წმინდა ქრისტინე
წმიდა მოწამე ქრისტინე (გ. 304) — IV საუკუნის ქრისტიანი წმინდანი. მართლმადიდებლები მოიხსენიებენ 6 აგვისტოს (ძველი სტილით 24 ივლისს).
წმინდა ქრისტინე | |
---|---|
დაიბადა |
III საუკუნე Bolsena |
გარდაიცვალა |
304 Bolsena |
ხსენების დღე | 24 ივლისი |
ცხოვრება და მოღვაწეობა
რედაქტირებაწმიდა მოწამე ქრისტინეს მამა - ურბანოსი ქალაქ ტვირის მმართველი იყო. თერთმეტი წლის ასაკს მიწევნული ქალწული საოცარი მშვენიერებით გამოირჩეოდა და მრავალს სურდა მასზე დაქორწინება, მაგრამ მამა ნეტარს ქურუმად ზრდიდა. მან ქრისტინე საგანგებოდ აგებულ საკერპო შენობაში გამოკეტა და უბრძანა, ეკმია კერპებისათვის. ასულს ორი მხევალი ემსახურებოდა.
მარტოობაში მყოფმა ქალწულმა დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ ვინ შექმნა ეს მშვენიერი სამყარო. თავისი ოთახის სარკმლიდან იგი შესცქეროდა ვარსკვლავებით მოჭედილ ზეცას და თანდათანობით მიდიოდა დასკვნამდე, რომ ყველაფერ არსებულს ერთი შემოქმედი ჰყავს. იგი მიხვდა, რომ კერპებს არ შეეძლოთ რაიმეს შექმნა, რადგან თავად იყვნენ შექმნილნი ადამიანთა ხელით, და იგი ცრემლიანი ლოცვებით შესთხოვდა ერთ ჭეშმარიტ ღმერთს, გაეცხადებინა მისთვის საკუთარი თავი. ნეტარის სული თანდათან შეუცნობელი უფლის მხურვალე სიყვარულით აღივსო და უმატა გულწრფელ ლოცვა-ვედრებასა და მარხვას.
ქრისტინეს უფლის ანგელოზი გამოეცხადა და ჭეშმარიტ სარწმუნოებაში დამოძღვრა. მან ასულს ქრისტეს სასძლო უწოდა და ისიც უწინასწარმეტყველა, რომ უფლის სახელისთვის წამების დათმენა მოუწევდა. ამის შემდეგ წმიდანმა ირგვლივ აღმართული წარმართულ ღვთაებათა ყველა ქანდაკი შემუსრა და ფანჯრიდან გადაყარა. როცა მამამ, ურბანოსმა შვილი მოინახულა, გაოცებულმა იკითხა, კერპები სად გაქრნენო. ქრისტინე დუმდა. მმართველმა მხევლებს მოუწოდა, მათგან შეიტყო სიმართლე და, გაგონილით გონდაკარგულმა, ბრძანა, დაეხოცათ შვილის მხევლები, თავად ქრისტინე კი საშინელი წამების შემდეგ დილეგში ჩააგდო. როცა დედამ შეიტყო მომხდარი, მოთქმითა და ტირილით მიეახლა შვილს და სთხოვა, მამაპაპურ სარწმუნოებას დაბრუნებოდა. მაგრამ ქრისტინე შეურყეველი დარჩა. მეორე დღეს ურბანოსმა მოუხმო ასულს, კიდევ ერთხელ შეეცადა, კერპების თაყვანისცემაზე დაეყოლიებინა, თან დანაშაულის პატიებასაც ითხოვდა, მაგრამ ყველაფერი ამაო იყო: ქრისტეს ტარიგი ურყევად სასოებდა მაცხოვარს.
მტარვალებმა რკინის ბორბალზე დააკრეს ნეტარი და ქვეშ ცეცხლი შეუნთეს. ყოვლადდასაწველი მსხვერპლივით ყოველმხრივ ედებოდა ალი კოცონზე მბრუნავ წმიდანის სხეულს. ბოლოს, ნაწამები, კვლავ საკანში გამოკეტეს.
ღამით ქრისტინეს ანგელოზმა დაუამა წყლულები და საზრდელით განამტკიცა. გამთენიისას ურბანოსმა სასწაულებრივ განკურნებული ასული რომ იხილა, განკარგულება გასცა, ზღვაში ჩაეხრჩოთ იგი, მაგრამ ფსკერისკენ მხოლოდ წმიდანის კისერზე გამობმული ლოდი დაექანა, თავად უფლის მხევალი კი, ღვთაებრივი ძალით ამსუბუქებული, სასწაულებრივ გავიდა ნაპირზე და მამის წინაშე წარდგა. შეძრწუნებულმა მტარვალმა ყველაფერი ჯადოქრობას მიაწერა და გადაწყვიტა, დილით სიკვდილით დაესაჯა ქრისტინე, მაგრამ საკვირველი და მიუწვდომელია ღვთის განგებულება: იმ ღამით თავად მიიცვალა. მის ნაცვლად დანიშნულმა ახალმა მმართველმა, დიონმა იხმო მოწამე და შეეცადა, ქრისტეს უარყოფაზე დაეთანხმებინა, მაგრამ როცა ვერაფერს გახდა, ახალი სატანჯველი დაატეხა მას თავს. წმიდა ქრისტინე დიდხანს ჰყავდათ დილეგში გამომწყვდეული. მნახველები აღწევდნენ მასთან და მისი მადლმოსილი სიტყვებით გონებაგანათებულნი, ადიდებდნენ ჭეშმარიტ ღმერთს: ნეტარმა სამი ათასამდე ადამიანი მოაქცია ქრისტიანობაზე.
დიონის შემდეგ ტვირის მმართველად იულიანე დაადგინეს. მან განაახლა წმიდა ქრისტინეს წამება, ბოლოს კი, მრავალგვარი სატანჯველით ვნებული ასულის გახურებულ ღუმელში შეგდება და გამოკეტვა ბრძანა. ხუთი დღის შემდეგ ღუმელის კარები გააღეს და უფლის რჩეული ცოცხალი და უვნებელი იხილეს. აღსრულებული სასწაულების მრავალი მოწმე ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცა, უღმრთო მტარვალებმა კი ქრისტეს სასძლოს თავი მოჰკვეთეს.
ლიტერატურა
რედაქტირება„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.