მეგობარი აქტი

(გადამისამართდა გვერდიდან Megobari Act)

მეგობარი აქტი (ინგლ. MEGOBARI Act) — რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის, მიერ საქართველოსთან დაკავშირებული წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც - ერთის მხრივ - ითვალსიწინებთ საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების გაღრმავებას, ხოლო - მეორეს მხრივ - სანქციების დაწესებას საქართველოს დემოკრატიისთვის ძირგამოთხვრელ საქმიანობაში შემჩნეული პირებისთვის. კონგრესმენის საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერებას რამდენიმე მიმართულებით ითვალისწინებს და, ამავდროულად, საქართველოს ხელისუფლებას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისაკენ მოუწოდებს.[1]

ჯო უილსონი

კანონპროექტის სახელწოდება სიმბოლურად არის შერჩეული; მისი სრული სახელწოდება არის "Mobilizing and Enhancing Georgia’s Options for Building Accountability, Resilience, and Independence Act", ანუ „ანგარიშვალდებულების, მედეგობისა და დამოუკიდებლობის ასაშენებლად საქართველოს შესაძლებლობების მობილიზებისა და გაძლიერების აქტი“.[1]

აქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება ანტიდასავლურ რიტორიკასა და ადამიანის უფლებების დარღვევებს შეწყვეტს, აშშ-მა შესაძლოა საქართველოსთან მნიშვნელოვანი დახმარების პაკეტს მოაწეროს ხელი, რომელიც ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და მოგზაურობის მიმართულებებს შეეხება.[1]

კონგრესმენის ინიციატივა, საქართველოს მხრიდან აღნიშნული პოლიტიკური კრიტერიუმების შესრულების შემთხვევაში, „შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმის“ დაწესებას ითვალისწინებს, რაც ქართულ ბიზნესებს საკუთარი პროდუქციისა თუ მომსახურების შეერთებულ შტატებში გატანას გაუადვილებს. გარდა ამისა, კანონპროექტი ამერიკულ ბაზარზე მოხვედრის გამარტივებასთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზალიბერალიზაციის შემოღებასაც ითვალისწინებს.[1]

კანონპროექტის ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი მიმართულება უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავება. აქტი აშშ-ის თავდაცვის სექტორის ოფიციალურ პირებს დაავალდებულებს საქართველოსთვის სპეციალური ყოვლისმომცველი სამხედრო დახმარების პაკეტი შეიმუშაონ, რომელიც რუსეთის აგრესიისაგან ტერიტორიული თავდაცვისთვის საჭირო შეიარაღებით, აღჭურვილობით, წვრთნებით, ტექნიკური მხარდაჭერითა თუ ოპერაციების მხარდამჭერი ელემენტებით უზრუნველყოფასა და მომარაგებას გულისხმობს.[1]

კანონპროექტი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებს ახალ საფეხურზე გადაიყვანს, ის მხოლოდ იმ შემთხვევაში გააქტიურდება, თუკი აშშ-ის მთავრობა დაადასტურებს, რომ „საქართველომ აჩვენა მდგრადი პროგრესი დემოკრატიის აღორძინების მიმართულებით, რაც მინიმუმ გამოიხატება დაბალანსებული წინასაარჩევნო გარემოს შექმნასა და სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებაში“.[1]

კონგრესში წარდგენილი კანონპროექტი საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემთხვევაში, პროცესში ჩართული პირებისათვის სანქციების დაწესებასაც ითვალისწინებს.[1]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 რა არის MEGOBARI Act?, დავით ბერაძე