ჭორჭოხის ეკლესია
ჭორჭოხის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორჭოხიდან აღმოსავლეთით, ქედზე 1,5 კმ-ზე. აგებულია გარდამავალი ხანაში.
საშუალო ზომის დარბაზული ეკლესია, რომელსაც გვიანი ხანის ჩრდილოეთი მინაშენი აქვს, კარგად დამუშავებული დიდი და საშუალო ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები. გეგმით სწორკუთხა ნაგებობა აღმოსავლეთით დასრულებულია ასევე სწორკუთხა საკურთხევლით. მისი კონქის ამოსაყვანად ფიქალიც არის გამოყენებული. საკურთხევლის მხრები ბოლომდე არ ჩამოდის. როგორც საკურთხეველი, ისე კამარის მზიდი თაღიც, თხელი ფიქალის ქუსლს ეყრდნობა. ჩრდილოეთი კარის ბალავრის ზემოთ ინტერიერში ოდნავ შეისრული ლუნეტია ამოღებული. თითო სარკმელია აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში. როგორც დარბაზის, ისე მინაშენის გადახურვა ჩამონგრეულია. მიწის დონე ერთი მეტრითაა აწეული. შემორჩენილია მინაშენის დასავლეთი და ჩრდილოეთი კედლები. დარბაზის ინტერიერი მოხატული ყოფილა. ფრაგმენტულად იკითხება რამდენიმე სახე, გველეშაპის გამოსახულება და ასომთავრული წარწერები. ფერები ჩამორეცხილია. გადარჩა მხოლოდ ესკიზური ხაზები. ეკლესია ვერტიკალური ღერძიდან გადაწეულია სამხრეთით, გაბარიტები დარღვეულია.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი : ახალგორის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ.: ილიას ფონდი, 2008. — გვ. 261. 274 გვ, ISBN 978-99928-0-931-0.