ჰელსინკის ლუთერანული კათედრალი
ჰელსინკის ლუთერანული კათედრალი (ფინ. Helsingin tuomiokirkko) – საკათედრო ტაძარი ჰელსინკიში ფინეთის ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის ჰელსინკის ეპარქიის დედაეკლესია. მდებარეობს ჰელსინკიში, კრუუნუნჰაკის უბანში, სენატის მოედანზე.
ისტორია
რედაქტირებატაძრის მშენებლობა 1830-1852 წლებში კარლ ლუდვიგ ენგელის პროექტით ხორციელდებოდა. ტაძარი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა 1852 წლის 15 თებერვალს. კათედრალი მოქმედი იმპერატორის ნიკოლოზ I-ის ზეციური მფარველის, წმინდა ნიკოლოზის სახელობაზე აკურთხეს (ფინ. Nikolainkirkko).
როგორც საისტორიო ქრონიკებში ვკითხულობთ, 1842 წელს ჰელსინგფორსში საზეიმოდ აღინიშნა ალექსანდრეს უნივერსიტეტის ორასი წლისთავი. რაკი მისმა სამეჯლისო დარბაზმა ყველა მსურველი (3000 ადამიანზე მეტი) ვერ დაიტია , საზეიმო ღონისძიებების ცენტრად უნივერსიტეტთან ახლოს მდებარე ნიკოლოზის ეკლესია იქნა არჩეული, რომელიც იმხანად უკვე სრულიად მზად იყო, თუმცა განათება აკლდა.
იმპერატორმა ნიკოლოზ II-ემ კი ინება, რომ ტაძარი თუთიისგან ჩამოსხმული მოციქულების ქანდაკებებით შეემკოთ.
მას მერე, რაც 1917 წელს ფინეთი დამოუკიდებელი გახდა, ტაძარს სახელი შეეცვალა და დაერქვა სუურკირკო (ფინ. Suurkirkko - „დიდი ეკლესია“).
1952 წელს, ჰელსინკიში გამართული ოლიმპიადის პარალელურად აღინიშნა ტაძრის ასი წლის იუბილე.
1959 წელს დაარსდა ჰელსინკის ეპარქია, რის შემდეგად ტაძარს ჰელსინკის კათედრალი ეწოდა (ფინ. Helsingin tuomiokirkko).
ყოველწლიურად 6 დეკემბერს, ფინეთის დამოუკიდებლობის დღეს, შუადღისას საკათედრო ტაძარში აღევლინება ეკუმენური ღვთისმსახურება ქვეყნის პრეზიდენტისა და სახელმწიფო საბჭოს წევრების მონაწილეობით.