ჩიჩახვა ჩიბუხასებრნი

ფრინველთა ოჯახი მეჭვავიასნაირთა რიგისა

ჩიჩახვა ჩიბუხასებრნი[1][2] (ლათ. Thinocoridae) — მიწის ფრინველთა ოჯახი მეჭვავიასნაირთა რიგისა. ცნობილია 2 გვარი (Thinocorus, Attagis) ორ-ორი სახეობით. მათი სხეულის სიგრძეა 18-დან (პატაგონიური ჩიჩახვა ჩიბუხა, T. rumicivorus) 30 სმ-მდე (წითურმუცელა ატაგისი, A. gayi), მასა შესაბამისად 50–60 და 300–400 გ. გარეგნულად მტრედს ჰგვანან: ტანი მომრგვალოა, თავი პატარა, ნისკარტი და ფეხები მოკლე. ნესტოები არ არის გამჭოლი, დაფარულია კანის სარქველებით. ფრთები გრძელი და მახვილი; ბოლო მოკლე, მომრგვალებული. წინა თითები გრძელია, უკანა თითი — მოკლე, წამოწეული. ჩიჩახვი კარგადაა განვითარებული (აქედან სახელწოდება). შეფერილობა ზევიდან შემნიღბველია (ბუმბულების მუქი ცენტრები შემოვლებულია ჟანგმიწოვანი ან ყავისფერი წვეროებით, რაც ქერცლისებრ მოხატულობას წარმოქმნის), მუცელი თეთრი ან წითურია. Thinocorus-ის გვარის მამლები დედლისაგან გამოირჩევიან მოცისფრო-რუხი ფერის მკერდით. ჩიჩახვა ჩიბუხასებრნი უმთავრესად ბინადრობენ სამხრეთ ამერიკის (ეკვადორიდან კუნძულ ცეცხლოვან მიწამდე) ცივი მთების (ზღვის დონიდან 5500 მეტრამდე) სტეპებსა და ნახევარუდაბნოებში; პატაგონიური ჩიჩახვა ჩიბუხა ბინადრობს ჩილეს მშრალ მთისწინეთებსა და სანაპიროებზე. იკვებებიან მცენარეების წყლიანი ვეგეტატიური ნაწილებით და თესლებით. მონოგამური ფრინველები არიან. ბუდე არაღრმა ორმოა, რომელიც ხმელი ბალახეული მასალებითაა ამოფენილი; დედალი საკვების ძიების დროს (1 საათამდე) ბუდეს ამ ბალახებით მალავს. დებს 4 ცალ მსხლის ფორმის კვერცხს; ინკუბაცია დაახლ. 26 დღე გრძელდება. ბარტყები ფრენის უნარს 7 დღეში იძენენ. გამრავლების სეზონის გარდა მომთაბარეობენ მცირე გუნდებად.

ჩიჩახვა ჩიბუხასებრნი

რუხთავა ჩიჩახვა ჩიბუხა (Thinocorus orbignyianus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Thinocoridae (J. E. Gray, 1845)

კლასიფიკაცია რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. seedsnipes — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  2. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 10, 169, 231.