ათი მცნება
ათი მცნება — ათი უმთავრესი კანონი (წესი), რომელიც ძველი აღთქმის ხუთწიგნეულის თანახმად თავად ღმერთმა მისცა მოსე წინასწარმეტყველს სინის მთაზე (ძველი აღთქმა, გამოსვლაჲ , 19:10-25).
ასე ითარგმნა ებრაული ფრაზა‛ასერეთ ჰადდევარიმ, რომელიც მხოლოდ ხუთწიგნეულში გვხვდება. მასში იგულისხმება კანონის შეთანხმების ათი ძირითადი კანონი. მას აგრეთვე უწოდებენ ათ სიტყვას კანონთა ეს განსაკუთრებული კრებული ბიბლიაში მოიხსენიება, როგორც „სიტყვები“ (კნ. 5:22) და „შეთანხმების სიტყვები“ (გმ. 34:28). ბერძნულ სეპტუაგინტაში (გმ. 34:28; კნ. 10:4) ეს ფრაზა გადმოტანილია, როგორც დეკა (ათი) ლოგუს (სიტყვები). აქედან მომდინარეობს სიტყვა „დეკალოგი“.
პირველად ათი მცნება ღმერთმა ისრაელის კრებულს, სინას მთასთან ანგელოზის პირით გაუცხადა.ამის შემდეგ მოსე ავიდა მთაზე ქვის ორ ფილაზე დაწერილი ათი მცნების მისაღებად. იქ მან ღვთისგან სხვა წესები და მითითებებიც მიიღო. ვიდრე მოსე 40 დღეს მთაზე იმყოფებოდა, ხალხი მოუთმენლობამ შეიპყრო და კერპად ოქროს ხბო ჩამოასხა. მათი კერპთაყვანისმცემლობის დანახვაზე მთიდან ჩამომავალმა მოსემ „ღვთის ნაკეთები“ ფილები, რომლებზეც ათი მცნება ეწერა, ძირს დაანარცხა და დაამსხვრია.
მოგვიანებით ღმერთმა უთხრა მოსეს: „გამოთალე პირველი ფილების მსგავსი ორი ქვის ფილა და დავწერ მე იმ სიტყვებს, რომლებიც პირველ ფილებზე ეწერა, შენ რომ დაამტვრიე“ (გმ. 34:1—4). მოსემ კიდევ 40 დღეს დაჰყო მთაზე, სადაც ათი მცნების ასლი მიიღო. ეს ფილები მან აკაციის ხის კიდობანში შეინახა. ამ ფილებს „შეთანხმების ფილები“ უწოდეს. შესაძლოა სწორედ ამიტომ ეწოდა „შეთანხმების კიდობანი“ მოგვიანებით ბეცალელის მიერ გაკეთებულ ოქროთი მოვარაყებულ კიდობანს, რომელშიც ეს ფილები ინახებოდა.
ათი მცნებისგან შემდგარ კანონს „მოწმობა“ და „მოწმობის ორი ფილა“ ეწოდებოდა . აქედან წამოვიდა ფრაზები „მოწმობის კიდობანი“ და „მოწმობის კარავი“, რომელშიც ეს კიდობანი იდგა.
ათ მცნებას პირველ პირში გაკეთებული განაცხადი უძღოდა წინ: „მე ვარ შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანე ეგვიპტის მიწიდან, მონობის სახლიდან“. ამ სიტყვებიდან მხოლოდ ის კი არ ჩანდა, თუ ვინ ვის მიმართავდა, არამედ ისიც, თუ რატომ მიეცათ სწორედ ამ დროს იუდეველებს ათი მცნება, რომლებიც ღმერთს აბრაამისთვის არ მიუცია.
ბიბლიის ქართული კანონიკური ტექსტის თანახმად
რედაქტირება- მცნება პირველი: მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე.
- მცნება მეორე: არა ჰქმნე თავისა შენისა კერპნი, არცა ყოვლადვე მსგავსნი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქუეყანასა ზედა ქუე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქუეშე ქუეყანისა: არა თაყუანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.
- მცნება მესამე: არა მოიღო სახელი უფლისა ღმრთისა შენისაჲ ამაოსა ზედა.
- მცნება მეოთხე: მოიჴსენე დღჱ იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგი: ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმჱ შენი, ხოლო დღჱ იგი მეშჳიდჱ, შაბათი არს უფლისა ღმრთისა შენისაჲ.
- მცნება მეხუთე: პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რაჲთა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყვნე ქუეყანასა ზედა.
- მცნება მეექვსე: არა კაც-ჰკლა.
- მცნება მეშვიდე: არა იმრუშო.
- მცნება მერვე: არა იპარო.
- მცნება მეცხრე: არა ცილი-სწამო მოყუასსა შენსა წამებითა ცრუჲთა.
- მცნება მეათე: არა გული გითქუმიდეს ცოლისათჳის მოყუასისა შენისა, არა გული გითქუმიდეს სახლისათჳის მოყუასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთჳის, რაჲცა იყოს მოყუასისა შენისა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ათი მცნების განმარტება.
- Ten Commandments: Ex. 20 version (text დაარქივებული 2009-05-29 საიტზე Wayback Machine. , mp3), Deut. 5 version (text დაარქივებული 2008-02-29 საიტზე Wayback Machine. , mp3) in The Hebrew Bible in English დაარქივებული 2008-03-03 საიტზე Wayback Machine. by Jewish Publication Society, 1917 ed.