სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი

(გადამისამართდა გვერდიდან КГБ)

საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი (აბრევ. სუკ; საუბ. „კანტორა“; „ჩეკისტები“; „ორგანოები“; „კაგებე“) — საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის სახელმწიფო მმართველობის ცენტრალური საკავშირო-რესპუბლიკური ორგანო. სუკ-ი იყო საკავშირო სპეცსამსახური რომელიც, 1954-1991 წლებში, უზრუნველყოფდა საბჭოთა კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების უსაფრთხოებას. შექმნის მომენტიდან, 1991 წლის 3 დეკემბრამდე, ე.ი. მის გაუქმებამდე, ფუნქციონირებდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის უშუალო ხელმძღვანელობისა და კონტროლის ქვეშ.

სუკ-ის ემბლემა

სუკ-ის სტრუქტურაში შედიოდა: თავად საკავშირო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი, რომელსაც გააჩნდა სამმართველოები რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის ქალაქებში, ოლქებსა და რაიონებში, ასევე სუკ-ის სისტემაში ერთიანდებოდა: მოკავშირე რესპუბლიკებისა და მათ შემადგენლობაში შემავალი ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო უშიშროების კომიტეტები თავიანთი ტერიტორიული სამმართველოებით, შესაბამისად, მოკავშირე რესპუბლიკებისა და ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ ერთეულებში.

ფუნქციები

რედაქტირება

საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მთავარი ფუნქციები იყო: საგარეო დაზვერვა, კონტრდდაზვერვა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო საქმიანობა, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის სახელმწიფო საზღვრების დაცვა, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობის, საბჭოთა ხელისუფლების თანამდებობის პირთა პირადი დაცვისა და სამთავრობო კავშირგაბმულობის უზრუნველყოფა; ასევე, ბრძოლა ნაციონალიზმთან, დისიდენტებთან, მის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ დანაშაულებთან და სხვადასხვა ანტისაბჭოთა საქმიანობასთან.

გარდა ზემოთხსენებული ფუნქციებისა, სუკ-ს ასევე ევალებოდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისათვის ქვეყნის უშიშროებასთან, თავდაცვასთან, სოციალურ-ეკონომიკურ სიტუაციასთან და საბჭოთა სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკურ და საგარეო ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება.

სსრკ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სისტემაში შედიოდა 14 მოკავშირე რესპუბლიკისა და მათში შემავალი ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებთან არსებული სახელმწიფო უშიშროების კომიტეტები. გარდა ამისა, სუკ-ში ერთიანდებოდნენ სახელმწიფო უშიშროების სამხარეო, საოლქო, საქალაქო და რაიონული სამმართველოები და განყოფილებები. სუკ-ის ორგანოები მოქმედებდნენ საბჭოთა კავშირის სატრანსპორტო კვანძებსა და სამხედრო ოლქებში; არმიის, ფლოტის, საჰაერო ძალებისა და სამთავრობო კავშირგაბმულობის, შინაგანი და სასაზღვრო ჯარების შენაერთებსა და ნაწილებში.

გარდა ამისა, სუკ-ის სისტემაში ფუნქციონირებდა სამხედრო კონტრდაზვერვის ორგანოები, ე.წ. „განსაკუთრებული განყოფილებები“ (Особые отделы); სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები და ე.წ. „პირველი განყოფილებები“, რომლებიც კონტრდაზვერვით საქმიანობას ახორციელებდნენ საბჭოთა სახელმწიფო დაწესებულებებში, ორგანიზაციებსა და საწარმოებში.

საბჭოთა სპეცსამსახურების ისტორია 1917 წლის 19 დეკემბრიდან იწყება, როდესაც საბჭოთა რუსეთის სახალხო კომისართა საბჭოს, იგივე „სახკომსაბჭოს“ თავმჯდომარე ვლადიმერ ილიას ძე ლენინმა ხელი მოაწერა დეკრეტს „კონტრრევოლუციასთან და საბოტაჟთან ბრძოლის სრულიად რუსეთის საგანგებო კომისიის“ იგივე ჩეკას (შემდგომში -— საგანგებო კომისია ან ჩეკა) დაარსების თაობაზე. საგანგებო კომისია მუშაობას მეორე დღესვე, 20 დეკემბრიდან, შეუდგა. საგანგებო კომისიის თავმჯდომარედ და პირველი საბჭოთა სამსახურის ხელმძღვანელად ლენინის გადაწყვეტილებით დაინიშნა ფელიქს ძერჟინსკი. დეკრეტით განისაზღვრა საგანგებო კომისიის სტატუსი და მოვალეობები. საგანგებო კომისია იგივე „ჩეკა“ რევოლუციური ტრიბუნალის დამხმარე ორგანო იყო და მას ევალებოდა კონტრრევოლუციონერთა და საბოტაჟისტთა დაკავება და მისი გადაცემა რევოლუციური ტრიბუნალისთვის.

საბჭოთა სპეცსამსახურების სისტემამ 1917-1954 წლებში არაერთი რეორგანიზაცია განიცადა და არაერთხელ შეეცვალა სახელი. კერძოდ, 1923 წლის 6 თებერვალს გაუქმდა საგანგებო კომისია (ჩეკა) და მის ნაცვლად საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატში შეიქმნა სახელმწიფო-პოლიტიკური სამმართველო, რომელმაც 1923 წლის მიწურულამდე იარსება. სახელმწიფო-პოლიტიკური სამმართველოს თავმჯდომარის თანამდებობა შეინარჩუნა ფელიქს ძერჟინსკიმ.

1923 წლის 15 ნოემბერს სახელმწიფო უშიშროების კომპონენტი გამოეყო შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს და მის ნაცვლად შეიქმნა სახალხო კომისართა საბჭოსადმი დაქვემდებარებული დამოუკიდებელი ორგანო გაერთიანებული სახელმწიფო-პოლიტიკური სამმართველო (ОГПУ), რომლის თავმჯდომარეობაც 1926 წლის 30 ივლისამდე შეინარჩუნა კვლავ ფელიქს ძერჟინსკიმ, ხოლო 1926 წლის 30 ივლისს მის თავმჯდომარედ დაინიშნა ვიაჩესლავ მენჟინსკი. იგივე სახელწოდებით (ОГПУ) სპეცსამსახურები შეიქმნა მოკავშირე რესპუბლიკების სახალხო კომისართა საბჭოებთანაც.

1934 წელს განხორციელდა მორიგი ცვლილება საბჭოთა სპეცსამსახურების სისტემაში. კერძოდ, 1934 წლის 10 ივლისს გაუქმდა გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველო და მის ნაცვლად საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის, იგივე შინსახკომის, სისტემაში შეიქმნა სახელმწიფო უშიშროების მთავარი სამმართველო (ГУГБ). იმავდროულად, 1935 წლის 26 ნოემბერს საბჭოთა კავშირის სახკომსაბჭოსა და ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის იგივე ცაკ-ის ერთობლივი დადგენილებით შეიქმნა სპეციალური წოდება: „სახელმწიფო უშიშროების გენერალური კომისარი“, რომელიც მიენიჭა საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარს და საბჭოთა კავშირის მარშალს ჰენრიხ იაგოდას.

1946 წელს კიდევ ერთხელ განხორციელდა მასშტაბური ცვლილებები, მაგრამ უკვე მთელს სახელმწიფო აპარატში. კერძოდ, საბჭოთა კავშირის 1946 წლის 15 მარტის სხვადასხვა კანონებით, „სახალხო კომისარიატებს“ სახელები შეეცვალათ და მათ „სამინისტროები“ ეწოდათ და ჩამოყალიბდა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო (МГБ).

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება