ეკვადორი

ეკვადორის რესპუბლიკა

ეკვადორი, ოფიციალურად ეკვადორის რესპუბლიკა (ესპ. República del Ecuador – ითარგმნება როგორც „ეკვატორის რესპუბლიკა“) — წარმომადგენლობითი დემოკრატიული წყობის რესპუბლიკა სამხრეთ ამერიკაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება კოლუმბია, აღმოსავლეთით და სამხრეთით — პერუ, დასავლეთით — წყნარი ოკეანე. ჩილესთან ერთად იგი სამხრეთ ამერიკის იმ ორ ქვეყანას მიეკუთვნება, რომლებსაც საზღვარი არ აქვთ ბრაზილიასთან. ქვეყანას ასევე ეკუთვნის კონტინენტური ნაწილისგან 1 000 კმ–ით დაშორებული, წყნარ ოკეანეში მდებარე გალაპაგოსის კუნძულები.

ეკვადორის რესპუბლიკა
República del Ecuador
ეკვადორი
ეკვადორის
დროშა გერბი
დევიზი: „Dios, patria y libertad“ (ღმერთი, სამშობლო, თავისუფლება)
ჰიმნი: Salve, Oh Patria
Hail, Oh Homeland

ეკვადორის მდებარეობა
დედაქალაქიკიტო
00°09′ ს. გ. 78°21′ დ. გ. / 0.150° ს. გ. 78.350° დ. გ. / -0.150; -78.350
უდიდესი ქალაქი გუაიაკილი
ოფიციალური ენა ესპანური ენა
მთავრობა რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი რაფაელ კორეა
ფართობი
 -  სულ 283 561 (გალაპაგოსთან ერთად) კმ2 (73-ე)
 -  წყალი (%) 5
მოსახლეობა
 -  2011 შეფასებით 15 223 680[1] (65-ე)
 -  2010 აღწერა 14 483 499[2] 
 -  სიმჭიდროვე 52,5 კაცი/კმ2 (147-ე)
მშპ (მუპ) 2011 შეფასებით
 -  სულ $127,426 მილარდი[3] 
 -  ერთ მოსახლეზე $8,492[3] 
აგი (2011) 0.720 (მაღალი) (83-ე)
ვალუტა აშშ დოლარი (USD)
დროის სარტყელი UTC-05:00 (UTC-06:00 გალაპაგოსის კუნძულებზე)
ქვეყნის კოდი ECU
Internet TLD .ec
სატელეფონო კოდი +593

ეკვადორის ძირითადი სალაპარაკო ენაა ესპანური (მოსახლეობის 94%). ოფიციალური ენის სტატუსი აქვს ასევე ადგილობრივ საზოგადოებათა ენებს — კეჩუას, სუარს და სხვა 11 ენას. ეკვადორის ფართობი 275 830 კმ²–ია. დედაქალაქია კიტო, რომელიც 1970–იან წლებში იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა, რადგან მას გააჩნია საუკეთესოდ შემონახული და უმნიშვნელოდ შეცვლილი ისტორიული ცენტრი მთელს ლათინურ ამერიკაში.[4] ქვეყნის უდიდესი ქალაქია გუაიაკილი. ეკვადორის ეკონომიკისთვის მესამე უმნიშვნელოვანესი ქალაქია მანტა, რომელიც ფლობს საერთაშორისო პორტსა და თინუსის ინდუსტრიას. ქვეყნის მესამე უდიდესი ქალაქია კუენკა, რომლის ისტორიული ცენტრიც 1999 იუნესკომ ასევე შეიტანა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, რადგან იგი თვალსაჩინო მაგალითია ინდიელთა და ესპანური გეგმარებითი კოლონიური ქალაქისა მთელს ამერიკაში.[5] ეკვადორში გავრცელებულია ფლორისა და ფაუნის მრავალი სახეობა, რომელთაგამ ბევრი ენდემურია, განსაკუთრებით გალაპაგოსის კუნძულებზე. შედეგად, ეკვადორი მსოფლიოს 17 ეკოლოგიურად მეგამრავალფეროვან ქვეყანათა სიაში შედის.[6] 2008 წელს მიღებული ახალი კონსტიტუციით, ეკვადორი პირველი სახელმწიოფა მსოფლიოში, რომელმაც აღიარა და კანონით უზრუნველყო ბუნების უფლებები, იგივე ეკოსისტემის უფლებები.[7]

ეკვადორი საპრეზიდენტო რესპუბლიკაა. დამოუკიდებელი გახდა 1830 წელს, მას შემდეგ რაც ის ესპანეთის კოლონიურ იმპერიას გამოეყო და მცირე ხნით დიდი კოლუმბიის რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა. მიეკუთვნება საშუალო შემოსავლების ქვეყანას; ადამიანური განვითარების ინდექსია 0,720 (2011).[8]

ისტორია რედაქტირება

ინკების ცივილიზაციამდელი ერა რედაქტირება

სხვადასხვა ხალხი დასახლდა დღევანდელი ეკვადორის ტერიტორიაზე ინკების მოსვლამდე. არქეოლოგიური მტკიცებულებებით ვარაუდობენ, რომ პალეო-ინდიელთა პირველი დაშლა ამერიკაში მოხდა ბოლო გლაციალური პერიოდის დასასრულს, დაახლოებით 16,500–13,000 წლის წინ. პირველმა ინდიელებმა, რომლებმაც ეკვადორს მიაღწიეს, შესაძლოა ხმელეთით გაემგზავრნენ ჩრდილოეთიდან ცენტრალურ ამერიკაში ან ნავით, წყნარი ოკეანის სანაპირო ზოლის გასწვრივ. მოგვიანებით, ეკვადორში მიგრაცია შესაძლოა მომხდარიყო ამაზონის შენაკადების გავლით, მოსახლეობის ნაწილი სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილიდან, ხოლო სხვები სამხრეთ ამერიკის სამხრეთ ნაწილიდან მოდიოდნენ, ანდების გავლით. მათ განავითარეს სხვადასხვა ენები, უნიკალურ ეთნიკურ ჯგუფებად ჩამოყალიბების პერიოდში.

მიუხედავად იმისა, რომ მათი ენები არ იყო დაკავშირებული ერთმანეთთან, ამ ჯგუფებმა შეიმუშავეს მსგავსი კულტურები, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა გარემოში იყო ჩამოყალიბებული. სანაპირო ზოლთან მცხოვრებმა ხალხმა განავითარა სათევზაო, ნადირობის და თავშეყრის კულტურა.

დროთა განმავლობაში ამ ჯგუფებმა დაიწყეს ასიმილაცია და ურთიერთობა ერთმანეთთან. ბევრი ცივილიზაცია წარმოიშვა ეკვადორში, როგორიცაა ვალდივიის და მაჩალილას კულტურა სანაპიროს ტერიტორიაზე, კიტუს (დღევანდელი კიტოს სიახლოვეს) და კანიარის კულტურები (დღევანდელ კუენკასთან ახლოს). თითოეულმა ცივილიზაციამ შეიმუშავა საკუთარი განსხვავებული არქიტექტურა, ჭურჭელი და რელიგიური ინტერესები.

მაღალმთიან ანდებში, ტომები თანამშრომლობდნენ და ქმნიდნენ სოფლებს; ამრიგად, პირველი ერები, ეყრდნობოდნენ სასოფლო-სამეურნეო რესურსებს და მეცხოველეობას. საბოლოოდ, მათი ლიდერების საქორწინო გარიგებების და ომების შედეგად, ერთა ჯგუფებმა ჩამოაყალიბეს კონფედერაციები. ერთი რეგიონი გაერთიანდა შირისის კონფედერაციის ქვეშ, რომელიც ახორციელებდა ორგანიზებულ ვაჭრობასა და ბარტერს სხვადასხვა რეგიონებს შორის.

ინკების ერა რედაქტირება

ინკების ჩამოსვლისას ეს კონფედერაციები იმდენად განვითარებული იყო, რომ დასჭირდათ ინკების ორი თაობის მმართველობა - ტუპაკ ინკა იუპანკის და უაინა კაპაკის - ვიდრე ისინი შეერწყმებოდნენ ინკების იმპერიას. ადგილობრივი კონფედერაციები, რომლებიც მათ ყველაზე მეტ პრობლემას უქმნიდნენ, განდევნეს პერუს, ბოლივიისა და არგენტინის ჩრდილოეთით, აჯანყების თავიდან ასაცილებლად. ამრიგად, მაღალმთიანი ეკვადორის რეგიონი, 1463 წელს, ინკების იმპერიის ნაწილი.

ამის საპირისპიროდ, როდესაც ინკები შემოიჭრნენ ეკვადორის სანაპირო ზოლსა და აღმოსავლეთ ამაზონის ჯუნგლებში, მათ ორივე გარემო და მკვიდრი მოსახლეობა უფრო მტრულად აღიქვეს. უფრო მეტიც, როდესაც ინკები მათ დამორჩილებას ცდილობდნენ, ამ ძირძველ ხალხს უკან დაახევინეს სიღრმისკენ და აღადგინეს პარტიზანული ტაქტიკა. შედეგად, ინკების გაფართოება, ამაზონის აუზში და ეკვადორის წყნარი ოკეანის სანაპიროებზე, შეფერხდა. ამაზონის ჯუნგლებისა და ზღვისპირა ეკვადორის მკვიდრი ხალხი შედარებით ავტონომიური დარჩა მანამ, სანამ ესპანელი ჯარისკაცები და მისიონერები მოვიდოდნენ. ამაზონელი ხალხი და ეკვადორის სანაპიროს კაიაპები იყვნენ ერთადერთი ჯგუფები, რომლებიც წინააღმდეგობას უწევდნენ ინკებს და ესპანეთის ბატონობას, მათ ენა და კულტურა კარგად შეინარჩუნეს XXI საუკუნეში.

ესპანელების მოსვლამდე ინკების იმპერია სამოქალაქო ომში მონაწილეობდა. მემკვიდრე ნინან კუჩის და იმპერატორის უაინა კაპაკის გარდაცვალებამ, ევროპული დაავადებით, რომელიც გავრცელდა ეკვადორში, შექმნა ძალაუფლების ვაკუუმი ორ ჯგუფს შორის. ჩრდილოეთის ჯგუფი, რომელსაც ატაჰუალპა ხელმძღვანელობდა, ირწმუნებოდა, რომ უაიანა კაპაკმა, სიკვდილამდე სიტყვიერი ბრძანება გასცა, თუ როგორ უნდა დაყოფილიყო იმპერია. მან დღევანდელი ეკვადორისა და ჩრდილოეთ პერუს ტერიტორიები მიანიჭა თავის საყვარელ ვაჟს ატაჰუალპას, რომელსაც უნდა ემართა კიტოდან; ხოლო დანარჩენი მისცა უასკარს, რომელიც მართავდა კუსკოდან. მან მოისურვა, რომ მისი გული დაკრძალულიყო კიტოში, მის საყვარელ ქალაქში, ხოლო სხეულის დანარჩენი ნაწილი, წინაპრებთან ერთად, დაკრძალეს კუსკოში.

უასკარმა არ აღიარა მამის ნება, რადგან ეს არ მიჰყვებოდა ინკების ტრადიციებს - ქურუმთა მიერ ინკას დასახელების შესახებ. უასკარმა ატაჰუალპას უბრძანა დასწრებოდა მამის დაკრძალვას კუსკოში და პატივი მიეგო მისთვის, როგორც ინკების ახალი მმართველისთვის. ატაჰუალპამ, მამის ვეტერანი ჯარისკაცების დიდი რაოდენობით, გადაწყვიტა უგულებელყო უასკარი. არაერთი სისხლიანი ბრძოლა მოხდა, სანამ საბოლოოდ უასკარს დაატყვევებდა. ატაჰუალპამ სამხრეთით გაიარა კუსკო და ამოხოცა სამეფო ოჯახი, რომლებიც მის ძმასთან ასოცირდებოდა.

