კარდანახის სასახლე

კარდანახის სასახლეარქიტექტურულ-ისტორიული ძეგლი მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდანახის სოფლის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. მუხიანის ტყის დასაწყისში. განეკუთვნება XIX საუკუნეს.

ისტორია რედაქტირება

სასახლე ორართულიანია. ააშენა დიმიტრი აფხაზმა, რომელსაც ვენახები და ზვრები წარაფებსა და არობში 21 ჰექტარზე ჰქონია გაშენებული. დიმიტრი სიღნაღის მაზრის ხაზინადარი იყო. ერთხელ, როდესაც ხაზინა გადაჰქონდა, ეტლი გადაბრუნდა და ფული მდინარე იორმა წაიღო. დანაკარგის ასანაზრაურებლად მან მთელი ადგილ-მამულები გაყიდა. მყიდველმა ვენახების გაჩეხვა და თამბაქოს პლანტაციების გაშენება მოინდომა. დიმიტრის ბიძაშვილებმა სცადეს მამულების უკან დაბრუნება, მაგრამ მეპატრონემ მამულები და სასახლე ძალიან იაფად მიჰყიდა გრაფ შერემეტივეს, რომელმაც კარდახანში გამოგზავნა აგრონომი ავერკინი. ავერკინმა სასახლის გარშემო ბაღი გააშენა. XX საუკუნის დასაწყისში აფხაზთა საგვარეულომ კვლავ დაიბრუნა სასახლე. სასახლის ბოლო მფლობელები იყვნენ ილია ჭავჭავაძის სიძე ნიკოლოზ აფხაზი და მისი შვილი კოტე. კოტე აფხაზი იყო აღმოსავლეთ საქართველოს თავადაზნაურობის მარშალი. თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი, კახეთში რკინიგზის გამყვანი თაოსანთგანი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე. კარდახანის სასახლეს ხშირად სტუმრობდა ილია ჭავჭავაძე, რომელსაც აქვე დაუწერია ლექსი „ყვარლის მთებს“ და პოემა „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდან“. კაკო ყაჩაღის პროტოტიპი კარდანახელი გლეხია გვარად გაუხარაშვილი. 1923 წლის 20 მაისს კოტე აფხაზი ბოლშევიკებმა დახვრიტეს. აფხაზებს სასახლე ჩამოართვეს. 1948 წელი. აქ გაიხსნა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა თავშესაფარი. 1980-იან წლებში სასახლეში ობოლ ბავშვთა თავშესაფრის სასადილო განათავსეს. 2005 წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სასამართლოს გადაწყვეტილებით სასახლე საკუთრებაში გადაეცა აფხაზთა საგვარეულოს წარმომადგენელს ნიკო აფხაზს.

