იონტენ გიაცო (ტიბ. ཡོན་ཏན་རྒྱ་མཚོ་; დ. 1589 — გ. 1617) — მონღოლთა ყაენ ალტან-ხანის შვილიშვილი და რიგით მეოთხე დალაი ლამა 1601-1617 წლებში.

იონტენ გიაცოupright=300პქ
დალაი ლამა
1601-1617
წინამორბედი: სონამ გიაცო
მემკვიდრე: ლოძანგ გიაცო
 
დაბადება: 1589, მონღოლეთი
გარდაცვალება: 1617, (27-28 წლის)
ტიბეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

იონტენი დაიბადა 1589 წელს მონღოლეთის სამეფო კარზე. იგი იყო მონღოლთა ერთ-ერთი ტომის, ჩოკურების ხან ცულტრიმ ჩოიჯეს ვაჟი, რომელიც თავის მხრივ მონღოლთა ყაენ ალტან-ხანის ვაჟი იყო. იგი ბავშვობიდანვე იყო გატაცებული ბუდისტური რელიგიითა და ფილოსოფიით, რამაც შემდეგში განაპირობა ის, რომ ისტორიაში პირველი და უკანასკნელი მონღოლი დალაი ლამა გახდა. ზოგიერთი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ ასევე მონღოლი იყო მეექვსე დალაი ლამაც, რომელიც მონპას ტომიდან იყო, მაგრამ მონპას ხალხი თავისი ეთნიკური წარმომავლობით უფრო ტიბეტურია, ვიდრე მონღოლური.

ტიბეტის სახელმწიფოში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ბერმა ნეჩუნგმა იწინასწარმეტყველა, რომ დალაი ლამას შემდეგი რეინკარნაცია მონღოლეთში მოხდებოდა. ამავე დროს, მესამე დალაი ლამას თანამოსაყდრე ბერმა ცულტრიმ გიაცომ ტიბეტურ ხელისუფლებას წერილი გაუგზავნა და ამცნო, რომ იონტენის სახით ახალი დალაი ლამა უკვე დაბადებული იყო. იგი ტიბეტელმა ბერებმა და მთავრებმა მალევე შეიცნეს წინამორბედთა რეინკარნაციად.

1599 წელს იონტენი ტიბეტში გაემგზავრა, სადაც თან ახლდნენ მისი თანამოძმე მონღოლი ბერები, რომლებიც 1603 წელს უკან დაბრუნდნენ.

ლჰასაში ჩასვლისას მას ყველა დიდი ზარ-ზეიმით დახვდა, რასაც 1601 წელს მისი რიგით IV დალაი ლამად გამოცხადება მოჰყვა.

მიუხედავად ამისა, იგი ჯერ კიდევ პატარა იყო, რის გამოც ბევრი ჰქონდა სასწავლი. ახალმა დალაი ლამამ პანჩენ ლამასთან დაიწყო განათლების მიღება. 1614 წელს მისი სწავლა-განათლების პერიოდი საბოლოოდ დასრულდა.

მონღოლური წარმომავლობის გამო, მას ბევრი ტიბეტელი ბერი არ სცნობდა დალაი ლამად და იყო ძალაუფლების ჩამორთმევის მცდელობებიც. ამის გამო, 1605 წლიდან ლჰასაში მონღოლური კავალერია განლაგდა, რომელსაც დალაი ლამას უსაფრთხოების დაცვა ევალებოდა. აღსანიშნავია, რომ კავალერია შემდეგში განუდგა დალაი ლამას და თავს დაესხა მის სამყოფელს, რის გამოც იონტენს დრეპუნგის მონასტრიდან გაქცევა მოუხდა.

1616 წლიდან იონტენმა სანგიბის გამოქვაბულებში დაიდო ბინა, სადაც სიმშვიდესა და მედიტაციაში გაატარა დარჩენილი დრო. იგი აქ, 1617 წელს, 27-28 წლის ასაკში დაიღუპა მეტად საეჭვო ვითარებაში. ერთი ვერსიით იგი მოწამლეს, ხოლო დანარჩენები მის სიკვდილს გამოქვაბულში გაჩენილ 12-დღიან ხანძარს აბრალებენ.

მომდევნო, V დალაი ლამა მხოლოდ 1642 წელს იქნა არჩეული და იგი იყო პირველი დალაი ლამა, რომელიც გარდა სულიერი წინამძღოლობისა როგორც მონარქი ისე მართავდა მთელ ტიბეტს, რაც შემდეგში მისმა მემკვიდრეებმაც განაგრძეს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Mullin, Glenn H. (2001). The Fourteen Dalai Lamas: A Sacred Legacy of Reincarnation, Clear Light Publishers. Santa Fe, New Mexico. ISBN 1-57416-092-3.
  • Shakabpa, Tsepon W.D. (2010). One Hundred Thousand Moons. An Advanced Political History of Tibet (2 vols). Leiden (Netherlands), Boston (USA): Brill's Tibetan Studies Library. ISBN 9789004177321.
  • Stein, R. A. (1972). Tibetan Civilization, Stanford University Press. ISBN 0-8047-0806-1 (cloth); ISBN 0-8047-0901-7 (paper).
  • Thubten Samphel and Tendar (2004). The Dalai Lamas of Tibet. Roli & Janssen, New Delhi. ISBN 81-7436-085-9.