1532 წელს, ესპანელთა მცირე ჯგუფი, ფრანსისკო პისაროს მეთაურობით, დაეშვა ტუმბესში და გაიარა მარშრუტი ანდების მთებზე, ვიდრე არ მიაღწევდნენ კახამარკას, სადაც ახალი ინკა ატაჰუალპა იყო, რომლითანაც მოლაპარაკება უნდა ეწარმოებინათ. ვალვერდე, მღვდელი, ცდილობდა დაერწმუნებინა ატაჰუალპა, რომ შეერთებოდა კათოლიკურ ეკლესიას და გამოეცხადებინა თავი ესპანეთის ვასალად. ამან აღაშფოთა ატაჰუალპა ისე, რომ მან ბიბლია მიწაზე დააგდო. ამით განრისხებულმა ესპანელებმა, ვალვერდეს ბრძანებებით, შეუტიეს და გაანადგურეს ინკების უიარაღო ესკადრები და შეიპყრეს ატაჰუალპა. პისარო დაჰპირდა ატაჰუალპას გათავისუფლებას, ოთახის ოქროთი ავსების სანაცვლოდ. დამცინავი სასამართლო პროცესის შემდეგ, ესპანელებმა ატაჰუალპა ჩამოახრჩვეს.

ესპანური მმართველობა რედაქტირება

 
კიტოს მთავარი მოედანი. XVIII საუკუნის ნახატი

ახალმა ინფექციურმა დაავადებებმა, როგორიცაა ყვავილი, რომელიც ევროპელებისთვის ენდემურია, ესპანეთის მმართველობის პირველი ათწლეულების განმავლობაში გამოიწვია მაღალი ავადობა ამერიკელი-ინდიელების პოპულაციაში, რადგან მათ არ გააჩნდათ იმუნიტეტი. ამავე დროს, ადგილობრივები აიძულეს ენკომიენდას შრომის სისტემაში ჩართვა ესპანეთის სასარგებლოდ. 1563 წელს, კიტო გახდა ესპანეთის სამეფო აუდიენციის (ადმინისტრაციული ოლქის) ადგილი და პერუს ვიცე-სამეფოს ნაწილი, მოგვიანებით კი ახალი გრანადის ვიცე-სამეფო.

1797 წლის რიობამბას მიწისძვრა, რომლის დროსაც 40,000 ადამიანი დაიღუპა, შეისწავლა ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტმა, როდესაც იგი ესტუმრა ამ ტერიტორიას, 1801–1802 წლებში.

ესპანეთის, თითქმის 300 წლიანი, მმართველობის შემდეგ, კიტო ჯერ კიდევ პატარა ქალაქი იყო, სადაც 10,000 ადამიანი ცხოვრობდა. 1809 წლის 10 აგვისტოს, კრეოლებმა მოუწოდეს ხალხს ესპანეთისგან დამოუკიდებლობისკენ (პირველად ლათინური ამერიკის ხალხთა შორის). მათ ხელმძღვანელობდნენ ხუან პიო მონტიუფარი, სალინასი და ეპისკოპოსი ხოსე კერო კაისედო. კიტოს მეტსახელი „Luz de América“ („ამერიკის შუქი“) ემყარება მის წამყვან როლს დამოუკიდებელი, ადგილობრივი ხელისუფლების უზრუნველყოფის მცდელობაში. მიუხედავად იმისა, რომ ახალი მთავრობა ორ თვეზე მეტ ხანს ვერ გაგრძელდა, მას მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვა და ინსპირაცია გახდა ესპანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის ბრძოლაში დანარჩენი ესპანური კოლონიებისთვის, ამერიკაში. 10 აგვისტო, დღეს აღინიშნება, როგორც დამოუკიდებლობის დღე, ეროვნული დღესასწაული .

დამოუკიდებლობა რედაქტირება

 
ვენესუელის დამოუკიდებლობის ლიდერი ანტონიო ხოსე დე სუკრე
 
გუაიაკილის კონფერენცია“ იყო შეხვედრა სამხრეთ ამერიკული დამოუკიდებლობის მოძრაობის ორ მთავარ ლიდერს შორის. განიხილებოდა ახლადშექმნილი ქვეყნების მმართველობის ფორმა, სან მარტინმა აირჩია ერთიანი სამხრეთ ამერიკა მონარქიის სახით, ხოლო ბოლივარმა აირჩია იგივე, მაგრამ რესპუბლიკად. 1843 წლის ნახატი.

1820 წლის 9 ოქტომბერს გუაიაკილის დეპარტამენტი გახდა პირველი ტერიტორია ეკვადორში, რომელმაც ესპანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, და მან ბიძგი მისცა ეკვადორის სანაპირო პროვინციების უმეტესობას, გამოეცხადებინათ თავი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. ეკვადორის დანარჩენმა ნაწილმა დამოუკიდებლობა მოიპოვა მას შემდეგ, რაც ანტონიო ხოსე სუკრემ დაამარცხა ესპანური სამეფო ძალების პიჩინჩას ბრძოლაში, კიტოსთან ახლოს. ბრძოლის შემდეგ, ეკვადორი შეუერთდა სიმონ ბოლივარის დიდი კოლუმბიის რესპუბლიკას, ასევე მოიცავდა თანამედროვე კოლუმბიას, ვენესუელასა და პანამას. 1830 წელს ეკვადორი გამოეყო დიდ კოლუმბიას და გახდა დამოუკიდებელი რესპუბლიკა.

XIX საუკუნე აღინიშნა ეკვადორისთვის არასტაბილურობით, მმართველთა სწრაფი ცვლით. ეკვადორის პირველი პრეზიდენტი იყო ვენესუელაში დაბადებული ხუან ხოსე ფლორესი, რომელიც საბოლოოდ გადააყენეს, შემდეგ კი რამდენიმე ავტორიტარი ლიდერი მოჰყვა, როგორებიც იყვნენ, ვისენტე როკაფუერტე; ხოსე ხოაკან დე ოლმედო; ხოსე მარია ურბინა; დიეგო ნობოა; პედრო ხოსე დე არტეტა; მანუელ დე ასკასუბი; მათ შორისაა ფლორესის ვაჟი, ანტონიო ფლორეს ხიხონი. კონსერვატორმა გაბრიელ გარსია მორენომ გააერთიანა ქვეყანა 1860-იან წლებში, რომის კათოლიკური ეკლესიის მხარდაჭერით. XIX საუკუნის ბოლოს, მსოფლიო კაკაოს მოთხოვნილებამ ეკონომიკა დააკავშირა სასაქონლო ექსპორტს და გამოიწვია მაღალმთიანი რეგიონებიდან მიგრაცია სოფლის მეურნეობის საზღვარზე.

ეკვადორმა გააუქმა მონობა და გაათავისუფლა თავისი მონები 1851 წელს.

ლიბერალური რევოლუცია რედაქტირება

1895 წლის ელოი ალფაროს ლიბერალურმა რევოლუციამ შეამცირა სასულიერო პირებისა და კონსერვატი მიწათმფლობელთა ძალაუფლება. ამ ლიბერალურმა ფრთამ შეინარჩუნა ძალაუფლება 1925 წლის სამხედრო, „ჯულიანის რევოლუციამდე“. 1930-იანი და 1940-იანი წლები აღინიშნა პოპულისტი პოლიტიკოსების არასტაბილურობით და აღმოცენებით, მაგალითად, ხუთგზის პრეზიდენტი ხოსე მარია ველასკო იბარა.

2019 წლის საგანგებო მდგომარეობა რედაქტირება

საპროტესტო სერია დაიწყო 2019 წლის 3 ოქტომბერს, საწვავის სუბსიდიების დასრულების და ეკვადორის პრეზიდენტის ლენინ მორენოსა და მისი ადმინისტრაციის მიერ მიღებული ზომების მიღების წინააღმდეგ. 10 ოქტომბერს, პროტესტანტების მიერ, დედაქალაქ კიტოს დაზიანებამ გამოიწვია მთავრობის გადასვლა გუაიაკილში, მაგრამ ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ კვლავ გეგმავს კიტოში დაბრუნებას.

გეოგრაფია რედაქტირება

რესპუბლიკას კვეთს და ორ ნაწილად ყოფს ეკვატორი. გეოგრაფიულად, გეოლოგიურად, ბიოლოგიურად და კლმატის მიხედვით ეკვადორი იყოფა ოთხ ნაწილად: კოსტა (სანაპირო), სიერა (მთიანეთი), ორიენტე (ამაზონისპირა დაბლობი) და გალაპაგოსის არქიპელაგი.

ეკვადორის ფართობია 283 560 კმ², საიდანაც — 6 720 კმ² წყალია. ესაზღვრება კოლუმბია (590 კმ) და პერუ (1420 კმ). სანაპირო ზოლის სიგრძეა 2237 კმ.

ეკვადორის დედაქალაქ კიტოდან ჩრილოეთით, 25 კილომეტრში, ქვეყანას კვეთს ეკვატორი, საიდანაც წარმოსდგება ქვეყნის სახელწოდება.

კოსტა („სანაპირო“) — წყნარი ოკეანის სანაპირო რაიონი მოიცავს დაბლობს და ანდების მიმდებარე მთიანეთს. ტემპერატურა წლის განმავლობაში მერყეობს 24-დან 27,5 °C-მდე.

ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია ანდების მთები, რომლებიც შედგება ორი პარალელური ქედისაგან - დასავლეთი და აღმოსავლეთი კორდილიერა ( სადაც მდებარეობს ჩამქრალი ვულკანი ჩიმბორასო, 6267 მ., ქვეყნის უმაღლესი მწვერვალი და მოქმედი ვულკანი კოტოპახი, 5896 მ). კლიმატი მთელი წელიწადი ცივია, მკვეთრი ყოველდღიური ამპლიტუდით. საშუალო თვიური ტემპერატურა კიტოში (ზღ. დონიდან 2800 მ) შეადგენს 13-14 °C, ხოლო დღიური ამპლიტუდა 15-20°С.

ანდების აღმოსავლეთით მდებარეობს ამაზონის ტენიანი (ნალექები — 6000 მმ/წ) დაბლობის ნაწილი. სადაც ცხოვრობენ ინდიელები. რეგიონი შეადგენს ქვეყნის ფართობის 40 %-ს, რომელიც პრაქტიკულად ჯუნგლებს მოიცავს მრავალრიცხოვანი მდინარეებით. საშუალო წლიური ტემპერატურა შეადგენს 30 °C -ს.

გალაპაგოსის არქიპელაგი მდებარეობს თითქმის 1000 კილომეტრის დაშორებით ქვეყნის კონტინენტური ნაწილიდან დასავლეთით. არქიპელაგი შედგება 12 ძირითადი კუნძულისაგან, რომელთაგან 5 დასახლებულია. კუნძულების საერთო ფართობია 7,9 ათ. კმ². ცივი ოკეანური დინებამ, სიახლოვემ ეკვატორთან და კონტინენტისაგან იზოლაციამ გამოიწვია უნიკალური ფლორისა და ფაუნის ჩამოყალიბება, რომელთა უმრავლესობა — ენდემურია. კუნძულები ეროვნულ პარკადაა გამოცხადებული, რაც ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას. ჰაერის ტემპერატურა დღისით შეადგენს დაახლოებით 30 °C.

ერთადერთი მსხვილი მდინარე სანაპიროზე — ესმერალდასია. ანდები წარმოადგენს წყალგამყოფს წყნარი და ატლანტის ოკეანეებისას. ორიენტეს მთავარი მდინარეებია — გუაიასი, პასტასა, პუტუმაიო, ნაპო, აგუარიკო. ყველა მათგანი მიეკუთვნებ ამაზონის აუზს.

ადმინისტრაციული დაყოფა რედაქტირება

ეკვადორი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის მიხედვით იყოფა 24 პროვინციად და დედაქალაქის ოლქად (კიტო). პროვინციები იყოფა 199 კანტონად. კანტონები კი იყოფიან - ოლქებად.

