ჭორვილის მაცხოვრის ეკლესია

ჭორვილის მაცხოვრის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილაში. აგებულია 1901 წელს.

ეკლესია სამნავიანი ნაგებობაა, რომლის სამივე ნავი ორფერდა სახურავის ქვეშაა მოქცეული. იგი საკმაოდ დიდი მოცულობისაა, გარე ზომებით: 18X11 მ. გეგმა წაგრძელებული სწორკუთხედია, ურთიერთისმეტრიულად განლაგებული კონსტრუქციული ნაწილებით. ინტერიერში ორმწკრივად ჩარიგებული ექვსი კვადრატული სვეტით სამ ნავად იყოფა. შუა ნავი, რომელიც სხვებზე განიერი და მაღალია, აღმოსავლეთით საკურთხევლით ბოლოვდება, ხოლო ორი დანარჩენი ნავი შესაბამისად სამკვეთლოთი და სადიაკვნით. ისინი დარბაზისაგან აღმოსავლეთის ორი სვეტითა და მათგან განივად გადასული თაღებით არიან გამიჯნული. სადიაკვნის აფსიდს ნახევარი ელიფსის ფორმა აქვს, ხოლო საკურთხევლისა და სამკვეთლოს აფსიდები ასიმეტრიული მოხაზულობისაა. სამივე აფსიდის კონქის თაღები იმპოსტებს ეყრდნობა. საკურთხევლისა და სამკვეთლო-სადიაკვნეს სივრცეები გაერთიანებულია ფართო თაღოვანი გასასვლელებით. სარკმელი მხოლოდ საკურთხევლის აფსიდშია გაჭრილი, ხოლო სამკვეთლოსა და საკურთხეველს თითო სარკმელი გვერდებზე აქვს განლაგებული, მათ ქვემოთ კი ნიშებია გამოკვეთილი — სამკვეთლოში ორი თაღოვანი, სადიაკვნეში კი ერთი სწორკუთხა. სამკვეთლო-სადიაკვნის მხრები დარბაზის გრძივი კედლებისაგან თითო საფეხურითაა გამოყოფილი. გრძივი კედლების ცენტრალურ ნაწილებში თითო კარი და მათ აქეთ-იქით ორ-ორი სარკმელია განლაგებული, რომელთა ზემოთ დეკორატიული თაღები გადადის. ერთი კარი მდებარეობს დასავლეთ კედლის შუაში, მის ზემოთ კი ფრონტონზე გამავალი მრგვალი სარკმელია გაჭრილი. კედლები ორივე მხრიდან შებათქაშებულია. იატაკი ქვის ფილებითაა დაგებული. საკურთხევლის იატაკი ერთი საფეხურითაა შემაღლებული. ფასადების დეკორს კარ-სარკმლის ლილვოვანი საპირეები წარმოადგენს. სამხრეთი და დასავლეთი კარების მხატვრული იერი დამატებით პილასტრების კომპოზიციითაა გაძლიერებული. დასავლეთი კარის დეკორატიულ ფრონტონში ჯვარია გამოსახული. სამხრეთი კარის შეწყვილებული პილასტრები ორსართულადაა განლაგებული, მეორე სართულის პილასტრებს შორის კარის თავზე ბარელიეფური ჯვარია გამოსახული, მის ზემოთ კი წრიულ ქვაზე მხედურულით შესრულებულის ამშენებლო წარწერაა. შენობა ერთსაფეხურიან ზეძირკველზე დგას, კუთხეებში პილასტრებია ამოყვანილი, ლავგარდანი კვეთაში თაროსა და ფოსოს ფორმისაა. სახურავი კრამიტისაა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 9089