იულიანე სორელი

(გადამისამართდა გვერდიდან წმინდა იულიანე)

წმინდა იულიანე, იულიანე სორელი — II საუკუნის ქრისტიანი წმინდანი. ხსენების დღეა 10 აგვისტო (ძველი სტილით 28 ივლისი).

იულიანე სორელი
დაიბადა II საუკუნე
დალმაცია
გარდაიცვალა 140 ან 150
სორა
ხსენების დღე 27 იანვარი

ცხოვრება და მოღვაწეობა

რედაქტირება

წმიდა მოწამე იულიანე ანტონინუს პიუსის (138-161) მეფობის დროს ეწამა იტალიაში, კამპანიის პროვინციაში. მმართველმა ფლაბიანემ განკარგულება გასცა, მოეძებნათ ქრისტიანები და მის წინაშე წარედგინათ. სწორედ ამ დროს ჩავიდა იქ დალმაციიდან ქრისტიანი ჭაბუკი იულიანე და შემხვედრ მეომრებს თბილად მიესალმა: „მშვიდობა თქვენდა, ძმებო!“ პასუხად სადაურობა და აღმსარებლობა გამოჰკითხეს ნეტარს. მაცხოვრის სახელისთვის წამებისა და სიკვდილის მაძიებელმა ყმაწვილმაც დაუფარავად აღიარა ქრისტე. მხედრები გააოცა მისმა ვაჟკაცობამ, მაგრამ მაინც შეიპყრეს და მმართველს მიჰგვარეს, თან ეუბნებოდნენ: „ვნახოთ, მართლა გინდა კი ჯვარცმულისთვის სიკვდილი?!“

იულიანე მხურვალედ ევედრებოდა უფალს, სატანჯველის ბოლომდე დათმენის უნარი მიემადლებინა მისთვის. წრფელი გულით აღვლენილი ლოცვა შესმენილ იქნა და ზეგარდმო გაისმა: „ნუ გეშინინ, იულიანე, მე შენთან ვიქნები და მოგანიჭებ ძალას და მხნეობას!“ ნეტარი ჭაბუკი დილეგში ჩააგდეს და შვიდი დღე უჭმელ-უსმელი ამყოფეს. უფლის ანგელოზი უზიდავდა საზრდელს და განამტკიცებდა აღმსარებელს.

მმართველმა ბრძანა, ხეზე მიეკრათ ჭაბუკი და ეგვემათ. ქრისტეს ტარიგმა კი ლოცვა დაიწყო და კვლავ ჩაესმა: „ნუ გეშინინ, იულიანე, მტკიცედ დეგ!“ ამის შემდეგ სულიერ ძალებგანახლებული მარტვილი ირგვლივ შემოჯარულ ბრბოს მიუბრუნდა: „სასმენელნი მომაპყარით, საბრალონო! თქვენივე ხელით ქმნილ კერპებს კი ნუ სასოებთ, ჭეშმარიტი, ცისა და ქვეყნის შემოქმედი ღმერთი სცანით!“ საოცარი ძალით წარმოთქმულმა ამ სიტყვებმა ოცდაათზე მეტი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. დილით, როცა იულიანეს წამება განაახლეს, ქალაქში ხმა გავარდა, სერაპისის ბომონი მასში აღმართული კერპითურთ დაიმსხვრაო. ყველანი გაოცდნენ, ქრისტიანებმა კი გაიხარეს და ადიდეს ჭეშმარიტი ღმერთი. წარმართებმა მომხდარი იულიანეს ჯადოქრობას მიაწერეს და მოითხოვეს, დაეჩქარებინათ მისი სიკვდილით დასჯა. მტარვალებმა გადაწყვიტეს, დამსხვრეული ბომონის ადგილას მოეკლათ ქრისტეს ტარიგი. აღსასრულის წინ მან მუხლი მოიდრიკა, ილოცა და კიდევ ერთხელ შეიქნა ღირსი უტკბესი ზეციური ხმის გაგონებისა, რომელიც სასუფევლისკენ მოუწოდებდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება