ხეთაგაანთ კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო-თავდაცვითი ნაგებობა ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ სვერში, ხეთაგაანთ უბანში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ოთხკუთხა ფორმის კოშკი ძლიერ არის დაზიანებული. შემორჩენილია ჩრდილოეთი კედელი, აღმოსავლეთი და დასავლეთი კედლების ჩრდილოეთი მონაკვეთები. კედლები საკმაოდ სქელია. კოშკი ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი და რიყის ქვით დუღაბის სქელ ხსნარზე. ჩრდილოეთი კედლის ქვედა, ცენტრალურ ნაწილში, პირველი სართულის დონეზე, დიდი ზომის ბუხარია. ექვსიოდე მეტრის სიმაღლეზე (ასევე ჩრდილოეთ კედელში) მოჩანს სართულშუა გადახურვის ძელების ბუდეები. კედლის ზედა ნაწილი დანგრეულია და კოშკის სიმაღლის დადგენა შეუძლებელია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 164