იოვანკა ჰოუსკა (ინგლ. Jovanka Houska; დ. 10 ივნისი,[1] 1980, ლონდონი, ინგლისი) — ინგლისელი მოჭადრაკე, საერთაშორისო ოსტატი (2005), ქალთა შორის დიდოსტატი (2000). მანდილოსნებში დიდი ბრიტანეთის 9-გზის ჩემპიონი (2008—2012 და 2016—2019 წლებში)[2].

იოვანკა ჰოუსკა

იოვანკა ჰოუსკა. 2022 წელი
ქვეყანა (სპორტი) ინგლისის დროშა ინგლისი
დაბადების თარიღი 10 ივნისი, 1980 (1980-06-10) (43 წლის)
დაბადების ადგილი ლონდონი, ინგლისი
წოდება საერთაშორისო ოსტატი (2005)
ფიდე რეიტინგი 2365 (მარტი 2022)
მაქსიმალური რეიტინგი 2433 (ივლისი 2010)

ბიოგრაფია რედაქტირება

იოვანკა ჰოუსკა 1980 წლის 10 ივნისს[3] სამხრეთ ლონდონში დაიბადა. მისი გვარის წარმომავლობა დაკავშირებულია ბაბუასთან, რომელიც სანახევროდ ჩეხი იყო. სახელიც სვავური დაარქვეს, რომელიც გვარს შეუსაბამეს. ჭადრაკი ჰოუსკების ოჯახში პოპულარული იყო, იოვანკა ხშირად ეთამაშებოდა უფროს ძმას მიროსლავს, რომელიც საერთაშორისო ოსტატის წოდებასაც ატარებდა, თუმც ამჟამად ჩამოშორებულია ჭადრაკს და იურისტია.
საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი ქვეყანა პირველად 1988 წელს ტიმიშოარაში მსოფლიოს 10 წლამდელ გოგონათა ჩემპიონატზე წარადგინა. სხვა მონაწილეებზე ასაკით პატარამ ცუდად დაიწყო, თუმც მომდევნო ტურებში გამოცოცხლდა და მეხუთე ადგილი დაიკავა. იმავე შეჯიბრზე კიდევ ორჯერ 1989 წელს აგუადილაში და 1990 წელს ფონდ-დუ-ლაკში იასპარეზა. 1990 წელს ბრინჯაოს მედალის მფლობელი გახდა. 1998 წელს ერევანში ევროპის ახალგაზრდულ(20 წლამდელთა) ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი აიღო. იმავე წელს ქალთა შორის საერთაშორისო ოსტატის წოდებაც შეასრულა. 1999 წელს კლატოვის ტურნირზე მეორე ადგილი აიღო, ბრიტანეთის ქალთა ჩემპიონატშიც იასპარეზა და მანდილოსნებში დიდოსტატის პირველი ნორმა შეასრულა.
2000 წელს ავილესში ევროპის გოგონათა ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიგო და ქალთა დიდოსტატის ნორმა შეასრულა. მომდევნო წელს ლონდონში ერთა თანამეგობრობის(დიდი ბრიტანეთის ქვეყნები და მათი ყოფილი კოლონიები) ჩემპიონატი მოიგო, რომელიც ინტელექტუალური სპორტის ოლიმპიადასთან (Mind Sports Olympiad) ერთად ჩატარდა. გადამწყვეტ მატჩში ინდოელი მამაკაცი დიდოსტატი დიბიენდუ ბარუა დაამარცხა და საერთაშორისო ოსტატის პირველი ნორმაც შეასრულა. 2005 წელს საერთაშორისო ოსტატის წოდება მიიღო და გახდა მესამე ბრიტანელი, ვინც ეს შეძლო. 2006 წელს ინგლისის ჭადრაკის ფედერაციამ წლის საუკეთესო მოჭადრაკედ დაასახელა. ამ ჯილდოს დაარსებიდან (1984 წლიდან) ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მანდილოსანი გახდა ამ პრესტიჟული ტიტულის მფლობელი.
2006 წელს ეკატერინბურგში ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა. 64 მონაწილეს შორის რეიტინგით 47-ე იყო. პირველ ტურში ალმირა სკრიპჩენკო დაამარცხა 1,5:0,5, ხოლო მეორეში ცინ კანინთან წააგო 1,5:2,5[4].

 
2008 წელი, ლივერპული. ევროკავშირის ჩემპიონატზე

2007 წელს გიბრალტარის ტურნირზე, მანდილოსნებში ანტოანეტა სტეფანოვასთან ერთად საუკეთესო შედეგი აჩვენა. მონრეალში «MonRoi International Women’s Grand-Prix Final» გათამაშებაში ლელა ჯავახიშვილთან ერთად მეორე ადგილზე გავიდა (გაიმარჯვა პია კრამლინგმა). 2008 წელს ბელგრადში საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირზე მეორე ადგილი გაიყო სვეტლანა მატვეევთან ერთად. ლივერპულში პირველად გახდა დიდი ბრიტანეთის ჩემპიონი ქალთა შორის. მოგვიანებით კი იმავე ქალაქში ევროკავშირის ქვეყნების ქალთა პირველობა ქეთევან არახამია-გრანტთან და იელენა დემბოსთან ერთად მოიგო, სამივემ 6 ქულა დააგროვა. 2010 წლის ივლისში ფიდეს რეიტინგში უმაღლეს პუნქტს 2433 მიაღწია. ამ რეიტინგით მოჭადრაკე ქალებში მსოფლიოში 51-ე გახდა, ხოლო ინგლისში მეორე. ასევე მეორე ადგილი აიღო 2009 წელს ლონდონში London Chess Classic Open ტურნირზე.
2010 წელს ჰატაიში მეორედ იასპარეზა ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე. პირველი წრე უბრძოლველად გაიარა, თუმც მეორეში ჰამპი კონერუსთან დამარცხდა 0,5:1,5[5]. 2021 წელს რიგაში FIDE Women's Grand Swiss ტურნირზე, 50 მონაწილეს შორის 43-ე ადგილს დასჯერდა[6].

 
2008 წელი, დრეზდენი. ქალთა ოლიმპიადა

ინგლისის ნაკრები რედაქტირება

ჯერ კიდევ აკადემიაში სწავლისას 18 წლისამ, ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში, 1998 წლის ელისტის ოლიმპიადაზე, სარეზერვო გუნდში იასპარეზა. მომდევნო წელს მესამე დაფაზე აინაცვლა. 2002 და 2004 წლებში მეორე დაფაზე თამაშობდა, ხოლო 2006-დან პირველ დაფაზე ზის. სამწუხაროდ არც გუნდური და ინდივიდუალური მედალი არ მოუპოვებია.
1999 წლიდან ევროპის გუნდურ ჩემპიონატებზეც ასპარეზობს. 2001 წელს მეორე დაფაზე მოთამაშემ გუნდური ბრინჯაო მოიგო. 2005-დან პირველ დაფაზე გამოდის და 2015 წელს ინდივიდუალური ვერცხლის მედალი აიღო, ნაკრები კი 23-ე ადგილს დასჯერდა. თამაშობს საკლუბო ჩემპიონატებზე მამაკაცებში და მანდილოსნები. უთამაშია ბუნდესლიგის კლუბ SK Hofheim-ში, ფრანგულ Deauville-ში და Wood Green-ში ოთხი ერის თასზე (დიდი ბრიტანეთის ლიგა).

ოჯახი რედაქტირება

ჰოუსკა 2009 წლის 14 მარტს ნორვეგიელ მოჭადრაკე არნე ჰაგესეთერზე დაქორწინდა.

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

როგორც ჭადრაკის შესახებ მწერალს, ჟურნალ CHESS Magazine-თვის გაუშუქებია შიდა და საერთაშორისო ტურნირები. პირველი წიგნი დებიუტებზე 2007 წელს გამოუშვა.

  • Houska, Jovanka (2007). Play the Caro-Kann – A Complete Chess Opening Repertoire Against 1 e4. London: Everyman Chess. ISBN 978-1-85744-434-6.
  • Houska, Jovanka (2009). Starting Out: The Scandinavian. London: Everyman Chess. ISBN 978-1-85744-582-4.
  • Emms, John; Palliser, Richard; Houska, Jovanka (2010). Dangerous Weapons: The Caro-Kann – Dazzle Your Opponents!. London: Everyman Chess. ISBN 978-1-85744-635-7.
  • Houska, Jovanka (2015). Opening Repertoire. The Caro-Kann. London: Everyman Chess. ISBN 9781781942109.

არასაჭადრაკო ლიტერატურა

  • Houska, Jovanka; Essinger, James (2016). The Mating Game. Canterbury: The Conrad Press. ISBN 978-1911546108.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Jovanka Houska. ციტირების თარიღი: 7 November 2021
  2. British Chess Champions
  3. Birthday of IM Jovanka Houska. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-07. ციტირების თარიღი: 7 November 2021
  4. 2006 FIDE Knockout Matches
  5. 2010 FIDE Knockout Matches. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2017-05-10.
  6. 2021 FIDE Chess.com Women's Grand Swiss. Chess-Tournament-Results-Server (2021-11-07). ციტირების თარიღი: 2022-02-02