წმინდა მერკური - მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 24 ნოემბერი, ახალი სტილით - 7 დეკემბერი.

წმინდა მერკური

ბიოგრაფია

რედაქტირება

დიდმოწამე მერკური წარმოშობით სკვითი იყო და მხედრად მსახურობდა რომაელთა ლაშქარში. უსჯულო იმპერატორმა დეციუსმა (249-251) გამოსცა კანონი, რომელიც რომის მოქალაქეებისგან წარმართული ღვთაებების თაყვანისცემას მოითხოვდა, ქრისტიანებს კი სასიკვდილო სასჯელით ემუქრებოდა. ამ დროს იმპერიას ბარბაროსები დაესხნენ თავს და დეკიუსმა ლაშქრი შეკრიბა მათთან საბრძოლველად. ერთ-ერთი ბრძოლის დროს წმინდა მერკურის უფლის ანგელოზი გამოეცხადა, მახვილი გაუწოდა და უთხრა: „ნუ გეშინია, მხნედ შეებრძოლე მტერს და როცა გაიმარჯვებ, არ დაივიწყო უფალი ღმერთი შენი“. წმინდა მეომარმა ამ მახვილით გაბედულად გაიკაფა გზა მოწინააღმდეგის ურდოებს შორის, ბარბაროსთა მეფეც მოკლა და რომაელებს გამარჯვება მოუტანა. მადლიერმა იმპერატორმა სიმამაცისთვის წმინდა მერკური უხვად დააჯილდოვა და მხედართუფროსად დანიშნა.

წმინდა მხედარს კვლავ გამოეცხადა უფლის ანგელოზი, შეახსენა, ვისგან ებოძა გამარჯვება და ღვთის სამსახურისკენ მოუწოდა. მაშინ წმინდა მერკურის მოაგონდა, რომ მამამისი, გორდიანე, ქრისტიანულ სარწმუნოებას აღიარებდა და თავადაც მოინათლა. მან უარი განაცხადა საზეიმო წარმართულ მსხვერპლშეწირვაში მონაწილეობაზე, რისთვისაც მრისხანე იმპერატორმა თავისთან მოიხმო. მერკურიმ დაუფარავად აღიარა, რომ ქრისტიანი იყო, უღმრთო თვითმპყრობელს ფეხებთან მიუგდო მეომრის სარტყელი და მანტია და მიწიერ პატივზე უარი განაცხადა. საპყრობილეში წმინდანს კვლავ გამოეცხადა ანგელოზი, განამტკიცა და მოუწოდა, ყოველგვარი სატანჯველი გაბედულად დაეთმინა ქრისტესთვის.

ნეტარი მარტვილი ცეცხლის ზემოთ გაჭიმეს, დანებით დასერეს და წკნელებით დაუნდობლად სცემეს. რამდენჯერაც ასე სასტიკად ნაწამები წმიდანი საპყრობილეში ჩააგდეს, იმდენჯერ სასწაულებრივი კურნება მიემადლა უფლისგან, რაც ქრისტეს სარწმუნოების უძლეველობას უმტკიცებდა უსჯულოებს. სიკვდილმისჯილ მერკურის თავად უფალი გამოეცხადა და აღუთქვა, რომ მალე დაიხსნიდა სატანჯველთაგან. დიდმოწამეს კაბადოკიის კესარიაში მოჰკვეთეს თავი. მისი პატიოსანი ცხედარი მირონისა და საკმევლის სურნელს აფრქვევდა და მრავალ სნეულს კურნავდა.

ნეტარმა მერკურიმ სიკვდილის შემდეგაც აღასრულა მხედრული სამსახური მიწიერი ეკლესიის სასიკეთოდ: მღვდელმთავარი ბასილი დიდი (ხს. 14 იანვარს) მხურვალედ ლოცულობდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის წინ და უსჯულო იმპერატორის, იულიანე განდგომილისგან (361-363) მართლმორწმუნეთა დახსნას ითხოვდა. ზეციურმა დედოფალმა შეისმინა მისი ვედრება და მედღესასწაულე ეკლესიიდან წმიდა მხედარი მერკური გამოგზავნა მებრძოლი ეკლესიის დასაცავად: ხატზე ყოვლადწმინდა მარიამის გვერდით აღბეჭდილი დიდმოწამის გამოსახულება გაქრა, შემდეგ კი კვლავ გამოჩნდა გასისხლიანებული მახვილით ხელში. სწორედ ამ დროს სპარსელებთან ომში იულიანე განდგომილი სასიკვდილოდ დაჭრა უცნობმა მეომარმა, რომელიც იმავ წამს გაუჩინარდა. სულთმობრძავი ღვთისმგმობელის უკანასკნელი სიტყვები იყო: „შენ გაიმარჯვე, გალილეველო!“

ლიტერატურა

რედაქტირება

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.