არქიტექტურა რედაქტირება

სასახლე მთავარი ფასადის მხრიდან ორსართულიანია, ზურგის მხრიდან ერთსართულიანი. ნაგებია რიყის ქვისა და კვადრატული აგურის მწკრივების მონაცვლეობითა და რკინის დუღაბით, წყობა რეგულარულია. კონსტრაქტულ ადგილებში მხოლოდ კვადრატული აგურია გამოყენებული. ინტერიერში შელესილ-შეთეთრებულია. ძლიერაა დაზიანებული: ჩამონგრეულია სასახლის სამხრეთ ფრთის ოთახების ჭერი. II სართულზე აყრილია იატაკი, ჩამოშლილია ეზოს მხარეს მდებარე ოთახების გადახურვა. მთლიანად ჩანგრეულია მინაშენის გადახურვა. სასახლე რამდენჯერმეა გადაკეთებული და რამდენჯერმე აქვს სახე შეცვლილი. პირველი სართული სამეურნეო დანიშნულების იყო და ორ რიგად განლაგებული ხუთი ოთახისგან შედგებოდა. ოთახები ერთმანეთს კარით უკავშირდება. მთავარი ფასადის მხარე სამი დაახლოებით თანაბარი ფართობის ოთახია. თითოეულ მათგანს ნახევარწრიული კამარა ხურავს. კედლებში კი სხვადასხვა ზომის სწორკუთხა თახჩები არის მოწყობილი. კამარებს შუაში მთელ სიგრძეზე ნაწიბური გასდევს. სამივე ოთახის რვა სწორკუთხა სარკმელი და ოთახის სწორკუთხა კარი ფასადის მხარეს გამოდის. მესამე სამხრეთ განაპირა ოთახს სამხრეთიდან დამოუკიდებელი შესასვლელი აქვს. ამ ოთახის კამარის ნახევარი ჩამოქცეულია. კამარა სანახევროდ ჩამოქცეულია ეს ოთხი მეორე და ზურგის მხარის დიდ ოთახებს ფართო თაღოვანი ფართო შესასვლით უკავშირდება. მეორე ოთახის ნახევარწრიული კამარის ნახევარჭრიული თაღი თაროსებრ იმპოსტებს ეყრდნობა. ოთახი უსარკმლოა. ჩრდილო და დასვლეთ კედლებში აგურით ნაშენი თითო ბუხარია იატაკი მიწატკეპნილია. გადმოცემით კოტე აფხაზს ეს ოთხი მასთან სტუმრად მყოფი გერმანელი მწერლის არტურ ლაისტის რჩევით გაუკეთებია. მეორე სართული საცხოვრებელი იყო. სამხრეთიდან მიშენებული აქვს ქვის ართმარშიანი კიბე. ამ სართულზე შვიდი სხვადასხვა სიდიდის ოთახია, აქედან სამი მთავარი ფასადის მხარესაა. დანარჩენები ზურგის მხარეს მთავარი ფასადის მხარეს განლაგებული სამი ოთახის ცხრა თაღოვანი სარკმელი მთავარი ფასადის მხარეს გამოდის: ზურგის მხარეს განლაგებული ოთახები ერთმანეთთან კარითაა დაკავშირებული. მათი თაღოვანი სარკმელები ეზოში გადის. შუა პატარა ოთახში ხის ერთმარშიანი კიბეა, რომლითაც სხვენში შეიძლება ასვლა. ამ ოთახში დიდი ღუმელი მდგარა. სასახლის წინა მთავარი ფასადი დასრულებულია მრავალი პარაპეტით, რომლის ორივე მხარეს ერთმანეთთან ბოლო ორით გადაბმული ექვს-ექვსი ნახევარწრიული თაღია. მათ შუაში ნახევარწრიული სიბრტყეა. მთავარ ფასადსა მთელ სიგრძეზე გასდევს ბრტყელი ლავგარდანი სასახლის დანარჩენი ფასადები სადაა და ამჟამად ცემენტის ხსნარითაა შელესილი.შენობა გადახურულია ხის კოჭებზე გამართული თუნუქის პირამიდისებრი სახურავით. სასახლეს ჩრდილოეთიდან ეკვრის მისივე თანადროული ერთსათულიანი, კვადრატული აგურით ნაშენი გრძელი მინაშენი, რომელსაც თავდაპირველი სახე შეცვლილი აქვს. დაზიანებულია: მთლიანადაა ჩაქცეული კოჭოვანი გადახურვა, დაფარულია ეკალ-ბარდებით. მინაშენში რვა ოთახია ეზოს მხარეს ერთი დიდი და სამი პატარა ოთახია, რათა თაღოვანი სარკმლები ეზოსკენ გამოდის, დიდ ოთახში, ორი მაღალი და განიერი სწორკუთხა თახჩაა. პატარა ოთახებში მოწყობილია აბაზანა და სასადილო, აგრეთვე სველი წერტილები. ოთხი ოთახი - ორი დიდი და ორი პატარა - მთავარი ფასადისკენაა განლაგებული. ოთახებს თაღოვანი კარ-სარკმლები აქვს, რომლებიც ჩრდილოეთ კედელშია გაჭრილიო.

ლიტერატურა რედაქტირება