ჭურთის ეკლესია
ჭურთის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუნეთში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
ნასოფლარ ჭურთაში დგას დარბაზული ეკლესია სამხრეთის და ჩრდილოეთის მინაშენებით. სამშენებლო მასალად გამოყენებულია კარგად თლილი ქვა. მთავარი ნაგებობა გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა. აღმოსავლეთით დასრულებული ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია მაღალი, თაღოვანი სარკმელი. ჩრდილოეთითა და სამხრეთით თითო სწორკუთხა ნიშაა. ჩრდილოეთ ნიშასთან და აბსიდის ცენტრში ტრაპეზის ქვები დგას. სფერული კონქი ამოყვანილია აგურის რადიალური რიგებით. სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა. გრძივი კედლები ორსაფეხურიანი პილასტრების საშუალებით ორ არათანაბარ ნაწილად იყოფა. კამარა ჩამოქცეულია კამარის საბრჯენი თაღების შემორჩენილი ქვედა ნაწილი პილასტრებს და კრონშტეინებს ეყრდნობა. ეკლესია ნათდებოდა აღმოსავლეთის, სამხრეთის და დასავლეთის თაღოვანი, საფეხურებიანი სარკმლებით. ეკლესიის კედლებზე და აღმოსავლეთ სარკმლის წირთხლებზე შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. სამხრეთით არქიტრავული შესასვლელია. შესასვლელის თავზე ლუნეტია. ინტერიერში მიწის დონე საგრძნობლადაა აწეული. ამოსულია დიდი ზომის ხე. ეკლესიას გვიანდელი მინაშენები აქვს. სამხრეთის მინაშენს აღმოსავლეთით სარკმელი, ხოლო სამხრეთით არქიტრავული შესასვლელი აქვს. სამხრეთ კედელში ერთი სწორკუთხა ნიშაა. ჩრდილოეთ მინაშენში შესასვლელი დასავლეთიდანაა. მინაშენების კედლები შემორჩენილია 2 მეტრის სიმაღლეზე. ეკლესიის და მინაშენების საბურავად გამოყენებული იყო ფიქალი. ეკლესიიდან სამხრეთით 3–4 მეტრში იდგა სამრეკლო. მისგან შემორჩენილია მხოლოდ მასიური, ოთხკუთხა სვეტები.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი : ახალგორის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ.: ილიას ფონდი, 2008. — გვ. 221–222. 274 გვ, ISBN 978-99928-0-931-0.