 

ეკონომიკა რედაქტირება

ეკვადორს აქვს განვითარებადი ეკონომიკა, რომელიც დიდად არის დამოკიდებული საქონელზე, კერძოდ, ნავთობპროდუქტებზე და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე. ქვეყანა კლასიფიცირდება, როგორც საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყანა. ეკვადორის ეკონომიკა მერვე ადგილზეა ლათინური ამერიკაში და განიცდიდა საშუალო ზრდას 4,6 %-ით 2000-დან 2006 წლამდე.[9] ლათინური ამერიკის და კარიბის ზღვის აუზში გაეროს ეკონომიკური კომისიის (ECLAC) მიხედვით, 2007 წლიდან 2012 წლამდე, ეკვადორის მშპ გაიზარდა წლიურად საშუალოდ 4,3 %-ით, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, რაც 3.5 % იყო.[10] ეკვადორმა შეძლო შეენარჩუნებინა შედარებით მაღალი ზრდა კრიზისის პერიოდში. 2011 წელს, მისი მშპ 8 %-ით გაიზარდა და ლათინურ ამერიკაში მე-3 ადგილს იკავებდა, არგენტინის (მე-2) და პანამის (1-ლი) შემდეგ.[11] ეკვადორის ცენტრალური ბანკის მიხედვით, 1999 წლიდან 2007 წლამდე მშპ გაორმაგდა და მიაღწია 65,490 მილიონ აშშ დოლარს.[12]ინფლაციის მაჩვენებელი 2008 წლის იანვრამდე იყო 1.14 %, რაც მთავრობის თანახმად, უმაღლესი მაჩვენებელია გასული წლების მანძილზე.[13][14] უმუშევრობის ყოველთვიურმა მაჩვენებელმა შეადგინა, დაახლოებით, 6 %-დან 8 %-მდე 2007 წლის დეკემბრიდან 2008 წლის სექტემბრამდე პერიოდში; თუმცა, ის ოქტომბერში დაახლოებით 9 %-მდე გაიზარდა და კვლავ დაეცა 2008 წლის ნოემბერში 8 %-მდე.[15] უმუშევრობის საშუალო წლიური მაჩვენებელი 2009 წელს ეკვადორში იყო 8.5 %, რადგან გლობალური ეკონომიკური კრიზისის გავლენას განიცდიდა ლათინური ამერიკის ეკონომიკა. ამ თვალსაზრისით, უმუშევრობის დონემ დაღმავალი ტენდენცია დაიწყო: 2010 წელს 7,6 %, 2011 წელს 6.0 % და 2012 წელს 4.8 %.[16]

სიღარიბის უკიდურესი მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა 1999-დან 2010 წლამდე.[17] 2001 წელს იგი მოიცავდა მოსახლეობის 40 %-ს, ხოლო 2011 წლისთვის ეს მაჩვენებელი მთლიანი მოსახლეობის 17.4 %-მდე დაეცა.[18] ეს გარკვეულწილად აიხსნება ემიგრაციით და ეკონომიკური სტაბილურობით, რომელიც მიაღწიეს აშშ დოლარის ოფიციალური გარიგების გზით მიღების შემდეგ (2000 წლამდე ეკვადორული სუკრე მიდრეკილი იყო ყოვლისმომცველი ინფლაციისკენ).  

ნავთობი ექსპორტის 40 %-ს შეადგენს და ხელს უწყობს დადებითი სავაჭრო ბალანსის შენარჩუნებას.[19] 1960-იანი წლების ბოლოდან ნავთობის ექსპლუატაციამ გაზარდა წარმოება და დადასტურებული მარაგი შეფასებულია 6,51 მილიარდ ბარელად, 2011 წლის მონაცემით.[20]

სოფლის მეურნეობის სექტორში, ეკვადორი ბანანის მთავარი ექსპორტიორია (მსოფლიოში პირველ ადგილზეა წარმოებაში და ექსპორტში), ასევე ყვავილების, და კაკაოს მეშვიდე უდიდესი მწარმოებელი.[21] ეკვადორი აგრეთვე აწარმოებს ყავას, ბრინჯს, კარტოფილს, კასავას (მანიოკი, ტაპიოკა), მცენარეულობას და შაქრის ლერწამს; ცხვრის, ღორის, საქონლის ხორცს და რძის პროდუქტებს; თევზსა და კრევეტებსა და ბალზას.[22] ქვეყნის უზარმაზარი რესურსები მოიცავს, მთელ ქვეყანაში ხე-ტყის დიდ რაოდენობას, როგორიცაა ევკალიპტი და მანგრო.[23] ინდუსტრია კონცენტრირებულია ძირითადად გუაიაკილში, უმსხვილეს ინდუსტრიულ ცენტრში, და კიტოში, სადაც ბოლო წლებში ინდუსტრია მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს ქალაქი ასევე არის ქვეყნის უდიდესი ბიზნეს ცენტრი.[24]  

ეკვადორს აქვს ორმხრივი ხელშეკრულებები სხვა ქვეყნებთან, გარდა ამისა ეკუთვნის ანდების საზოგადოებას,[25] და არის მერკოსურის ასოცირებული წევრი.[26] იგი ასევე ემსახურება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას (WTO), ინტერ-ამერიკული განვითარების ბანკს (IDB), მსოფლიო ბანკს, საერთაშორისო სავალუტო ფონდს (IMF) და სხვა მრავალმხრივ სააგენტოებს.[27][28][29] 2007 წლის აპრილში, ეკვადორმა გადაუხადა თავისი სესხი საერთაშორისო სავალუტო ფონდ, რითაც დასრულდა ქვეყანაში სააგენტოს ინტერვენციის ინტერესი.[30][31] ეკვადორის სახელმწიფო ფინანსები მოიცავს ეკვადორის ცენტრალურ ბანკს (BCE), განვითარების ეროვნულ ბანკს (BNF) და სახელმწიფო ბანკს.

დემოგრაფია რედაქტირება

 
2016 წლის მოსახლეობის პირამიდა

ეკვადორის მოსახლეობა ეთნიკურად მრავალფეროვანია და 2018 შეფასებით შეადგენდა 17,084,358 ადამიანს. ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფი (2010 წლის მიხედვით) არის მეტისები, რომლებიც ესპანელი კოლონისტების შთამომავლები არიან, შეერივნენ ინდიელ ხალხებს და შეადგინეს მოსახლეობის დაახლოებით 71 %. თეთრი ეკვადორელები (თეთრი ლათინო ამერიკელი) არის უმცირესობა, რომელიც ეკვადორის მოსახლეობის 6.1 %-ს შეადგენს და გვხვდება ეკვადორის ყველა ქალაქში, ძირითადად, ურბანული ტერიტორიების გარშემო. მიუხედავად იმისა, რომ ეკვადორის თეთრკანიანი მოსახლეობა მისი კოლონიური პერიოდის განმავლობაში ძირითადად ესპანელთა შთამომავლები იყვნენ, დღეს ეკვადორის თეთრი მოსახლეობა ევროპელი ემიგრანტების ნაზავია, ძირითადად ესპანეთიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან და შვეიცარიიდან, რომლებიც დასახლდნენ XX საუკუნის დასაწყისში.[32] ამერიკელი ინდიელები შეადგენენ ამჟამინდელი მოსახლეობის 7 %-ს. აფრო-ეკვადორელები ეკვადორში მოსახლეობის უმცირესობაა (7 %), რომელიც მოიცავს მულატებსა და ზამბოებს და ძირითადად ესმერალდას პროვინციასა და უფრო მცირე რაოდენობით, მოსახლეობენ ეკვადორის სანაპირო ტერიტორიებზე, ძირითადად მეტისების პროვინციებში - გუაიასსა და მანაბიში.  

რელიგია რედაქტირება

რელიგიები ეკვადორში (2014)[33]
რელიგია პროცენტი
კათოლიკე
  
79%
პროტესტანტი
  
13%
არარელიგიური
  
5%
სხვა
  
3%

ეკვადორის სტატისტიკის და აღწერის ეროვნული ინსტიტუტის თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის 91,95 %-ს აქვს რელიგია, 7,94 % არის ათეისტი, ხოლო 0,11 % - აგნოსტიკი. რელიგიურ ადამიანებს შორის, 80,44 % არის კათოლიკე, 11.30 % არის ევანგელისტი პროტესტანტები, 1,29 % იეჰოვას მოწმეები და 6.97 % სხვა რელიგიის.[34][35]

ეკვადორის სოფლის ნაწილებში ზოგჯერ ამერიკელ-ინდიელთა რწმენა და კათოლიციზმი სინკრეტიზირებულია . ფესტივალების უმეტესობა და ყოველწლიური აღლუმები დაფუძნებულია რელიგიურ დღესასწაულებზე, ბევრი მათგანი მოიცავს რიტუალებისა და ხატების ნაზავს.

მცირე რაოდენობითაა აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ქრისტიანები, ამერიკელ-ინდიელთა რელიგიები, მუსულმანები, ბუდისტები და ბაჰაიზმის მიმდევრები. მათივე შეფასებით, იესო ქრისტეს გვიანდელი წმინდანთა ეკლესია მოიცავს მოსახლეობის დაახლოებით 1.4 %-ს, ანუ 211,165 წევრს, 2012 წლის ბოლო პერიოდის მონაცემით.[36] მათი საკუთარი წყაროების თანახმად, 2017 წელს ქვეყანაში 92,752 იეჰოვას მოწმე იყო. [37]

კულტურა რედაქტირება

 
კანიარის ბავშვები ტიპური ანდების ძირძველი მოსახლეობის სამოსით

ეკვადორის ძირითადი კულტურა განისაზღვრება მისი ესპანური მეტისური უმრავლესობით და, მათი წინაპრების მსგავსად, ის ესპანეთისტრადიციების მემკვიდრეობას წარმოადგენს, განსხვავებული ხარისხით გავლენას ახდენს ამიერიკელ-ინდიელთა ტრადიციები და ზოგ შემთხვევაში აფრიკული ელემენტები. ეკვადორის თანამედროვე ემიგრაციის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ტალღა შედგებოდა ესპანელი კოლონისტებისგან, რომლებიც 1499 წელს მოვიდნენ. სხვა დანარჩენი ევროპელები და ჩრდილოეთ ამერიკელები, უფრო მცირე რაოდენობით, მიდიოდნენ ქვეყანაში XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში და უფრო მცირე რაოდენობით, პოლონელები, ლიეტუველები, ინგლისელები, ირლანდიელები და ხორვატები, მეორე მსოფლიო ომის დროს და მის შემდეგ.

იმის გამო, რომ აფრიკელი მონები არ იყვნენ ესპანეთის კოლონიების შრომითი ძალა ანდების მთებში, ამერიკელ-ინდიელთა დამორჩილება ხდებოდა ენკომიენდას გზით, მოსახლეობის, აფრიკული წარმოშობის უმცირესობა, უმეტესად მოსახლეობდნენ სანაპირო ზოლის ჩრდილოეთით მდებარე ესმერალდას პროვინციაში. ეს მეტწილად ეკვადორის ჩრდილოეთ სანაპიროზე მონების სავაჭრო გალეონის, XVII საუკუნის გემის ჩაძირვის წყალობით მოხდა. რამდენიმე გადარჩენილი შავკანიანი აფრიკელი ნაპირს მიადგა და შეაღწია იმდროინდელ ჯუნგლებში, ანტონის ხელმძღვანელობით, ჯგუფის ხელმძღვანელი, სადაც ისინი დამკვიდრდნენ და ინარჩუნებდნენ თავდაპირველ კულტურას, გავლენას არ ახდენდნენ სანაპირო ან ანდების სხვა პროვინციების ტიპური ელემენტები. ცოტა მოგვიანებით, კოლუმბიისგან განთავისუფლებული მონები შეუერთდნენ მათ.  

ეკვადორის ამერიკელ-ინდიელთა საზოგადოებები ინტეგრირებულია მთავარ კულტურაში სხვადასხვა ხარისხით[38] მაგრამ ზოგიერთმა შეიძლება აგრეთვე გამოიყენოს მხოლოდ, საკუთარი მშობლიური კულტურები, განსაკუთრებით ამაზონის აუზის უფრო შორეული ამერიკელ-ინდიელთა თემები. ესპანურად ლაპარაკობენ, როგორც პირველ ენაზე, მოსახლეობის 90 %-ზე მეტი და როგორც პირველ ან მეორე ენაზე 98 %-ზე მეტი. ეკვადორის მოსახლეობის ნაწილს შეუძლიასაუბარი ინდიელთა ენებზე, ზოგიერთ შემთხვევაში, როგორც მეორე ენა. მოსახლეობის ორი პროცენტი მხოლოდ ინდიელთა ენებზე საუბრობს.

