წმინდა სოფრონ ახტალელი

წმინდა სოფრონ ახტალელი (საერო სახელი სვიმეონი; დ. 1738, დაბა ლოციონი, დერენის რაიონი, პონტოს პროვინცია — გ. 1803) — საქართველოს და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოთა მღვდელმთავრის, ბერძნული ეკლესიის მიერ კანონიზირებული წმინდანი. ახტალის საეპიკოპოსო კათედრა ეკავა 1777-1794 წლებში.

ცხოვრება და მოღვაწეობა რედაქტირება

დაიბადა მღვდლის ოჯახში. მამას გიორგი სურტარიდისი ერქვა, დედას — ბარბარე. მას ჰყავდა ოთხი და და ხუთი ძმა. ძმა დიმიტრი, რომელიც სოფრონის შემდეგ დაიბადა, ასევე მღვდელი იყო.

ახალგაზრდობიდანვე სვიმეონი ღვთისადმი მხურვალე სიყვარულით აენთო, განსაკუთრებით ბერული ცხოვრებისადმი. ადრეული ასაკიდანვე იგი მორჩილის ხარისხში მოღვაწეობდა ხუტურის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერში. სამი თვის შემდეგ ის გადავიდა სუმელას მონასტერში. სამი წლის მორჩილებითი მსახურების შემდეგ კი ვაზელონის მონასტერში, სადაც მორჩილებაში დაუდგა თავის ნათესავს, იქაურ მოღვაწე მელეტიოსს.

ამ სამ მონასტერში ცხოვრების შემდეგ, სვიმეონი აღიკვეცა ბერად სოფრონის სახელით. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ის აკურთხეს მღვდლად. ამის შემდეგ, სოფრონი უფრო მეტი მოშურნეობით შეუდგა ბერულ ცხოვრებას. 1776 წელს მონასტერში შვიდწლიანი გამოცდილი მოღვაწეობის შემდეგ, იღუმენმა ეგნატემ იგი ივერიაში ახტალის მაღაროთა დასახლებაში წარგზავნა. იქ ივერიის მეფის მოპატიჟებით, ხალდიიდან დასახლდა 500-ზე მეტი მეტალურგის ოჯახი.

ივერიაში ცხოვრებისას სოფრონიმ თავისი პატიოსნებით და რაც მთავარია სათნო ცხოვრებით, სიყვარული და პატივისცემა მოიპოვა, არა მარტო თავისი თანამემამულეებისაგან, არამედ ადგილობრივი მმართველისაგანაც. მმართველი მას დაჟინებით სთხოვდა, რომ ეპისკოპოსობის ხარისხი მიეღო ბერძენი მეტალურგებისათვის. სოფრონი უარობდა მიეღო ასეთი მაღალი სასულიერო წოდება, ერთის მხრივ იმიტომ, რომ თავს უღირსად მიიჩნევდა და მეორეს მხრივ, კი მას არ ჰქონდა მონასტრიდან საამისო კურთხევა. მაშინ მმართველმა და ადგილობრივმა ბერძნებმა გაგზავნეს მონასტერში ელჩები რომ მიეღოთ დასტური ამ საქმისთვის. მონასტერში მამებმა მოითათბირეს, რის შემდეგაც თხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა. ასე, რომ 1777 წ. 29 ოქტომბერს წმ. სოფრონი ხელდასხმულ იქნა ახტალის ეპისკოპოსად, მის საეპისკოპოსო მმართველობაში შევიდა ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის ტაძარი.

ეპსიკოპოსი სოფრონი ეპარქიას მართავდა 1794 წლამდე, სანამ დაღესტნიდან მაღაროებს თავს დაესხა ლეზგინების მრავალრიცხოვანი ჯარი. მათ უმოწყალოდ ამოწყვიტეს ადგილობრივი მოსახლეობა, დაიპყრეს ახტალა და ტყვედ წაასხეს ცოცხლად დარჩენილნი. ისინი გარს შემოერტყნენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარს, რომელშიც სოფრონიმ ხალხი შეიყვანა. ლეზგინები ტაძარში შევარდნენ და უმრავლესობა ხმლით მოსრეს, ხოლო ნაწილი კი ტყვედ აიყვანეს, მათ შორის ეპისკოპოსი სიფრონიც. ლეზგინებმა თავისი წესის თანახმად ტყვეები გაყიდეს კავკასიის სხვადასხვა ქალაქებში. გზაში ისინი აწამებდნენ სოფრონის, თუმცა ბოლოს ერთმა ქალმა გამოისყიდა და გაგზავნა გემით ტრაპიზონში.

1796 წელს როცა გარდაიცვალა ტრაპეზუნის მიტროპოლიტი დოროთე და მიტროპოლიტის ტახტი დაქვრივდა, მაშინ გამორჩეულმა ქალაქელებმა, იმდროინდელი არსებული მათი საეპარქიო წესის თანახმად, ახტალის ყოფილი ეპისკოპოსი სოფრონი აირჩიეს მიტროპოლიტად. ამ ეპარქიაში არჩევნებთან დაკავშირებული დეტალები არ არის ცნობილი, სოფრონი იყო არჩეული და თანახმაც იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა იგი ტრაპიზუნდის მიტრიპოლიტი არ გახდა, დოროთეს მემკვიდრე გახდა პართენი ტრიპოლელი. უთანხმოებების მიუხედავად სოფრონი დაემორჩილა ღვთის ნებას, და დაბრუნდა ვაზელონის მონასტერში, სადაც გადაწყვიტა, რომ გაეტარებინა დარჩენილი ცხოვრების წლები მდუმარებასა და სულიერ ღვაწლში. მონასტრის აღმოსავლეთ მხარეს სოფრონიმ აიშენა კელია, რომელიც იქ იდგა 1904 წლამდე „მეუფის კელიის“ სახელწოდებით. კელიის შიგნით იყო კანკელი, ხოლო უკანა მხარეს იყო ეპიგრაფიკა: „წინასწარ მოაწყო განსასვენებლად უბადრუკმა ახტალის ეპისკოპოსმა სოფრონიმ“. 1904 წელს როცა ეს კელიები დაინგრა, კანკელი გადატანილ იქნა მონასტრის ერთ-ერთ კელიაში.

მონასტერში იმდროინდელ იღუმენ იერემიას მხრიდან გაუთავებელი უთანხმოების გამო მოუწია მონასტრის დატოვება და დაბრუნდა სამშობლოში. წმინდანის მონასტრიდან წასვლის შემდეგ, მალევე იერემიას დაემართა კრუნჩხვა, იგი იძულებული შეიქმნა უსამართლობის აღმოფხვრის მიზნით, გაეგზავნა მდევარი, რომ წმინდანისთვის ეთხოვათ მონასტერში დაბრუნება. მდევრები წმინდანს ლოციონში შეხვდნენ, მაგრამ მან უარი განაცხადა, იმის შიშით რომ იერემია ისევ განიმსჭვალებოდა მის მიმართ შურით. მდევრები ხელმოცარულნი დაბრუნდნენ. სამი წელიწადი იტანჯებოდა იერემია თავის ტვინის დამბლით, მისი სხეული იხრწნებოდა და 1805 წელს იგი გარდაიცვალა.

წმინდა სოფრონიმ დარჩენილი ცხოვრება გაატარა თავის სამშობლოში, უმწიკვლოდ, სიწმინდეში და ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა 1803 წელს. მისი პატიოსანი სხეული მიაბარეს მის მიერვე განახლებულ სამრევლო ეკლესიის სასაფლაოს. წმ. სოფრონის წმინდა ნაწილების ამოსვენება მოხდა 1824 წ. ეს ამბავი ასე მოხდა: მისი ბიძაშვილის, მღვდელ ხარლამპის ცოლი განუკურნებელი სენით დაავადდა. წლების მანძილზე ქალი ლოგინს იყო მიჯაჭვული. ერთ ღამეს მას სიზმრისეულად გამოეცხადა ჭაღარა, ბრწყინვალე სამოსში გამოწყობილი მამაკაცი და უთხრა მას, რომ წმ.სოფრონის საფლავიდან აეღო წმინდა ნაწილები, მოეყვანა სამი მღვდელი და წმინდა ნაწილებით ეკურთხებინათ წყალი მისი განკურნებისათვის. ცოლმა ქმარს მოუყვა ხილვის შესახებ. 1824 წ. 20 დეკემბერს მღვდელმა ხარლამპიმ ორ მღვდელთან ერთად ამოასვენა წმ. სოფრონის ნაწილები. ფოფოდიამ დალია თუ არა წყალი, სრულად განიკურნა, ისე რომ, თითქოს საერთოდ არც ყოფილა ავად.

სურნელოვანი და მადლით სავსე წმინდა ნაწილები მღვდელმა ხარლამპიმ უჩვენა ქალდიის წინამძღვარს სილვესტროსს, რათა მისგან რჩევა მიეღო, მაგრამ მიტროპოლიტმა სასტიკი საყვედური გამოუცხადა, რაგდან მათ უწმინდესისა და მისი ნებართვის გარეშე ამოასვენეს წმინდა ნაწილები. სილვესტროსმა ბრძანა, რომ ნაწილები ისევ საფლავში ჩაებრძანებინა მღვდელ ხარლამპს და ეს შესრულდა კიდეც. 8 სექტემბერს, შუაღამისას წმ. სოფრონის საფლავზე ზეცამდე აღიმართა თვალისმომჭრელი, საოცარი ნათების სვეტი. ამ ნათების შემყურე განსაკუთრებით სნეულები მიიჩქაროდნენ, რათა შეხებოდნენ და განკურნებულიყვნენ და ეს ასეც მოხდა. 11 იანვარს მიტროპოლიტი სილვესტროსი სუმელის მონასტერში იმყოფებოდა, სადაც ავად გახდა. მან თავისი ჯანმრთელობა წმ. სოფრონის შეავედრა და სასწაულებრივად განიკურნა, რის შემდეგაც უკვე საზეიმოდ გამოცხადა სოფრონი წმინდანად, ხოლო მისი ნაწილები მაკურნებელად. ამგვარად, წმინდანის ხსენების დღედ დადგინდა 8 სექტემბერი, მაგრამ რადგან ამ დღეს იზეიმება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობა, საეკლესიო კალენდარული წესის შესაბამისად, მისი ხსენება გადატანილ იქნა წინა დღეს – 7 სექტემბერს .

ვაზელონის მონასტრის მამებმა შეიტყვეს რა, სოფრონის შესახებ ყოველივე, შესთხოვეს ხალდიის მიტროპოლიტს სილვესტროსს და წმ. სოფრონის ნათესავებს, რათა წმინდა ნაწილები გადაეცათ მონასტრისთვის, რადგან ის იყო ამ საძმოს წევრი. ნათესავებმა გადასცეს მონასტერს წმინდანის თავი და მარჯვენა ხელი, ხოლო დანარჩენი ნაწილები შეინახეს მის ნათესავთან, მღვდელ ლაზარესთან. 1880 წ. წმინდა ნაწილები ჩააბრძანეს ვერცხლის სანაწილეში. სანაწილე დაამზადა იღუმენმა ელისემ და იგი ინახებოდა ვაზელონის მონასტერში 1922 წლამდე, შემდეგ კი გადასვენდა და დღემდე დაბრძანებულია კონსტანტინოპოლის წმ. გიორგის სახელობის საპატრიარქო კათედრალურ ტაძარში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • წმიდა სოფრონი ახტალელი, ერევანი, 2010, გვ. 13-20 (სომხურ ენაზე)

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება