში ხუთსაფეხურიანი ქვის კიბეა მოწყობილი. გვერდითი ფასადის ასიმეტრიულად განლაგებული აივანი გადადის მომდევნო ფასადზე და მის ნახევარს იკავებს. აივნები რიკულებიანი ხის მოაჯირითა და წიბოებჩამოთლილ, ოთკუთხა სვეტებს შორის ჩართული, შესანიშნავი ოსტატობით შესრულებული ხის აჟურული ფარდითაა გაფორმებული. მოხარატებული ხის დეტალებითაა გაფორმებული ასევე, სახურავზე არსებული სამერცხლე. აივანეზე გამომავალ ღიობებს ნალესობით გამოყვანილი პროფილირებული საპირეები უვლის გარშემო. შენობა თუნუქის სახურავითაა დახურული.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6260