ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

წმინდა ელიკონიდა (გ. 244) — მართლმადიდებელი ეკლესიის ქალი წმინდანი, ხსენების დღე ძველი სტილით 28 მაისი, ახალი სტილით - 10 ივნისი.

ცხოვრება

რედაქტირება

წმინდა მოწამე ელიკონიდა ცხოვრობდა ქალაქ თესალონიკში III საუკუნეში. ქრისტიანთა დევნის დროს წმინდანი კორინთოში ჩავიდა და წარმართთა შორის ქრისტიანობის ქადაგება დაიწყო, რისთვისაც შეიპყრეს და ქალაქის მმართველ პერინიუსს მიჰგვარეს. წმინდა აღმსარებელი სასტიკად ცემეს და გახურებულ ღუმელში ჩააგდეს, მაგრამ ცეცხლიდან უვნებელი გამოვიდა. მმართველმა ჯადოქრობა დასწამა წმინდანს და კვლავ სატანჯველად გადასცა ჯალათებს, შემდეგ ბრძანა, შეეწყვიტათ წამება და ელიკონიდას პატივსა და ქურუმების წოდებას დაჰპირდა, თუ კერპთაყვანისცემის რიტუალს აღასრულებდა. მოულოდნელად წმინდანი დათანხმდა. გახარებულმა ქურუმებმა და ხალხმა ყიჟინით წაიყვანეს მოწამე სამსხვერპლოში და მისივე თხოვნით მარტო დატოვეს. ღვთის ნებით ელიკონიდა უეცრად გოლიათური ძალით აღივსო და ყველა კერპი დალეწა. შეძრწუნებულმა ქურუმებმა მისი სიკვდილით დასჯა მოითხოვეს. სასჯელის მოლოდინში საპყრობილეში გამომწყვდეულ წმინდა აღმსარებელს მაცხოვარი გამოეცხადა წმინდა მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების თანხლებით და წყლულებისაგან განკურნა. ხუთი დღის შემდეგ ელიკონიდასთან სამი დამშეული ლომი შეუშვეს, მაგრამ მხეცები მორჩილად მიუახლოვდნენ მას და ფეხები აულოკეს. გამხეცებული წარმართთა ბრბო მოითხოვდა, მოეკვდინებინათ წმინდანი. ლომები გამოცვივდნენ საკნიდან და ხალხს დაერივნენ. პერინიუსის ბრძანებით წმინდანს თავი მოჰკვეთეს. ეს მოხდა 244 წელს. ქრისტიანებმა პატივით დაკრძალეს მოწამის ნეშტი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.