ენა რედაქტირება

ენები ეკვადორში
ენა პროცენტი
ესპანური (კასტილიური)
  
93%
კეჩუა
  
4.1%
უცხო ენები
  
2.2%
სხვა ადგილობრივი
  
0.7%

ეკვადორელთა უმეტესობა ესპანურად საუბრობს, როგორც პირველ ენაზე, თუმცა ბევრნი არიან, ვინც ლაპარაკობს ინდიელთა ენაზე, მაგალითად, კეჩუაზე, რომელიც ეკუთვნის კეჩუას ენათა ჯგუფს და მას იყენებს, დაახლოებით, 2.5 მილიონი ადამიანი ეკვადორში, ბოლივიაში, კოლუმბიასა და პერუში.[39] თუმცა, ინდიელთა ენების გამოყენება თანდათან მცირდება, რადგან ესპანურის გამოყენების პრაქტიკა ფართოვდება. ეკვადორული ესპანური ენა უმეტესი ესპანურენოვანი სამყაროსთვის უნივერსალურია, თუმცა არსებობს რამდენიმე სხვაობა.

მუსიკა რედაქტირება

 
ხულიო ხარამილიო ძველი ბოლეროს მუსიკალური ჟანრის წარმომადგენელი.

ეკვადორის მუსიკას დიდი ისტორია აქვს. პასილიო არის ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის ლათინური მუსიკის ჟანრი. ეკვადორში ეს არის „მუსიკის ეროვნული ჟანრი“. წლების განმავლობაში მრავალმა კულტურამ მოიყარა თავი და გავლენა მოახდინა მუსიკის ახალი ტიპების შექმნაზე. ასევე არსებობს სხვადასხვა სახის ტრადიციული მუსიკაც. ტეკნოკუმბია და როკოლა არის უცხო კულტურების გავლენის ნათელი მაგალითები. ეკვადორში ცეკვის ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული ფორმაა სანხუანიტო. ეს მომდინარეობს ჩრდილოეთ ეკვადორიდან (ოტავალო - იმბაბურა). სანხუანიტო არის საცეკვაო ტიპის მუსიკის სახეობა, რომელსაც უკრავენ სადღესასწაულო ღონისძიებებზე მეტისები და ამერიკელ-ინდიელთა თემების წარმომადგენლები. ეკვადორელი მუსიკათმცოდნე სეგუნდო ლუის მორენოს თქმით, სანხუანიტოს ცეკვავდნენ ამერიკელი ინდიელები სან ხუან ბაუტისტას დაბადების დღეს. ეს მნიშვნელოვანი თარიღი შემოიღეს ესპანელებმა 24 ივნისს,რომელიც დაემთხვა ამერიკელი-ინდიელების რიტუალების ინტი-რაიმის აღნიშვნას.

ლიტერატურა რედაქტირება

 
ხუან მონტალვო

ადრეულ ლიტერატურაზე კოლონიალურ ეკვადორში, ისევე როგორც დანარჩენ ესპანურ ამერიკაში, გავლენას ახდენდა ესპანეთის ოქროს ხანა. ერთ-ერთი პირველი მაგალითია ხაკინტო კოლაჰუასო,[40] ჩრდილოეთით მდებარე ამერიკელ-ინდიელთა სოფლის მმართველი, დღევანდელ იბარას ტერიტორია, რომელიც დაიბადა 1600-იანი წლების ბოლოს. ესპანელების მიერ მშობლიური ხალხის ადრეული რეპრესიებისა და დისკრიმინაციის მიუხედავად, კოლაჰუასომ კასტილიურად წერა და კითხვა ისწავლა, მაგრამ მისი ნაშრომი დაიწერა კეჩუას ენაზე . კიპუს გამოყენება აკრძალეს ესპანელებმა,[41] და მათი ნაშრომების შესანარჩუნებლად ინკების ბევრი პოეტი იძულებული გახდა, ლათინური ანბანი გამოეყენებინა მშობლიურ კეჩუას ენაზე საწერად. კოლაჰუასო ციხეში ჩასვეს და მთელი მისი ნამუშევარი დაიწვა. მისი ლიტერატურული ნაწარმოების არსებობა გაირკვა მრავალი საუკუნის შემდეგ, როდესაც მასონების ეკიპაჟმა აღადგინა კიტოში მდებარე კოლონიალური ეკლესიის კედლები და აღმოაჩინა ფარული ხელნაწერი. გადარჩენილი ფრაგმენტი წარმოადგენს ესპანურ თარგმანს კეჩუადან „ელეგია ატაჰუალპას გარდაცვალებას“,[42] კოლაჰუასოს მიერ დაწერილი ლექსი, რომელიც აღწერს ინკების მწუხარებას და უძლურებას მათი მეფის ატაჰუალპას დაკარგვის გამო.

ეკვადორელ, ადრეულ მწერალთა რიცხვში შედიან იეზუიტი ხუან ბაუტისტა აგირე, დაბადებული დაულში 1725 წელს და მამამისი ხუან დე ველასკო, რომელიც დაიბადა რიობამბაში, 1727 წელს. დე ველასკომ დაწერა იმ ერების და მთავრობების შესახებ, რომლებიც არსებობდნენ კიტოს სამეფოში (დღევანდელი ეკვადორი) ესპანელთა მოსვლამდე. მისი ისტორიული მოთხრობები ნაციონალისტურია, რომელიც მოიცავს პრეკოლონიური ისტორიის რომანტიკულ პერსპექტივას.

გვიან კოლონიური და ადრეული რესპუბლიკური პერიოდის ცნობილი ავტორები არიან ეუხენიო ესპეხო, პირველი გაზეთის მთავარი ავტორი და მბეჭდავი ეკვადორის კოლონიურ დროში; ხოსე ხოაკინ დე ოლმედო (დაიბადა გუაიაკილში), რომელიც ცნობილია სიმონ ბოლივარისთვის მიძღვნილი ოდით, სახელწოდებით Victoria de Junin; ხუან მონტალვო, გამოჩენილი ესეისტი და რომანისტი; ხუან ლეონ მერა, რომელიც ცნობილია თავისი ნამუშევრებით „კუმანდა“ ან „ტრაგედია ველურთა შორის“ და ეკვადორის ეროვნული ჰიმნით; და სხვ.

ეკვადორის თანამედროვე მწერლები მოიცავს რომანისტს ხორხე ენრიკე ადუმს; პოეტ ხორხე კარერა ანდრადე; ესეისტი ბენჟამინ კარიონი; პოეტები მედარდო ენჯელ სილვა და ლუის ალბერტო კოსტალესი; რომანისტი ენრიკე გილ გილბერტი; რომანისტი ხორხე იკასა; მოკლე მოთხრობების ავტორი პაბლო პალაციო; და რომანისტი ალისია იანეს კოსიო.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Ecuador. CIA World Factbook. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-08. ციტირების თარიღი: 2011-08-18.
  2. Ecuadorian census held on November 28, 2010 დაარქივებული September 30, 2014[Date mismatch], საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები . inec.gob.ec
  3. 3.0 3.1 Ecuador. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 2012-04-18.
  4. City of Quito. Whc.unesco.org. ციტირების თარიღი: 2010-06-26.
  5. Historic Centre of Santa Ana de los Ríos de Cuenca. Whc.unesco.org (1999-12-02). ციტირების თარიღი: 2010-06-26.
  6. South America Banks on Regional Strategy to Safeguard Quarter of Earth's Biodiversity. conservation.org (2003-09-16).
  7. Ecuador Adopts New Constitution – With CELDF RIGHTS of NATURE Language. The Community Environmental Legal Defense Fund. Retrieved 2009-09-07.
  8. Human Development Report 2011. United Nations (2011). ციტირების თარიღი: November 5, 2011.
  9. Yahoo! Noticias España – Los titulares de hoy. Yahoo Noticias España. ციტირების თარიღი: September 13, 2014.
  10. Ecuador GDP Grew 4.3 Percent Average Per Year From 2007 to 2012 დაარქივებული November 29, 2014, საიტზე Wayback Machine. . NAM News Network (NNN) (February 14, 2013). Retrieved April 24, 2013.
  11. Producto Interno Bruto (PIB) - Tasa de Crecimiento Real (%) დაარქივებული January 24, 2013, საიტზე Wayback Machine. . Indexmundi.com. Retrieved January 28, 2013.
  12. Banco Central del Ecuador – Resumen de pib დაარქივებული October 29, 2012, საიტზე Wayback Machine. . Bce.fin.ec (July 11, 2012). Retrieved July 26, 2012.
  13. Gill, Nathan. (January 6, 2012) Ecuadorian Inflation Accelerated to Three-Year High in 2011 დაარქივებული February 2, 2014, საიტზე Wayback Machine. . Bloomberg. Retrieved August 21, 2012.
  14. Ecuador Inflation rate (consumer prices) – Economy. ციტირების თარიღი: September 13, 2014.
  15. Ecuador en Cifras. ციტირების თარიღი: September 13, 2014.
  16. Comisión Económica para América Latina y el Caribe, CEPAL, Bases de Datos y Publicaciones Estadísticas "Tasa de desempleo." დაარქივებული March 18, 2015, საიტზე Wayback Machine. Retrieved on January 28, 2013.
  17. New Paper Examines Ecuador's Success in Emerging from Economic Recession; Reducing Poverty and Unemployment - Press Releases. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 11, 2014. ციტირების თარიღი: September 13, 2014.
  18. Rebeca, Ray and Sara, Kozameh. (May 2012) Ecuador's Economy Since 2007 დაარქივებული February 2, 2014, საიტზე Wayback Machine. . p. 15.
  19. Ecuador first-half trade surplus rises to $390 mln - Energy & Oil-Reuters. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 28, 2014. ციტირების თარიღი: September 13, 2014.
  20. Oil Reserves. ციტირების თარიღი: September 13, 2014.
  21. Downloads - Statistics – Production-Related Documents. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 20, 2014. ციტირების თარიღი: September 13, 2014.
  22. The World Fact Book. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 მარტი 2017. ციტირების თარიღი: 30 March 2017.
  23. Mapping for Results – Ecuador, Latin America & Caribbean. ციტირების თარიღი: September 13, 2014.
  24. Ranking 2010 – Ranking completo. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 17, 2014. ციტირების თარიღი: September 13, 2014.
  25. South American Community Nations – Andean Community -CAN დაარქივებული June 30, 2012, საიტზე Wayback Machine. . Comunidadandina.org. Retrieved August 21, 2012.
  26. „Profile: Mercosur – Common Market of the South“. ციტირების თარიღი: September 13, 2014.
  27. Which are its member countries? დაარქივებული July 17, 2012, საიტზე Wayback Machine. aladi.org
  28. UNASUR (South American organization) – Britannica Online Encyclopedia. ციტირების თარიღი: September 13, 2014.
  29. Union of South American Nations. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 25, 2015. ციტირების თარიღი: September 13, 2014.
  30. „Ecuador says pays off last debt with IMF“. ციტირების თარიღი: 2020-02-03.
  31. Chapter 1: Ecuador's Illegitimate Debt. ციტირების თარიღი: 2020-02-03.
  32. EL UNIVERSO. Población del país es joven y mestiza, dice censo del INEC - Data from the national census 2010 (2011-09-02). El Universo. ციტირების თარიღი: September 13, 2014.
  33. Religion in Latin America: Widespread Change in a Historically Catholic Region en (November 2014). ციტირების თარიღი: 17 December 2019.
  34. (in Spanish) El 80% de ecuatorianos es católico დაარქივებული August 11, 2013, საიტზე Wayback Machine. . lahora.com.ec. August 15, 2012
  35. (in Spanish) El 80% de los ecuatorianos afirma ser católico, según el INEC დაარქივებული August 19, 2012, საიტზე Wayback Machine. . eluniverso.com. August 15, 2012
  36. LDS Newsroom, Facts and Statistics, Ecuador. mormonnewsroom.org. ციტირების თარიღი: September 13, 2014.
  37. 2017 Service Year Report of Jehovah's Witnesses
  38. Elisabeth Hurtel. Photos Indigenous people of Ecuador. South-images.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 11, 2012. ციტირების თარიღი: September 13, 2014.
  39. Kichwa Kichwa language page
  40. Borja, Piedad. Boceto de Poesía Ecuatoriana,'Journal de la Academia de Literatura Hispanoamericana', 1972 დაარქივებული May 3, 2011, საიტზე Wayback Machine.
  41. Robertson, W.S., History of the Latin-American Nations, 1952
  42. Borja, Piedad. Boceto de Poesía Ecuatoriana,'Journal de la Academia de Literatura Hispanoamericana', 1972 დაარქივებული May 3, 2011, საიტზე Wayback Machine.