ხემხო
ხემხო, ხემხუ — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში გურიიდან.
სამეგრელოში შემორჩენილია ამ ჯიშისადმი მიძღვნილი ლექსის ფრაგმენტი: „ხემხუაიე — ხვავრიელი, ჩქინი მარანი — ეფშა ოდა, ტერეფიში — ცარიელი!“ („ხემხუ — ხვავრიელი, ჩვენი მარანი — სავსე ოდა, მტრებისა კი — ცარიელი!“).
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრად სქლადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ზოგჯერ ფრთიანი, საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, შავი ფერის. კანი სქელი და მკვრივი აქვს, სქელი ცვილისებრი ფიფქით დაფარული. რბილობი ხორციანი და წვნიანია. წვენი შეუფერავია, სასიამოვნო და ტკბილი გემოთი.
ხემხო საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 190-195 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის მეორე ნახევარში შედის. მტევნის საშუალო წონა 142 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.5-7.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20.5%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8.7-9.0 გ/ლ-ს.
გამოიყენება სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 518