ეპისტოლე წმ. მოციქულისა იუდასი

(გადამისამართდა გვერდიდან წმ. მოციქულისა იუდასი)

ეპისტოლე წმ. მოციქულისა იუდასი — ერთადერთი ეპისტოლე წმ. მოციქულისა იუდასი (იაკობის ძმისა). გადმოცემის თანახმად, იუდამ სპარსეთში ქადაგებისას დაწერა თავისი კათოლიკე ეპისტოლე ბერძნულ ენაზე. ეპისტოლით მან მიმართა თავის თანამემამულეებს, ქრისტეს მცნებათა ამღიარებელ ყველა მორწმუნეებს.

იუდა იაკობისი

ეპისტოლე შესულია ახალი აღთქმის წიგნებში და წარმოადგენს კათოლიკე ეპისტოლეთა ერთ–ერთ წერილს. შედგება მხოლოდ ერთი თავისაგან და მასში საუბარია ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა რწმენის სიმტკიცე.

ეპისტოლეს შინაარსი

რედაქტირება

1. იუდა, იესო ქრისტეს მონა და იაკობის ძმა, – მოწოდებულთ, რომელნიც შეიყვარა მამა ღმერთმა და დაცულნი არიან იესო ქრისტესათვის.

2. წყალობა, მშვიდობა და სიყვარული გიმრავლოთ.

3. საყვარელნო, რაკიღა მთელი გულმოდგინებით ვცდილობ მოგწეროთ ჩვენი საერთო ხსნის თაობაზე, საჭიროდ ვცანი მომეწერა შეგონება: იღვწოდეთ რწმენისათვის, ერთხელ რომ მიეცა წმიდათ.

4. ვინაიდან შემოგვეპარნენ ზოგიერთნი, ადრიდანვე რომ ეწერათ ეს სასჯელი; უღმერთონი, გარყვნილებად რომ აქციეს ჩვენი ღვთის მადლი და უარყოფენ ჩვენს ერთადერთ მბრძანებელსა და უფალს იესო ქრისტეს.

5. მინდა შეგახსენოთ, თუმცა ყველაფერი იცით, რომ ღმერთმა ეგვიპტის ქვეყნიდან იხსნა თავისი ხალხი, შემდეგ კი შემუსრა ურწმუნონი.

6. ხოლო ანგელოზები, რომლებმაც არ დაიცვეს თავიანთი დასაბამიერობა, არამედ დაუტევეს თავიანთი სავანე, საუკუნო ბორკილებით შეკრულნი, ქვესკნელის წყვდიადში გამოამწყვდია რათა განეკითხა დიად დღეს.

7. ისევე, როგორც სოდომი, გომორი და მათი მოსაზღვრე ქალაქები, მათსავით მემრუშენი და უცხო ხორცს ადევნებულნი, საუკუნო ცეცხლით დასჯილნი და ნიმუშად დადებულნი.

8. იგივე ელით ამ მეოცნებეთაც, რომელნიც ბილწავენ ხორცს, მთავრობათა უარმყოფლებსა და დიდებათა მგმობელთ.

9. მიქაელ მთავარანგელოზმა, ეშმაკს რომ ეპაექრებოდა მოსეს სხეულის გამო, ვერ გაბედა გმობის მსჯავრი წარმოეთქვა მის მიმართ, არამედ თქვა: შეგრისხოს უფალმა!

10. ისინი კი ჰგმობენ იმას, რაც არ იციან, ხოლო რაც ბუნებით იციან, როგორც უგონო პირუტყვებმა, იმითვე იხრწნიან თავს.

11. ვაი მათ, რადგან კაენის გზას დაადგნენ, საზღაურისთვის აჰყვნენ ბალაამის საცთურს და ურჩობით დაიღუპნენ, როგორც კორე.

12. ისინი არიან თქვენი სიყვარულის სერობათა შემბილწველნი, დაურიდებლად რომ ილხენენ თქვენთან ერთად და თავიანთ თავს მასპინძლობენ; უწყლო ღრუბელნი, ქარის მიერ მიმოფანტულნი, შემოდგომის უნაყოფო ხენი, ორგზის გამხმარნი, ფესვებითურთ ამოძირკვულნი;

13. ზღვის მძვინვარე ტალღები, თავიანთივე სირცხვილით აქაფებულნი, ცთომილი ვარსკვლავნი, რომელთათვისაც საუკუნოდ გამზადებულია ბნელეთის უკუნი.

14. მათთვის იწინასწარმეტყველა ენოქმა, მეშვიდემ ადამის შემდეგ, რომელმაც თქვა: აჰა, მოვიდა უფალი მისივე წმიდათა სიმრავლით,

15. რათა განსაჯოს ყველანი და ამხილოს უღმერთონი მათივე უღვთო საქმეთა და ღვთისმგმობლურ სიტყვათა გამო, მის მიმართ რომ იტყოდნენ უღვთო ცოდვილნი.

16. ისინი არიან მდრტვინავნი, მოდავენი, თავიანთ გულისთქმას აყოლილნი, მაღალფარდოვნად მოუბარნი და – ანგარების გამო – პირფერნი.

17. თქვენ კი, საყვარელნო, გახსოვდეთ სიტყვები, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოციქულთა მიერ წინასწარ თქმული.

18. ისინი გეუბნებოდნენ, რომ უკანასკნელ ჟამს მოვლენ მკრეხელნი, თავიანთი უკეთური გულისთქმისამებრ მავალნი.

19. ესენი არიან განხეთქილების მიზეზნი, მშვინვიერნი, სულის არმქონენი.

20. ხოლო თქვენ, საყვარელნო, უწმიდესი რწმენით დაიმკვიდრეთ თავი, ილოცეთ სულით წმიდით.

21. ღვთის სიყვარულით დაიცავით თავი და ელოდეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს წყალობას საუკუნო სიცოცხლისათვის.

22. ზოგიერთ მეჭველს სწყალობდეთ.

23. ზოგიერთი ცეცხლს გამოსტაცეთ და იხსენით: ზოგის მიმართაც შიშნარევი სიბრალული გქონდეთ. გძულდეთ ხორცისაგან შებღალული თვით სამოსელიც.

24. ხოლო ვისაც შეუძლია დაცემისაგან დაგიცვათ და უმწიკვლონი სიხარულით დაგადგინოთ თავისი დიდების წინაშე,

25. ღმერთს, ერთსა და ბრძენს, მაცხოვარს ჩვენსას უფალ იესო ქრისტეს მიერ, დიდება და სიდიადე, ძალა და ხელმწიფება, აწ და მარადის, უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება